"თითო ჩამშვები ყველგან ჰყავთ, ეს იცის ხალხმა და ვინ ამოიღებს ხმას?!" - ქართველი ემიგრანტები რუსეთში - კვირის პალიტრა

"თითო ჩამშვები ყველგან ჰყავთ, ეს იცის ხალხმა და ვინ ამოიღებს ხმას?!" - ქართველი ემიგრანტები რუსეთში

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ბევრმა რუსეთიდან გაქცევით უშველა თავს. საყოველთაო გაწვევის შემდეგ უიარაღო რუსების "დიდი არმია" მიაწყდა ევროპის ქვეყნებს,­ საქართველოს, სომხეთს... როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები დღეს რუსეთში, ამის გასაგებად ჩემს მეგობრებსა და ნაცნობებს დავუკავშირდი.

"აქ ჰაერიც კი დამძიმებულია"

მერი ხომერიკი (ექიმი): - საღმა ნაწილმა, ვისაც საშუალება გააჩნდა, უკვე გააღწია ამ დაწყევლილ ქვეყანას. მე და ჩემს ოჯახსაც გვინდა ბინის გაყიდვა და საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ბინების ფასი ძალიან დაეცა. მაკლერები გვეუბნებიან, რომ ზაფხულში მოიმატებს უძრავ ქონებაზე ფასი, მაგრამ მეეჭვება, რომელი ჭკუათამყოფელი იყიდის მოსკოვში ან სხვა ქალაქებში ბინას. 90-იან წლებში, როცა საქართველოში ცხოვრება გაჭირდა, ჩემმა შვილებმა კი მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარეს, გადავწყვიტეთ, მათ გვერდით ვყოფილიყავით. სწორედ მაშინ გავყიდეთ თბილისში ბინა და ახლა ძალიან ვნანობ. სულ ვფიქრობდი, რომ აი, ცოტაც და, თბილისში დავბრუნდებით-მეთქი, მაგრამ ამ ფიქრში წლები გავიდა. ახლა ჩემი შვილები გერმანიაში ცხოვრობენ. მე და ჩემი მეუღლე კი აქ ჩავრჩით. 63 წლის ვარ, მოსკოვის ერთ დიდ პოლიკლინიკაში ვმუშაობ თერაპევტად, არ ვიცი, ამ ასაკში ვიშოვი თუ არა საქართველოში ექიმის ადგილს, მაგრამ აღარ დავეძებ. ვერ ვიტყვი, რომ აქ ვინმე მავიწროებდა, მაგრამ დღეს ვითარება ძალიან დამძიმდა, - ნაწილი დაზაფრულია მომხდარით, მაგრამ ხმას ვერ იღებს, ნაწილი კი ჩასაფრებულია, რომ ვინმესგან რამე გაიგოს და სადაც ჯერ არს, მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია. ომის დაწყებიდან ერთ თვეში როგორც ქუჩებში, ისე სამსახურებშიც გამოხატეს პროტესტი. ვატყობდი, რომ ჩემი, როგორც ქართველი ექიმის, აზრი ბევრს აინტერესებდა. თანამშრომლების ვიწრო წრეში დავგმე ეს გაუმართლებელი ომი. ერთმა ხანდაზულმა ექიმმა (რევმატოლოგმა), რომელიც დედით უკრაინელი, მამით კი რუსია,­ აღშფოთებულმა თქვა, ეს ნაძირალები რას სჩადიან უკრაინაში, როდემდე უნდა ავიტანოთ ამ ხელისუფლების თავგასულობაო, და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ნათქვამი უყურადღებოდ არ დარჩებოდა. მართლაც, მეორე დღეს ის რევმატოლოგი გაათავისუფლეს, მე კი მთავარმა ექიმმა გამაფრთხილა, შენზედაც მოვიდა "დანოსი",\­ ამიტომ მეგობრულად გაფრთხილებ, ენას კბილი დააჭირეო... ამას წინათ, საღამოს ავტობუსით სამსახურიდან ვბრუნდებოდი. შევამჩნიე, ახალგაზრდა კაცი დაჟინებით მომჩერებოდა. ეტყობა, ჩემმა არასლავურმა გარეგნობამ გააღიზიანა. გაჩერებაზე კარი უნდა დაკეტილიყო, უცებ ხელი დამტაცა და გარეთ მისროლა. მუხლებით დავეხეთქე ასფალტზე, გაჩერებაზე მდგომნი გაოცებულნი მიყურებდნენ, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა დამეხმარა წამოდგომაში. სახლშიც და სამსახურშიც მითხრეს, უკრაინის ომის შემდეგ, სკინჰედების რიცხვი ერთიათად გაიზარდაო. მოკლედ, აქ სიტუაცია კი არა, ჰაერიც დამძიმებულია უკვე.

