სახიფათო საჰაერო ინციდენტი შავი ზღვის თავზე - კვირის პალიტრა

სახიფათო საჰაერო ინციდენტი შავი ზღვის თავზე

2023 წლის 14 მარტს შავი ზღვის საჰაერო სივრცეში თითქმის განმეორდა ის, რაც შავი ზღვის თავზე 15 წლის წინ მოხდა.

ბევრს ეხსომება ის ვიდეოკადრები, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა ისრაელის წარმოების Hermes 450 ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის ვიდეოკამერამ სწორედ შავი ზღვის თავზე მაშინ გადაიღო, როდესაც 2008 წლის 20 აპრილს რუსული МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავიდან გამოშვებული „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტა მას მოხვდა.

წელს კი, 14 მარტს, რუსეთ-უკრაინის ერთწლიან ომში შესაძლოა ყველაზე საშიში ინციდენტი მოხდა, რომელმაც მათ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში შეიძლება ჩაითრიოს თვით აშშ-ც და მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც.

შავი ზღვის აკვატორიაში, ნეიტრალური წყლების თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში პატრულირებისას ჩამოვარდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დისტანციურად მართვადი მზვერავი თვითმფრინავი MQ-9 Reaper-ი.

30 მლნ დოლარამდე ღირებულების ამ სადაზვერვო დრონის დაკარგვა პენტაგონისთვის ისედაც მძიმე დანაკლისი იქნებოდა, ეს მისი ტექნიკური გაუმართაობით ან ოპერატორების შეცდომით რომ მომხდარიყო, მაგრამ ამერიკულმა მხარემ ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც რუსეთს დასდო ბრალი უპილოტო მზვერავის ჩამოგდებაში.

ამერიკელი სამხედროები ირწმუნებიან, რომ MQ-9 Reaper-ს ჰაერში ბარაჟირებისას რამდენჯერმე სახიფათოდ მიუახლოვდა ორი რუსული Су-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებმაც ჯერ საავიაციო ნავთი გადაასხეს ამერიკულ მზვერავს, ხოლო შემდეგ მისი საჰაერო ხრახნი დააზიანეს, რის შემდეგაც ამერიკელი ოპერატორები იძულებულნი გახდნენ, უპილოტო მზვერავი შავი ზღვის ტალღებისკენ მიემართათ.

samx3-1679228274.jpg
ამერიკულ დისტანციურად მართვად მზვერავ თვითმფრინავ MQ-9 Reaper-ს მთელი დღე და ღამე შეუძლია საჰაერო პატრულირება და 100 კმ-ზე მეტად დაშორებული სამიზნეების დაზვერვა

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რუსეთის მხარემ კატეგორიულად უარყო რუსული გამანადგურებლების მიერ შეიარაღების გამოყენება და კონტაქტი ამერიკულ მზვერავთან და იქით დასდო ბრალი ამერიკელებს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში მათი უპილოტო საჰაერო მზვერავის გამოჩენის გამო.

მაგრამ რუსული უარყოფა მორიგი ტყუილი აღმოჩნდა, რადგან პენტაგონმა გაავრცელა იმის ამსახველი ვიდეოკადრები, თუ როგორ სახიფათო სიახლოვეს ჩაუფრენს რუსული Су-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ამერიკულ სადაზვერვო MQ-9 Reaper-ს და თან მას უხვად „აფრქვევს“ საავიაციო ნავთს.

ორმა რუსულმა გამანადგურებელმა საერთო ჯამში 19 საჰაერო შეტევა მიიტანა ამერიკულ უპილოტოზე, რაც საბოლოოდ სადაზვერვო დრონის ხრახნის დაზიანებითა და მისი ზღვაში ჩავარდნით დამთავრდა.

samx2-1679228274.jpg
ჩამოგდებამდე რამდენიმე წუთით ადრე ამერიკული უპილოტო სადაზვერვო დრონის MQ-9 Reaper-ის ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული წინასწარგანზრახული საჰაერო თავდასხმის ფაქტი - რუსული Су-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი სახიფათო სიახლოვეს დიდი სიჩქარით ჩაფრენისას მას საავიაციო ნავთს ასხამს...

