სიღნაღის თეატრალური დასის თავბრუდამხვევი წარმატებები
1872 წელს პეტერბურგიდან ჩამოსულმა სამმა სტუდენტმა ქიზიყში, ქალაქ სიღნაღში, სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა. სახლი, სადაც სპექტაკლებს მართავდნენ, სიყვარულის ქალაქში ახლაც დგას. სიღნაღელ მაყურებელს პირველად ერისთავის "გაყრა" აჩვენეს. მას შემდეგ, დროდადრო, თვეებისა და ზოგჯერ წლის გამოშვებითაც, იმართებოდა სპექტაკლები. სამი წლის შემდეგ თავად სიღნაღელებმა გააგრძელეს ეს სასიკეთო საქმე და მნახველებისთვის ფასიანი გახადეს სპექტაკლები და შემოსავალს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცემდნენ. მე-20 საუკუნეში სიღნაღის თეატრის სცენაზე ბევრმა დიდმა მსახიობმა ითამაშა. წნორში კომუნისტებმა თავადი ვაჩნაძეების საფოსტო-საჯინიბო კულტურის სახლად გადააკეთეს და სპექტაკლებიც იქ იმართებოდა. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან კი სიღნაღის თეატრის დასი გასცდა საქართველოს. სიღნაღის მუნიციპალური თეატრის დირექტორი, მთავარი რეჟისორი მურად ვაშაკიძე 42 წელია ამ თეატრში მუშაობს.
- 1987 წელს ლატვიის ქალაქ მადონაში თეატრალურ ფესტივალზე მიგვიწვიეს. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებით ,,ცა რომ სარკე იყოს" წარვდექით მაყურებლის წინაშე. ფესტივალის ჟიურის ერთი წევრი, ებრაელი ქალი იყო. მას უთქვამს ლატვიელი რეჟისორისთვის, საოცარი სპექტაკლი გვაჩვენეს ქართველებმა და თქვენს თეატრშიც მიიწვიეთო. შემდეგ რიგაში დავდგით დუმბაძის პიესა. დასრულების შემდეგ დარბაზში სასწაული დატრიალდა - ატყდა ტაში, ყვავილების წვიმა. ვერ აღგიწერთ ისეთი ოვაციები გაგვიმართეს ლატვიელებმა.
სპექტაკლის სცენარი დრამატურგმა გურამ ბათიაშვილმა სპეციალურად ჩვენთვის დაწერა. წინასწარ ავუხსენი, რომ სცენარი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დუმბაძის ნაწარმოებების: "ბოშები", "მე ვხედავ მზეს", ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ნაწილისა და "მარადისობის კანონის" ნაზავი. ამ პიესით მინდოდა გაგვეცა პასუხი კითხვაზე: ვინ ვართ ქართველები?
- მერე, გაეცით კითხვას პასუხი?
- ვინ ვართ ქართველები რომ გავარკვიოთ, კრიტიკულ სიტუაციაში უნდა მოვხვდეთ. მშვიდობის დროს ადამიანის ამოცნობა რთულია, მაგრამ ომში კაცის ბუნებას არაჩვეულებრივად მიხვდები. სპექტაკლი ასე იწყება: ბავშვი გამორბის და იძახის, რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე ყოფილიყოო. ამ დროს მის თანასოფლელებს სძინავთ. როცა იღვიძებენ, იწყებენ ცეკვა-თამაშს და სცენაზე შემოდის სარდიონა. თანასოფლელი გააჩერებს და ეტყვის, რომ ომი დაიწყო. იდგმება ომის სცენა და ამ დროს ჩნდება უცნაურად ჩაცმული ადამიანი - თავზე ახურავს რომაელის ქუდი, გერმანელი ფაშისტების პერანგი, შარვალი ჯინსის აქვს, ფეხსაცმელი კი სპარტელების - ფლოსტზე დახვეული შნურით... ერთი სიტყვით, ამ ადამიანის სამოსით ყველა დროის ბოროტება ,,გავაცოცხლეთ". მაყურებელი მუსიკით ხვდება, რომ ომი დაიწყო. სცენაზე გამოდიან ბოშები, რომლებიც იპარავენ ყველაფერს, რისი მოპარვაც შესაძლებელია. მათ პოლიცია იჭერს და ატყობინებს ხალხს, მოდით და წაიღეთ თქვენი საქონელი, თან ამოიცანით ქურდებიო. მიდიან ოზურგეთელები პოლიციის განყოფილებაში, შეეცოდებათ გისოსებში გამოკეტილი ბოშები და პოლიციას ეუბნებიან, ამათ არ მოუპარავთ ჩვენი ნივთები, თავად ვაჩუქეთო. ამით ჩანს, რომ ქართველი მიმტევებელი ერია, ძნელბედობის ჟამსაც თქვეს მოპარული ნივთების დაბრუნებაზე უარი, სხვა რომ არ გაეუბედურებინათ. ასეთი უამრავი სცენაა, საიდანაც იკვეთება ქართველი ადამიანის ხასიათი.
