რატომ გადმოდიან ქართულ მხარეს აფხაზი ახალგაზრდები
აფხაზური, ე.წ. სამთავრობო მედიის ცნობით, რაც დრო გადის, მეტი ახალგაზრდა ცდილობს "საქართველოში გადასვლასა და იქ დამკვიდრებას". პირველი და ყველაზე თამამი იყო ზაურ ბუავა, რომელიც დღესაც ცდილობს ყველას გააგებინოს, რომ აფხაზებს საქართველოს გარეშე მომავალი არა აქვთ. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აფხაზეთიდან გადმოსული ახალგაზრდა დამიკავშირდა. თბილისში რამდენჯერმე ყოფილა, ნათესავს ქართველ ექიმებთან ვიზიტებისას ახლდა, რა დროსაც თავად ნახა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის განსხვავება. 29 წლის დავით გამისონია სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. თბილისში პირველად 25 წლის ასაკში ჩამოვიდა და ძალიან გაუკვირდა, როდესაც ქართველებისგან მეგობრული დამოკიდებულება იგრძნო.
- წლების წინ ახლობელს გამოვყევი თბილისში, ექიმთან. მას ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებოდა და რამდენიმე თვით დავრჩით. როდესაც აფხაზეთში დავბრუნდი, ენგურს მიღმა მიღებულ შთაბეჭდილებებზე დაუფარავად ვისაუბრე და იმ დღიდან დაიწყო პრობლემებიც. ადგილობრივი ადმინისტრაცია ჩემი ოჯახის წევრებს ეუბნებოდა, რომ არასწორად ვიქცეოდი, როდესაც "მტრებზე ასე კეთილგანწყობით" ვსაუბრობდი. დედაჩემს უთხრეს, რომ სხვებიც დადიოდნენ თბილისსა და ქუთაისში სამკურნალოდ, მაგრამ "საქართველოს არ აპიარებდნენ". შემდეგ ისევ ჩამოვედით თბილისში და როდესაც სოხუმში დავბრუნდი, გამაფრთხილეს, ზედმეტი არ მელაპარაკა, თორემ პრობლემები შემექმნებოდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ისინი შინ მოდიოდნენ ან მირეკავდნენ და სხვადასხვა თემაზე მეკითხებოდნენ.
ერთ დღესაც სახლში მილიციის თანამშრომლები დამხვდნენ და დაკითხვა გამიმართეს - იარაღი მქონდა თუ არა, მარიხუანა თუ გამისინჯავს. თბილისი არ უხსენებიათ, მაგრამ მათი ვიზიტის მთავარი მიზეზი ეს იყო. რამდენიმე დღეში ისევ დამიბარეს. რუსი ტურისტების მანქანა გაძარცვეს, რამე თუ იცი ამაზეო... ყოველ ზაფხულს ასობით (ათასობით თუ არა) რუსი ტურისტის მანქანას ძარცვავენ, საოჯახო სასტუმროს ეზოში, ქუჩაში, ზღვის სანაპიროზე, ყველგან, სადაც კი მოიხელთებენ. წვრილმანი ქურდობა და ყაჩაღობა აფხაზი ახალგაზრდების შემოსავლის წყაროა. ბევრს არც აპატიმრებენ, ფულის მიტანის სანაცვლოდ უშვებენ. სკოლის ასაკში თანატოლებთან ერთად, სურსათის პატარა ჯიხურები გამიტეხია. თუმცა ერთხელ დრანდის ციხეში ახლობელი მივინახულეთ და მაშინ მივხვდი, რომ იქ თუ მოვხვდებოდი, ჩემი ცხოვრება დასრულდებოდა.
ერთმა ოფიცერმა გამაფრთხილა "მავნებლურ პროპაგანდას" შეეშვიო. ეგონათ, რასაც საქართველოზე ვამბობდი, ამაში ფულს ვიღებდი. რამდენიმე დღეში ისევ წავედი თბილისში. ბათუმშიც ჩავედით და მეგონა, ინტერნეტში ნანახ ევროპის რომელიმე წამყვან საკურორტო ქალაქში ვიყავი. "სთორიზე" რამდენიმე ფოტო და ვიდეო ავტვირთე. რამდენიმე წუთში ასობით ნახვა და გაზიარება ჰქონდა. თანატოლებმა უამრავი კითხვა დამაყარეს - მართლა ასეთი ლამაზიაო. აფხაზეთში რომ დავბრუნდი, რამდენიმე საათში ახლობელი გვესტუმრა, მირჩია, შენზე ძალიან დიდი ამბებია სოხუმის მილიციაში, ჯობია, აქაურობას გაერიდოო.
- ფოტოებისა და ვიდეოების ინტერნეტში ატვირთვისთვის?