"რუსებს, არაფერს ვაბედვინებ"

დევი ხვადაგიანი (ბიზნესმენი): - დიდი ხანია მოსკოვში ვცხოვრობ და ვმუშაობ. მოსკოვში ვერავინ ბედავს ომის გაპროტესტებას, ათასობით ადამიანი დაიჭირეს, ზოგს სოლიდური თანხა გადაახდევინეს, ზოგი კი დღემდე ციხეშია. როგორც კი, ჩემი შვილი დაამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, ავიკრავთ გუდა-ნაბადს და საქართველოში დავბრუნდებით. ამას წინათ, რამდენიმე ქართველი ნაცნობი გამომეხმაურა, ვითომ გამეხუმრნენ, რანაირი პატრიოტი ხარ, რუსეთში რა გაჩერებსო? ძალიან გავბრაზდი. ბოდიში, რომ საბჭოთა კავშირის დროს დავიბადე და დავამთავრე მოსკოვის უნივერსიტეტი-მეთქი. აქ ბევრი ქართველია (გადაგვარებულებიც გვყავს), რომლებსაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირია. ვინც აქ ვცხოვრობთ, ისინი უფრო კარგად ვაცნობიერებთ,­ რომ არ შეიძლება "მოძმე და მართლმადიდებელ" რუსეთთან ყოფნა. რაც შეეხება რუსებს, არაფერს ვაბედვინებ და თუ შემთხვევით რამე წამოსცდებათ, ეგრევე ადგილს მივუჩენ ხოლმე.

ამას წინათ, საქმიანი შეხვედრა მქონდა­ რამდენიმე კაცთან, მათგან ორი რუსი იყო, ერთი ჩეჩენი და ერთიც სომეხი. ერთმა რუსმა თქვა, ამ ომს გამართლება არა აქვსო. სომეხმა კი თავი გამოიდო, მე ვამართლებ პუტინს, ამხელა იმპერიის პრეზიდენტია და ვერ შეეგუება სხვა ერების ამბიციას, იყვნენ დამოუკიდებლებიო. ისე გავცეცხლდი, ძლივს გამაგდებინეს ხელიდან.

"თითო ჩამშვები ყველგან ჰყავთ"

ეკა გაბუნია (ქართული რესტორნის შეფმზარეული): - რა თქმა უნდა, საქართველოში ყოფნა მირჩევნია, თუნდაც აქაური გასამრჯელოს ნახევარი მქონდეს. აქედან ბევრ ახლობელს ვეხმარები და ეს ერთგვარად მამშვიდებს. ჩემი შვილი ბანკში მუშაობს. ომის პირველივე დღეებში, ბანკის ხელმძღვანელობამ თანამშრომლები გააფრთხილა: თუ გინდათ სამსახური არ დაკარგოთ, ზედმეტი არ ილაპარაკოთო. თითო ჩამშვები ყველგან ჰყავთ. ეს იცის ხალხმა და ვინ ამოიღებს ხმას?!

"მალე დავბრუნდები..."

მანანა ბესელია (რესტორატორი): - ორი წლის წინ მოსკოვიდან ანაპაში გადავედი. ახლა ჩემი მეგობრები მოსკოვიდან მატყობინებენ, რომ საშინელი კონტროლია. არც ადრე იყო სიმშვიდე მოსკოვის ქუჩებში, ყოველ ნაბიჯზე აჩერებდნენ არასლავური გარეგნობის ადამიანებს, მაგრამ ომის მერე კონტროლი გაათმაგდა. ახლობელმა მიამბო, ამას წინათ პროდუქტების მაღაზიაში შევედი, დახლთან ბებია და მისი 13 წლის შვილიშვილი გოგონა (რუსები) იდგნენ. ბებომ მომატებული ფასები გააპროტესტა, წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, მაღაზიის ე.წ. ზედამხედველმა ადმინისტრატორის კაბინეტში შეიყვანა და კარგა ხანს არ გამოუშვა, შეშინებული გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა, გამოიყვანეთ ჩემი ბებია, არაფერი დაუშავებიაო. ბავშვს­ არ მოვცილებივარ, სანამ ბებო არ დაბრუნდა, ხალხმა კი გაპროტესტებაც ვერ გაბედა, ომის დაგმობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი...

ანაპაში ვერც იგრძნობთ, რომ რუსეთი­ ომობს. აქ უმეტესად სომხები არიან, მათ კი სიმშვიდე და ფულის კეთება ურჩევნიათ ყველაფერს. ანაპა საკურორტო ზღვისპირა ქალაქია და რესტორნები ყველა საეზონზე მუშაობს... მადლობა ღმერთს, აპრილის ბოლოს დავბრუნდები სამშობლოში.

P.S. მე კარგად ვიცი, მტრულ სახელმწიფოში ემიგრანტობა რა სიმწარე და ტკივილია. ღმერთმა ქნას, ჩვენი თანამემამულენი მშვიდობიანად დაუბრუნდნენ სამშობლოს.