"11 წელი ზღაპარში ვიცხოვრე და უცებ ყველაფერი გაქრა მიშასთან ერთად..." - 23 მარტი მიშა გომიაშვილის დაბადების დღეა - კვირის პალიტრა

"11 წელი ზღაპარში ვიცხოვრე და უცებ ყველაფერი გაქრა მიშასთან ერთად..." - 23 მარტი მიშა გომიაშვილის დაბადების დღეა

მესამე კურსზე ვიყავი. ფილმს ვიღებდი უდიდეს მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილზე და მინდოდა ვინმე ჩამეწერა, ვინც ბატონ ნოდარს ძალიან უყვარდა. ასეთი ადამიანი მისი პარტნიორი თეატრში და ცხოვრებაში გამორჩეული მეგობარი, მიშა გომიაშვილი აღმოჩნდა. როცა ვრეკავდი, ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, როგორ უნდა მიმემართა. ყურმილი რომ აიღო, გავისუსე, უცებ მესმის ხმა, გისმენთ, რადგან დამირეკეთ, ხმა გამეცითო. ძლივს ამოვთქვი, რაც მინდოდა და ზუსტად ერთ საათში ხმის ჩამწერ სტუდიაში მოვიდა და ერთი ამოსუნთქვით ჩაწერა წერილი, რომელიც ბატონ ნოდარს დაუწერა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება... 23 მარტი ბატონი მიშას დაბადების­ დღეა. გამორჩეულად უყვარდა ამ დღეს "არტის" თამაში. მის მეუღლეს, ქეთი კალანდაძეს დავურეკე, რომელიც დიდი სითბოთი დამთანხმდა ინტერვიუზე. იმ დღესვე შევეხმიანე მის ორ განუყრელ პარტნიორსა და მეგობარს, ზურა ყიფშიძეს და ალეკო მახარობლიშვილს. ინტერვიუც მიშა გომიაშვილის ოთახში ჩაიწერა:

ზურა ყიფშიძე:

- ყურადღება უყვარდა. მე შეიძლება ნერვებს მიშლის, მაგრამ მიშა ითხოვდა და გული სწყდებოდა უყურადღებობაზე. თუნდაც 60 წლის რომ გახდა, რატომ არ უნდა გამართულიყო ისეთი საღამო, როგორიც მას ეკადრებოდა?

გინდა მისტიკა დაარქვით და გინდათ სხვა რამ - მიშა რომ გარდაიცვალა, იმ წუთებში გაჩერდა საათი, რომელიც წლების წინ მაჩუქა და ხელიდან არ ვიცილებდი... ბიჭო, ასე თუ მიყვარდი, არ მეგონა... ჯერ თვალი დაიზიანა, მერე კიბეზე აძვრა, ჩამოვარდა და კუდუსუნის ძვალი მოიტეხა, მერე პნევმონია... და უცებ გაქრა კაცი... მაგას როგორ წარმოვიდგენდი, მე მიშას დავასაფლავებდი?! სულ ვფიქრობ, სულ ველაპარაკები და ერთი რამ მახსენდება. მიშიკოს ინსტიტუტის მერე ჩაქნეული ჰქონდა ხელი ყველაფერზე. წავიდა მამასთან მოსკოვში და ერთ დღეს აეროპორტში შეხვდა თემურ ჩხეიძე და უცბად "გააცოცხლა" კაცი. ჩამოიყვანა საქართველოში, მარჯანიშვილის თეატრში გააკეთა "მარადი ქმარი" და იმ დღის შემდეგ მეორედ დაიბადა მიშა. მერე იყო "მამა" და მერე დაიდგა "არტ-ხელოვნება", რომელიც 20 სეზონი ვითამაშეთ. ყოველთვის მის დაბადების დღეზე, 23 მარტს ვთამაშობდით. ახლახან სამჯერ ვითამაშე მარჯანიშვილში "ლირი" და "სასწრაფო" დამჭირდა, იმდენად გამიჭირდა იმ სცენაზე დადგომა... ჯერ თემური, მერე მიშა... თემური ისე შეგიყვანდა როლში, არც ფიქრობდი, ახლა როლს ვაკეთებო. ერთ დილას რეპეტიციაზე პახმელიაზე მოვიდა მიშა. ხელში უჭირავს­ კონიაკის ბოთლი. სამნი ვართ, მე, ზურა, მიშა და ჩვენ წინ მეოთხე თემური ზის. ძალიან ცუდად ვარ, რომ არ დავლიო, მოვკვდებიო. ამოიღო კონიაკის ბოთლი და დადგა მაგიდაზე. ახლა მე რეპეტიციას ვერ გავივლიო, და დაგვისხა კონიაკი. მერე თემურს ჭიქა მიუჭახუნა და გადაკრა. მიხვდა თემური, რომ ჭიდილს აზრი აღარ ჰქონდა და მეორე დღისთვის გადაიტანა რეპეტიცია. ეს სხვას რომ გაეკეთებინა, იქ ამბავი ატყდებოდა, მაგრამ მიშას ყველაფერი ეპატიებოდა. თემურმა რომ მოიყვანა თეატრში, ის პერიოდია, როცა ცოცხალ რიგში ვიდექით ხელფასების ასაღებად. დედაჩემი ყველას მიესალმა და ჩადგა ხელფასის რიგში. უცებ დაინახა მიშა, ვაიმე ჩემი გომიკოო, შესძახა და ზედიზედ რამდენჯერმე მიაყოლა, ჩემი გომიკოო, ჩემი გომიკოო. გაოგნებულია ხალხი, რა გომიკა, რის გომიკა? მერე უცებ მიხვდა დედაჩემი, რომ რაღაც ვერ თქვა და გამოასწორა, არა, კაცო, ეს ჩემი დიდი გომიკას პატარა გომიკააო. უნდა გენახათ, იქ რა ხდებოდა.