დიახ, ქართული სადაზვერვო დრონის ჩამოგდებისგან განსხვავებით, ამჯერად რუსულ პილოტებს "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტა არ გამოუყენებიათ, მაგრამ ამერიკულ უპილოტოსთან რამდენიმე მეტრში დიდი სიჩქარით ჩაფრენა და ამასთანავე, მასზე საავიაციო ნავთის გადასხმა, საჰაერო თავდასხმის ერთ-ერთი მეთოდია და ასევე შეიძლება შეფასდეს აგრესიულ ქმედებად.

კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პილოტებისგან ამგვარი საჰაერო ინციდენტი ახალი არ არის.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1987 წლის 13 სექტემბერს, ბარენცის ზღვაში, ნეიტრალური წყლების თავზე, ნორვეგიული სადაზვერვო თვითმფრინავის P-3B Orion -ის ბარაჟირებისას საბჭოთა პილოტმა, უფროსმა ლეიტენანტმა ციმბალმა თავისი Су-27 (რომელიც მაშინ უახლეს გამანადგურებლად ითვლებოდა) ნორვეგიულ მზვერავს სახიფათოდ მიუახლოვა, რის შემდეგაც მისი მეოთხე ძრავის პროპელერი წამოედო საბჭოთა გამანადგურებელი თვითმფრინავის ორი კილიდან ერთ-ერთს და ორივე თვითმფრინავი დაზიანდა, თუმცა ბაზირების აეროდრომებზე მშვიდობიანად დაეშვნენ.

კრემლი მაშინაც კატეგორიულად უარყოფდა საბჭოთა გამანადგურებლის "წამოდებას" ნატოს წევრი ქვეყნის სადაზვერვო თვითმფრინავის საჰაერო ხრახნზე, სანამ ნორვეგიელებმა ამის დამადასტურებელი ფოტოები არ გაავრცელეს.

ჰქონდა თუ არა რუსეთს ამერიკულ დისტანციურად მართვად სადაზვერვო საფრენ აპარატზე ასეთი საჰაერო იერიშის მიტანის იურიდიული უფლება?

გასაგებია, როდესაც ქვეყნის საჰაერო თავდაცვა ეცდება აღკვეთოს მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უცხო ქვეყნის სადაზვერვო ობიექტის ფრენა, მაგრამ სად დაფრინავდა ამერიკული დრონი, როდესაც მას რუსული გამანადგურებლები თავს დასხნენ?

ამერიკული MQ-9 Reaper-ი, რომელიც არ იყო შეიარაღებული, რუმინეთის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიდან... 120 კმ-ის დაშორებით ბარაჟირებდა!

ანუ იმის მტკიცება, რომ ამერიკულმა დრონმა თითქოს დაარღვია ტერიტორიული წყლების თავზე 22-საზღვაომილიანი საჰაერო სივრცე, სრულიად უსაფუძვლოა, ისევე როგორც კრემლის განცხადება, რომ მას შავი ზღვის თავზე ეს საჰაერო სივრცე ჩაკეტილი აქვს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამო.

რუსი სამხედროები დიდი ხანია, კბილებს ილესავდნენ იმ ამერიკულ (და არა მარტო ამერიკულ) უპილოტო მზვერავებზე, რომლებიც შორი დისტანციიდან, საერთაშორისო საჰაერო სივრციდან განუწყვეტლივ ზვერავენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.

ძალზე საშიში საჰაერო ინციდენტი ერთხელ უკვე მოხდა შავი ზღვის თავზე, როდესაც 2022 წლის 29 სექტემბერს რუსულ Су-27 ტიპის გამანადგურებლის პილოტმა, არც მეტი, არც ნაკლები, "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი რაკეტა გაუშვა მაშინ, როდესაც ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილ ღჩ-135ჭ ღივეტ ჟოინტ ტიპის ოთხძრავიან სადაზვერვო თვითმფრინავს "აცილებდა"...

მაშინ, საბედნიეროდ, რაკეტა არ მოხვდა ბრიტანულ სადაზვერვო "ბოინგს" და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ეს სახიფათო საჰაერო ინციდენტი "ტექნიკური გაუმართაობით" ახსნა.

ამჯერად იმავე შოიგუმ აღარ დაახანა და ამ საჰაერო ინციდენტში მონაწილე ორივე რუსი პილოტი სასწრაფოდ დააჯილდოვა.

