"ლიკანში მცხოვრებმა ნიკოლოზ რომანოვმა "მორისი" პარიზიდან მძღოლიანად გამოიწერა... სენაკელი გვათუას ავტომანქანას მალე მოშურნეები გამოუჩნდნენ. უჩივლეს" - კვირის პალიტრა

"ლიკანში მცხოვრებმა ნიკოლოზ რომანოვმა "მორისი" პარიზიდან მძღოლიანად გამოიწერა... სენაკელი გვათუას ავტომანქანას მალე მოშურნეები გამოუჩნდნენ. უჩივლეს"

"საქართველოში პირველი საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი პირველად სამეგრელოში, სენაკში გამოჩნდა, - გვიამბობს ურბანისტი ედიშერ ბაღათურია, - ის 1907 წელს სენაკელმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ ჩამოიყვანა".

- ლიკანში მცხოვრებმა ნიკოლოზ რომანოვმა ათ ცხენისძალიანი და ოთხადგილიანი "მორისი" პარიზიდან მძღოლიანად გამოიწერა.... "უსტრო-აიმლერ"-ის მარკის მანქანა დიდი ზარ-ზეიმით გვათუამ თავად ჩაიყვანა სენაკში და თავის ნათესავ ჭიჭიკო იოსავასთან გააჩერა, თან იახლა თავადები - ფარნაოზ და ბარდალა მხეიძეები და ფოტოგრაფიც, რომელსაც სენაკში ზარ-ზეიმით შესვლა უნდა გადაეღო. შსს-ს არქივში დაცულ ამ ფოტოზე იმდროინდელი სენაკის მაზრის მმართველ ელიტასთან ერთად სწორედ ვარლამ გვათუა უნდა იდგეს წინა რიგში, ხელჯოხით ხელში.

ავტომანქანას მალე მოშურნეები გამოუჩნდნენ. იმავე დისტანციაზე მავალმა მეფურგონეებმა, მედილიჟნეებმა და მეეტლეებმა, რომლებსაც ახალი სატრანსპორტო საშუალება დიდ კონკურენციას უწევდა, გვათუას საგუბერნიო სააღმშენებლო განყოფილებაში უჩივლეს, ავტომობილი დღეში ორ-სამ კაცს ეჯახება და აუკრძალეთ მიმოსვლაო.

- მართლაც ამდენი მსხვერპლი იყო?

- როგორც იმ პერიოდის საგაზეთო მასალებიდან ირკვევა, "სინამდვილეში, არავითარი უბედური შემთხვევა არ ყოფილა, იმის გარდა, რომ ამ ორის კვირის წინად ავტომობილმა გასრისა ორი ღორი და ერთიც ძაღლი. მაგრამ ამის პასუხისმგებელი, რასაკვირველია, ავტომობილის პატრონია. ამ შუა ოქტომბერში კი, როცა ავტომობილი ერთ სადგურზე იყო გაჩერებული, ვიღაც ბოროტ-გამზრახველმა შინა (ავტომობილის თვალის რეზინი) გასჭრა, რის გამოც ავტომობილის მიმოსვლა ათი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. თითო შინა კი 200 მანათზე მეტი ღირს და ვერც იშოვნი ახალ-სენაკში, ბევრიც რომ ეცადო. დროა შეიგნონ, რომ ავტომობილის მიმოსვლა და საზოგადოდ მიმოსვლის გაუმჯობესება მისაბაძია და ყველა უნდა ეცადოს, რომ ხელი შეუწყოს, დაიფაროს, და არა ქამანდებით ძირს დასცეს და გაანადგუროს", - წერდა გაზეთი "სავაჭრო გზა", 1908 წლის 30 ოქტომბერს. სამწუხაროდ, "დანოსებმა" ნაყოფი მაინც გამოიღო და გვათუას 12 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით სიარული აუკრძალეს და მას დილიჟნების უკან უწევდა ჩანჩალი.

avto2-1679227501.jpg
2018 წელს სენაკის სადგურის მოედანზე ამ ავტომანქანასთან დაკავშირებული რეპლიკა-ინსტალაცია დაიდგა და დღეს ის სენაკის ურბანული გარემოს ერთ-ერთი საინტერესო ობიექტია, რომელიც ქალაქის ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ფურცელს აცოცხლებს

- სენაკის ცენტრში ისტორიული მანქანის სიმბოლური ინსტალაცია დგას...

- 2018 წელს სენაკის სადგურის მოედანზე ამ ავტომანქანასთან დაკავშირებული რეპლიკა-ინსტალაცია დაიდგა. მის განთავსებას წინ უსწრებდა ფართო საზოგადოებრივი განხილვა. სენაკელებს თავად შეეძლოთ განესაზღვრათ ისტორიული ავტოსატრანსპორტო საშუალებისადმი მიძღვნილი ინსტალაციის დიზაინი, ადგილმდებარეობა და სხვა პარამეტრები. გამორჩეული ავტომანქანის რეპლიკა-ინსტალაცია დღეს სენაკის ურბანული გარემოს ერთ-ერთი საინტერესო ობიექტია, რომელიც ჩვენი ქალაქის ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ფურცელს აცოცხლებს. მეც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში.

გაზეთ "ისრის" 1908 წლის 29 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული იყო ასეთი ინფორმაცია: "ვ. დ. გვათუას შუამდგომლობა აღუძრავს ნამესტნიკის წინაშე, ნება დართოს მოაწყოს საავტომობილო მიმოსვლა ზუგდიდსა და ახალ-სენაკს შორის", ხოლო 1908 წლის 10 აპრილის ნომერში გაზეთი "მერცხალი" წერდა: "კავკასიის ნამესტნიკმა ნება დართო აზნაურ ვ. დ. გვათუას გამართოს ზუგდიდსა და ახალ სენაკს შუა ძველი საერობო გზით ავტომობილური მიმოსვლა".

"ამ გზაზედ დილიჟნებიც დადის, მაგრამ სად ავტომობილით სწრაფი მიმოსვლა და სად დილიჟნებში რახა-რუხი. დილიჟანი სამ საათსა და ხშირად ოთხზე მეტსაც უნდება ამ გზას, და ფასს ახდევინებენ ერთ მანეთს, მაშინ როდესაც ავტომობილი სწრაფიც არის, მოხერხებულიც, სასიამოვნოცა და იხდიან მხოლოდ 1 მან. 20 კაპ. ასე რომ განსხვავება მხოლოდ ერთ აბაზშია. ამ რიგად, ავტომობილით მიმოსვლა, შედარებით, იაფიც არის. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, ამ ერთის თვის განმავლობაში, არავითარი უბედური შემთხვევა არა მომხდარა. თუმცა ასე მიმოსვლის გაუმჯობესება ძლიერ მოსაწონი და კარგი საქმეა, ფრიად მისაბაძი, მაგრამ ამ კარგ საქმესაც გამოუჩნდა მტრები, და ესენი გახლავთ ადგილობრივი მეეტლეები, მედილიჟნეები და მეფურგონეები, რომელთაც ავტომობილი, რასაკვირველია, დიდ კონკურენციას უწევს. ეს რომ ასე იქნებოდა, იცოდა გვათუამაც და ნებართვის მიღებისთანავე წინადადება მისცა მეეტლე-მედილიჟნეებს, რომ თუ მოისურვებდნენ, შესულიყვნენ მასთან ამხანაგებად, მაგრამ მათ ცივი უარი განაცხადეს, თუმცა კი აშკარა უკმაყოფილებას არ მალავდნენ", - წერდა გაზეთი "სავაჭრო გზა" 1908 წლის 30 ოქტომბერს.