misha-1679227088.jpg

ალეკო მახარობლიშვილი:

- 30 წელზე მეტხანს ყოველდღე ერთად ვიყავით. "ყავას და ლუდს" ახლა რომ აჩვენებენ, იცით, როგორ ველოდები ყოველ საღამოს? იმიტომ, რომ მიშას ვხედავ. იმ წუთებში სულ იქ ვარ, იქ ვცხოვრობ... და აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ მე და ნინო ბურდული ვართ ცოცხლები. მსახიობების ის საოცარი ანსამბლი, ყველა წასულია.

არაფერი აკლდა, მაგრამ მაინც სულ რაღაც აწუხებდა, პირადი ტრაგედიები, რომლებიც მხოლოდ მან იცოდა. სულ ცოტა, 10 წელი რომ ეცოცხლა, რამდენ რამეს მოასწრებდა. მარტო­ ის სცენა რად ღირს, "აგვისტოს 5 დღეში" შვილს რომ უკლავენ. ენდი გარსიამ თქვა, სულ ორი სცენა მაქვს შვილის სიკვდილის ნანახი, რომელმაც შემძრა - ალ პაჩინო "ნათლიმამაში", როცა ქალიშვილს უკლავენ, და მეორე მიშა გომიაშვილის შესრულებული როლი "აგვისტოს 5 დღეში", როდესაც მიშას გმირს ასევე ქალიშვილს უკლავენო. ეს რამხელა აღიარებაა!

misha-gomiashvili-1668683830.jpg

ქეთი კალანდაძე (მეუღლე):

- სერიალი რომ დაიწყო, რომ იტყვიან, მივეპარე ტელევიზორს და ვიგრძენი, რომ ვკვდებოდი. მთელი ღამე ტირილში გავათენე. მეორე დღეს ვერ მოვითმინე, ჩავრთე და მას მერე ყოველღამე ვცდილობ კიდევ ერთხელ შევხედო მის ცისფერ თვალებს, მისი სიცილი დავინახო. ჩემი დიდი გულის კეთილი ბიჭი... სულ ვეძებ, სულ მინდა გამოჩნდეს. ერთხელ ფიქრებში­ გართული, ყვავილების მაღაზიაში შევედი. უცებ გამყიდველი მეკითხება, თქვენ ქეთი არა ხართ, მიშას მეუღლეო? დიახ-მეთქი, ვუპასუხე გაკვირვებულმა. ერთად შემოდი­ოდით ხოლმე და მერე მარტო რომ მოდიოდა, სულ თქვენზე გვიყვებოდაო. წამოვედი. სახლში შემოვედი და კარზე კაკუნია. გავაღე კარი და მათხოვარი დგას, ქეთი, თუ რამეში­ დაგჭირდით, აქა ვარ, თუ რაიმე გექნებათ გასაკეთებელი, მოგეხმარებით. ჩვენ ისე გვიყვარდა მიშა, ისე გვპატრონობდა, ეს ჩემგან მცირედიაო. სადაც ფეხი მივადგი, ყველგან მიშა მხვდება. ალბათ, ეს არის სახალხოობა.

"აგვისტოს 5 დღეში" შევხვდით ერთმანეთს. იმ დღეებში მაჩუქა სამაჯური, რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას თილისმასავით მოჰყვება. 11 წელი ზღაპარში ვიცხოვრე და უცებ ყველაფერი გაქრა მიშასთან ერთად...

ვენეციაში წავედით ფესტივალზე. დავდგით ფეხი თუ არა წითელ ხალიჩაზე­, ჟურნალ­ისტი ეკითხება, აქ არის სოფი ლორენი­ და რას ფიქრობთ მასზეო. მიშამ ერთი ახედა და უპასუხა, რას უნდა ვფიქრობდე, ნახეთ, როგორი გოგო მიდგას გვერდზეო.

სულ მაინტერესებდა, იქ როგორაა და მივიღე­ პასუხი: მამა მყავდა საოცარი ადამიანი. ექიმი, კარგი თბილისელი ბიჭი. ლევიკოს ვეძახდი. როდესაც მიშა გავიცანი, 2 წლის გარდაცვლილი იყო. მიშა სულ მეუბნებოდა, რატომ ვერ გავიცანი, მე და ლევიკო მაგარი ძმაკაცები ვიქნებოდითო... გარდაიცვალა მიშა და გასვენების მეორე დილას მირეკავს მეგობარი და მიყვება სიზმარს: მამაჩემი და ლევიკო მესიზმრა, მიშა ცოტა მოშორებით დგას, ესენი მაიმუნობენ. ხელში უჭირავთ ვაზის ყლორტები და მეუბნებიან, ჩვენ ახლა ერთი რამე უნდა გავაკეთოთო. მე დახმარ­ება შევთავაზე. წადი შენს გზაზეო, მითხრეს. რომ გამოვტრიალდი, ლევიკო მეძახის, ირინა, იცი, ჩემი სიძე ახლა ჩემთან არისო... ახლა იქ ერთად არიან...

რუსუდან შაიშმელაშვილი