- არა მარტო, პროპაგანდისტს მეძახდნენ. დარწმუნებული იყვნენ, რომელიღაც ქართულ არასამთავრობოში ვიყავი გაწევრებული. თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა. ეს იმ ადამიანების დამოკიდებულებიდანაც ჩანდა, ვისთანაც ადრე ვმეგობრობდი, შემდეგ ისინი საჯარო დაწესებულებებში დასაქმდნენ და ამრეზით დამიწყეს ყურება.
მოკლედ, რამდენიმე დღით გუდაუთაში, ახლობლის სახლში დავრჩი. ერთი კვირის შემდეგ გავიგე, რომ რუსი ტურისტის ჯგუფურად დაყაჩაღებაში, მისი მანქანის გაძარცვასა და დაჭრაში მედებოდა ბრალი. "გამოძიების ვერსიით" ფული მჭირდებოდა, ნაძარცვი კი "საქართველოში წავიღე და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა".
აფხაზეთში დიდი ხანია სომხური დიასპორა ძალიან აქტიურობს, რაც არ მოსწონს "ხელმძღვანელობას", მაგრამ მათ ფინანსურ გაძლიერებაში დიდი როლი მიუძღვით რუს პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა და სამხედრო პირებს, ასევე, სომხურ დიასპორას. დემოგრაფებმა ბოლო აღრიცხვა 2018 წელს ჩაატარეს, რომლის თანახმადაც, აფხაზეთში 244, 8 ათასი კაცი ცხოვრობს. მათგან 122,1 ათასი აფხაზია, 46,4 ათასი ქართველი, 41,8 ათასი სომეხი, 22,1 ათასი რუსი, 1,4 ათასი კი ბერძენი. თავადვე ამბობენ, რომ ეს კვლევა სანდრო არ არის, რადგან სინამდვილეში, სომეხი ბევრად მეტია, იმიტომ, რომ ბოლო ხანს მოსახლეობაში მათ მიმართ გაჩენილი აგრესიის გამო სომხების დიდი ნაწილი აფხაზურ გვარს იღებს, რათა უმაღლესი თანამდებობებისკენ გზა გაიკაფონ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სომეხი ჩამოვიდა. კერძო ორგანიზაციების გათვლით, მათი რაოდენობა 60 ათასს აჭარბებს და ეს მაშინ, როცა აფხაზები იქაურობას ტოვებენ.
- რამდენიმე დღის წინ გალის რაიონის საოკუპაციო სოფელთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. რას შეიძლება ეს ემსახურებოდეს?
- გალის რაიონში აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოს დაცვის, უსაფრთხოების სამსახურისა და შს სამინისტროს ერთობლივი წვრთნები, აფხაზური მედიის ცნობით, "მაქსიმალურად მიახლოებულია კონტრტერორიზმისა და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ რეალურ ბრძოლასთან", სინამდვილეში სხვა ჩანაფიქრს ემსახურება. უსაფრთხოების მიზნით, ახალი სამხედრო-საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა დაიწყო. 70 ათასი რეზერვისტი ჰყავთ მომზადებული, რაც აბსურდია, რადგან ქვეყანაში ამ რაოდენობის ახალგაზრდა, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის ვარგისია, არ არის. ამასთან, სომხები, ისევე, როგორც რუსები, ქართველები და ბერძნები, არ გადიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს, შესაბამისად, რეზერვში ამ რაოდენობის ადამიანის მობილიზება ზღაპარია.
გალის რამდენიმე სოფელში, მათ შორის დიხაზურგასა და საბერიოში, რუსი სამხედროების მცირე ჯგუფები სამხედრო კარვებში არიან მობილიზებული. კი ამბობენ, რომ "აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის არიან საზღვართან განლაგებული", თუმცა მოსახლეობის ინფორმაციIით, რუსები რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის ენგურზე გადმოტანას აპირებენ. ლაპარაკობენ დამოუკიდებლობაზე, სინამდვილეში კი ყველაფერი "რუსეთთან მეტი დაახლოებისკენ" მიდის.
რუსი სამხედროები გალის მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თუ ადრე აფხაზი მესაზღვრეები მათ ენგურის ხიდზე მიმოსვლისას ფულს აწერდნენ, ან აფხაზური მილიცია ბიზნესწილებში უჯდებოდა, ახლა მათ უსაფრთხოებაზე თავად იზრუნებენ. გალელების გულის მოგებას ცდილობენ. იმავდროულად, გალელების ოჯახებში შედიან, სადაც ახალგაზრდა მამაკაცები ცხოვრობენ და ეკითხებიან, ბოლოს როდის იყვნენ საქართველოში, ეწევიან ან გაუსინჯავთ თუ არა მარიხუანა. თან შიშს თესავენ, თან სტაბილურობას ჰპირდებიან.
გალის მოსაზღვრე სოფლებში მოსალოდნელია პატარ-პატარა პროვოკაციები, დაკავებები, "დივერსიები" და "თავდასხმები", რომელთაც რუსი სამხედროები "აღკვეთენ". ასე ფორმდება "ორი მოკავშირის სამუდამო კავშირი".