ეს სპექტაკლი მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში ვითამაშეთ და ყოველთვის ტაშით ინგრეოდა დარბაზი.
- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?
- 33 ქვეყანა შემოივიარეთ. ხშირად ჩვენი ,,საფირმო სპექტაკლები" მიგვაქვს. მაგალითად, გურამ ბათიაშვილის ,,მოხეტიალე დასს" მხოლოდ ჩვენი თეატრი თამაშობს.
1989 წელს რუსმა რეჟისორმა იური ბაბკოვმა ჩელიაბინსკში გამართულ ფესტივალზე სიღნაღის თეატრიც მიიწვია. სპექტაკლით ,,ცა რომ სარკე იყოს" ფესტივალის ლაურეატები გავხდით. ამ ფესტივალზევე ვითამაშეთ ჩემი პიესა ,,ჩვენებურებიც", დავით კლდიაშვილის ,,ბაკულას ღორებისა" და შალვა დადიანის ,,გუშინდელნის" გაერთიანებული ვარიანტი. მე შევეცადე ამ სპექტაკლში რუსი ადამიანის ბუნება რომ დამეხატა. სპექტაკლი შავსა და თეთრ ფერებში იყო გაფორმებული, რაც ნიშნავდა, რომ საქართველოსთვის რუსეთთან დაკავშირების შემდეგ ფერადი ცხოვრება აღარ არსებობდა.
ცხადია, ბაბკოვმა იცოდა ამ სპექტაკლის შინაარსი, მაგრამ მის ჩვენებაზე უარი მაინც არ უთქვამს. მას დაწყებამდე შევუთანხმდით, თეატრის უკანა კართან უნდა გაჩერებულიყო ავტობუსი. თუ დარბაზში ექსცესები დაიწყებოდა, მე და ჩემი მსახიობები რომ გავცლოდით იქაურობას. რუსი მაყურებლის მკვეთრად უარყოფით რეაქციას ველოდებოდით, მაგრამ მქუხარე ტაშით დაგვაჯილდოეს. გვეუბნებოდნენ, თუ ასეთი ცუდები ვჩანვართ თქვენს თვალში, გვაპატიეთო. ერთმა ქალმა გვითხრა, სპექტაკლი მომეწონა, მაგრამ არ მესიამოვნა. ეს თუ სიმართლეა, შეგვინდეთ ცოდვებიო.