ზებგერითი გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის ნელა მფრენი ხრახნიანი უპილოტოს ჩამოგდება რთული არ არის და თუკი კრემლი ამით ეცდება პროპაგანდისტული ქულები ჩაიწეროს საკუთარი ზომბირებული მოსახლეობის თვალში, ის ბევრად მეტს წააგებს უკრაინაში გაჩაღებულ ომში.

საქმე ის არის, რომ ამერიკული დრონის ჩამოგდებისთანავე დასავლეთის და უპირველესად თავად აშშ-ის გავლენიან სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში კიდევ უფრო გაძლიერდა ანტირუსული განწყობა, რაც, სავარაუდოდ, დააჩქარებს ისეთი მნიშვნელოვანი საიარაღო სისტემების (მათ შორის შორი მოქმედების ბალისტიკურ რაკეტების) მიწოდებას უკრაინის არმიისთვის, რაზეც მთელი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია თავს იკავებდა ომის შემდგომი ესკალაციის არდაშვების მიზეზით.

დრონის ჩამოგდებამ ამერიკელი სამხედროები არ შეაშინა და მათ კვლავ გააგრძელეს სადაზვერვო უპილოტოების გაგზავნა შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ბარაჟირებისთვის.

გაიმეორებს თუ არა რუსეთი ამ სახიფათო საჰაერო ინციდენტს და კვლავ ეცდება ამერიკული, ამჯერად ბევრად უფრო მძლავრი რეაქტიული სადაზვერვო უპილოტო RQ-4 Global Hawk-ის ჩამოგდებას? ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ის, რაც მოხდა, ხაზს უსვამს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდ სისუსტეს შავი ზღვის აკვატორიაში, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან სამი ნატოს წევრია (თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი), ხოლო ორი კი, საქართველო და უკრაინა, ალიანსში მიღებას მრავალი წელია უშედეგოდ იხვეწება.

ეს კი იმის სავალალო შედეგია, რომ ნატოს ხელმძღვანელობა ალიანსის წევრი წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არასწორ პოლიტიკას ატარებდა - „დასდევდა“ საერთაშორისო ტერორისტებს ავღანეთსა თუ ერაყში მაშინ, როდესაც რუსეთი ნელ-ნელა ძლიერდებოდა, ჩეჩნეთის „ჩაჩუმების“ შემდეგ საქართველოს ნაწილსა და უკრაინის ყირიმს იპყრობდა.

საქართველოს აფხაზეთისა და უკრაინის ყირიმის სანაპირო ზოლების ოკუპირების შემდგომ რუსეთს უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა შავი ზღვის საზღვაო აკვატორიის უმეტესი ნაწილის, ასევე მის თავზე საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად.

ამას ემატება ნატოს წევრი თურქეთის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მონტრეს საზღვაო კონვენციის იმ მუხლის ამოქმედება, რომელიც კრძალავს ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში იმ ქვეყნების სამხედრო ხომალდების შესვლას, რომლებიც არ განეკუთვნებიან შავი ზღვისპირა ქვეყნებს.

შესაბამისად, ვერც ამერიკული და ვერც ბრიტანული თუ ფრანგული ფრეგატები და კორვეტები ერთ წელზე მეტია ვერ შემოდიან შავ ზღვაში, რაც ასევე ასუსტებს ნატოს გავლენის ბერკეტებს ამ რეგიონში.

თუმცა ანკარას მიერ მონტრეს კონვენციის ამოქმედებამ მნიშვნელოვანი შეზღუდვა დაუწესა თავად რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებსაც, რადგან ის ასევე უკრძალავს რუსეთის სხვა ფლოტებიდან (ჩრდილოეთის, ბალტიის, წყნარი ოკეანის სამხედრო-საზღვაო ფლოტები) სამხედრო ხომალდების გადმობაზირებას შავ ზღვაში, რამაც უთუოდ უკრაინელების წისქვილზე დაასხა წყალი, რადგან ხმელთაშუა ზღვაში თითქმის ერთი წელი უშედეგოდ დრეიფობდნენ წყნარი ოკეანიდან წამოსული ის რუსული ფრეგატები, რომელთა დამატებით შეყვანა სურდათ რუს ადმირალებს ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაში.

ამერიკული სადაზვერვო დრონის ჩამოგდება, რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს ბირთვულ ომს აშშ-სა და რუსეთს შორის, მაგრამ ამერიკული მხარე უცილობლად შეეცდება სამაგიერო გადაუხადოს კრემლს, რაც, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.