1988 წელს კანადაში პირველად ვიყავით გასტროლზე. ისევ ,,ცა რომ სარკე იყოს" წარვადგინეთ და ისე მოვეწონეთ კანადელებს, კიდევ სამჯერ მიგვიწვიეს. 2024 წელს მეხუთედ ვაპირებთ კანადაში წასვლას. პირველი კანადური ვოიაჟის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდა იმპრესარიო, რომელმაც საბჭოთა კავშირის თეატრები შემოიარა და ყველას სპექტაკლი ნახა. ცხადია, ჩვენც გვესტუმრა, ექვსი თვის შემდეგ კი მხოლოდ ჩვენ მივიღეთ კანადაში გამგზავრების უფლება. მე და გურამ ბათიაშვილს ღამეები არ გვეძინა. ვნერვიულობდით, მიხვდებოდა კი კანადელი მაყურებელი სპექტაკლის ჩანაფიქრს და აღიქვამდა სწორად 1941 წლის ომისდროინდელი მოვლენების ჩვენეულად გაშუქებას? თუმცა ამას ვინღა დაეძებდა, როცა გავიგეთ, რომ კანადის ფესტივალზე ინგლისის დედოფალი ელისაბედი მობრძანდებოდა პრინცესა დიანასთან ერთად. გვითხრეს, დედოფალს სურს, საკუთარი დაბადების დღეს სპექტაკლს დაესწროსო. ვემზადებოდით, როცა დაიძახეს, ყველანი ადგილებზე დარჩით, დედოფლის დაცვას შემოვლა აქვსო. სამი კაცი შემოვიდა ძაღლით, მოიარეს სცენა, შემდეგ დარბაზი და წავიდნენ. დედოფალი დარბაზის მეხუთე რიგში დასვეს, გვერდით დაიანა მიუჯდა, მეორე მხარეს კი სამეფო კარის წარმომადგენელი.
სპექტაკლი ისე იყო გაკეთებული, უცხოელებს ენის არცოდნის გამო შინაარსის აღქმა არ უნდა გასჭირვებოდათ. სპექტაკლი რომ დასრულდა და შუქი აინთო, ყველამ დავინახეთ დედოფლისა და დაიანას გაბრწყინებული სახეები. დაიანა ტაშით მივიდა მსახიობებთან - სოფიკო ლეკიშვილთან, მედეა სულხანიშვილთან, თან ამბობდა, ნუთუ ჩვეულებრივი მსახიობები ხართ, ასე კარგად როგორ ითამაშეთო?
თამაზ ბიბილურის პიესას ,,მთვარიანი ღამის სტუმრებს" სახელი შევუცვალე და ,,ვიღაცა გვეძახის" დავარქვი. ამ სპექტაკლით ვიყავით იტალიაში. ერთი ქალი დარბაზის მესამე რიგში იჯდა და მთელი სპექტაკლის განმავლობაში ტიროდა. როცა დავასრულეთ გამოსვლა, ჩავედი მასთან და ტირილის მიზეზი ვკითხე. გამიმხილა, რასაც დიდი ხანია თავად ვგრძნობ, თქვენ სცენაზე გადაგიტანიათო.
- როგორც ვიცი, ახლახან ჩამოხვედით მორიგი გასტროლიდან.
- რამდენიმე კვირის წინ ჟენევასა და ციურიხში ვიყავით, თეატრ ,,გელოეს" მიწვევით. ამჯერად ვაჩვენეთ სპექტაკლი ,,მოხეტიალე დასი", სადაც ბერიკებსა და გოგოსა და ბიჭის სიყვარულზეა აგებული მოქმედება. კანადაში ამ სპექტაკლს შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტას" ქართული ვარიანტი უწოდეს. სპექტაკლში ისიც არის ნაჩვენები, თუ როგორ იცავდნენ ქართველები სამშობლოს. დედის როლის შემსრულებელ ნანა ბუკიას კანადაში ჯილდოც გადასცეს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
სპექტაკლში უამრავი ხალხური სიმღერაა ფანდურისა და დოლის თანხლებით. სპექტაკლის შემდეგ მაყურებელთა უმრავლესობა დარბაზში დარჩა. თავდაპირველად ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, მაგრამ მერე კაცი გამოგვიგზავნეს, იქნებ კიდევ ერთი ქართული ხალხური სიმღერა გვიმღეროთო. მაყურებელი ცდილობდა ამოეცნო, რამდენი ხმა მღეროდა ერთად.
წელს დაგეგმილი გვაქვს გასტროლები იერუსალიმში. ქართველ ებრაელებს ,,მოხეტიალე დასს" წარვუდგენთ.
ნელი ვარდიაშვილი