„ძალიან ბევრი მომხვდა უსამართლოდ, მაგრამ რომ არა ჩემი განცხადება პარლამენტის ალყაში მოქცევის შესახებ, დღეს სხვა მოცემულობა იქნებოდა საქართველოში“ - კვირის პალიტრა

„ძალიან ბევრი მომხვდა უსამართლოდ, მაგრამ რომ არა ჩემი განცხადება პარლამენტის ალყაში მოქცევის შესახებ, დღეს სხვა მოცემულობა იქნებოდა საქართველოში“

სამი ოპოზიციური პარტია: "სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" სტრასბურგში ევროპარლამენტარსა და "ალდეს" პრეზიდენტთან ილჰან კიუჩუკთან შესახვედრად ჩავიდნენ. როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, შეხვედრის მთავარი თემა "ევროინტეგრაცია და თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი­ დარბევები­ იყო". მმართველ გუნდში უკვე გამოეხმაურნენ დასავლეთში მათ ვიზიტს. მათი თქმით, ევროკავშირის მიერ პოლარიზაციის შემცირებისკენ მოწოდებების პარალელურად, ტყუილის კულტივაციით დაკავებული პარტიების ევროსტრუქტურებში­ მიღება საქართველოში რადიკალიზმის წახალისებას უწყობს ხელს. სინამდვილეში,­ რა უწყობს ხელს რადიკალიზაციას, ამის შესახებ გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- დილემა ასეთია - ხელისუფლება რუსეთისკენ არის მიმართული, ხალხი - ევროპისკენ. ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ არ დაისაჯოს საქართველო, ხალხი და რა ვუყოთ ხელისუფლებას. შევთანხმდით, რომ ჩვენ, ოპოზიციამ, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და საერთო წნეხი, რომელიც ჩვენ შევქმენით ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების მონაწილეობით, რამაც შეიძლება საბოლოო გამარჯვება მოიტანოს, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები.

- ოპოზიცია როგორ შეინარჩუნებს ერთიანობას, როდესაც ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებშიც კი არ არის ერთიანობა?­ ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვ­ილმა უკრაინიდან ისეთი გან­ცხადებები გააკეთა, რომ მელიასა და ხაბეიშვილის გუნდებს შორის უთანხმოებას ახალი ბიძგი მისცა.

- მერაბიშვილი უადგილო განცხადებებს აკეთებს და "ქართულ ოცნებას" ეხმარება ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანაში.

- "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზე მიხვალთ?

- აუცილებლად. ყველამ უნდა გავასწოროთ სამიზნე იმ რუსულ რეჟიმზე, რომელიც დღეს არის დამყარებული საქართველოში და გაცილებით წინ წავალთ.

- იქ მერაბიშვილის გვერდით დადგებით?

- თუ მოვა, მერე ნახავთ ჩემს რეაქციას და კიდევ ბევრის რეაქციასაც. რაც ჯერ არ მომხდარა, იმაზე ნუ მაფიქრებთ.

- ჯერ კიდევ სტრასბურგში განაცხადეთ, რომ თქვენი ამოცანაა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამისთვის ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი პასუხისმგებლობა აიღოს. რა ტიპის პასუხისმგებლობის ასაღებად ხართ მზად?

- დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - ხელისუფლებამ მთლიანად დაკარგა დასავლელი პარტნიორების ნდობა. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ყელში ამოუვიდათ "ქართული ოცნების" პერსონალური თავდასხმები და ტყუილები. შესაბამისად, ზოგადად ქვეყანაზე ჰქონდათ ხელი ჩაქნეული. ამ ბოლო დროს ჩატარებულმა საპროტესტო აქციებმა იმედი და პოზიტიური მოლოდინი გააჩინა. მათ დაინახეს, რომ "ოცნების" დაქოქილმა რუსულმა დეზინფორმაციის მანქანამ არ იმუშავა. ადრე სულ მეკითხებოდნენ, კი არის ქართველი ხალხის 80% პროდასავლური, მაგრამ რაში გამოიხატება მათი განწყობაო, სად არის ეს 80%-იო? ახლა მათ დაინახეს, სადაც არის. ისიც აშკარად დაინახეს, რომ "ოცნება" საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მომართული, რუსული ჰიბრიდული ომის მიერ შექმნილი იარაღი ყოფილა. დასავლელ პარტნიორებს ახლა იმის დანახვა სურთ, რომ ოპოზიციას შეთანხმებული მოქმედება შეგვიძლია. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი მთავარი თემა ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს. 7, 8, 9 მარტის პროცესებმა აჩვენა, რომ ხალხი აქტიურია მაშინ, როდესაც ყველასთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია დაყენებული. ასეთ შემთხვევაში მმართველი გუნდიც იძულებული ხდება უკან დაიხიოს. არა მგონია,­ ახლა საზოგადოებაში ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ისეთი კონსენსუსი იყოს, როგორიც ე.წ. აგენტების კანონის გამო.MO აქედან გამომდინარე, არ არის სწორი ვადამდელი არჩევნებით დავემუქროთ ხელისუფლებას, თუმცა შეიძლება პროცესმა თავისთავად მოითხოვოს არჩევნების ვადამდე ჩატარება. მთავარია, ჩვენი მოთხოვნები სრულად შეესაბამებოდეს საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესებს.

- ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მარტის საპროტესტო აქციებიდან სასარგებლო დასკვნები ვერც ხელისუფლებამ გამოიტანა და ვერც ოპოზიციამ. პირადად თქვენ რაზე მიგანიშნათ სტუდენტების დამოკიდებულებამ თქვენ მიმართ?

- ანალიტიკოსების შეფასებები უმთავრესად რეალობასაა აცდენილი. მათი დიდი ნაწილი გვიმტკიცებდა, რუსული დეზინფორმაციის მანქანა, ომით დაშინების­ რიტორიკა მუშაობსო. ხომ აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა სწორი მათი პროგნოზი? მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, წელს პირველი მერცხალი იყო 24 თებერვლის აქცია, რომელიც ჩვენ, პოლიტიკოსებმა, სამმა­ პარტიამ, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ჩავატარეთ. ათიათასობით ჩვენი­ მოქალაქე მოვიდა. ამან გააჩინა რწმენა­, რომ კიდევ შორს შეგვიძლია წასვლა. ამას გარდა, ოპოზიციას რომ პარლამენტში არ ებრძოლა, გგონიათ, ამხელა ყურადღება იქნებოდა მომართული ამ რუსულ კანონზე? ძალიან ბევრი მომხვდა უსამართლოდ, მაგრამ დღეს ბევრი ამბობს, რომ არა ჩემი განცხადება პარლამენტის ალყაში მოქცევის შესახებ, დღეს სხვა მოცემულობა იქნებოდა საქართველოში. ხალხს დავუსახეთ ამოცანა, რომ დილით არ უნდა ჩატარებულიყო სხდომა. სწორედ პარლამენტის პიკეტირების შეეშინდა "ოცნებას" და ამიტომ გამოიყენა ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ამ დარბევის შემდეგ მიხვდა ხელისუფლება, რომ უკვე ძალიან დიდი პროტესტი­ იყო და წავიდა დათმობაზე. რა შეცვალა ჩემმა განცხადებამ?! უამრავი გამოსვლა იქნებოდა და ბოლოს ხალხი დაიწყებდა დაშლას. ბოლოს ყველა ოპოზიციისკენ გამოიშვერდა ხელს, რატომ დაგვშალეთ გეგმის გარეშეო.

8 მარტს ოპოზიციას საკუთარ თავზე­ რომ არ აეღო პასუხისმგებლობა, დღეს რუსული კანონი მიღებული გვექნებოდა. რაც შეეხება ახალგაზრდების ჩემდამი დამოკიდებულებას, თქვენ, ალბათ, იმას გულისხმობთ, ლაპარაკის საშუალება რომ არ მომცეს. ერთი პროვოკატორი ქალი იყო მოსული, რომელიც წულუკიანს აქებდა და ადიდებდა. ამას ჩემდამი ახალგაზრდების დამოკიდებულებასთან ნუ განაზოგადებთ. ოპოზიციის ლანძღვა არის ხელისუფლებისა და სუს-ის მიერ დანერგილი ნარატივი, ხოლო ადამიანებს, რომლებიც მათ ამაში ეხმარებიან, ეჭვი მაქვს, მერკანტილური ინტერესები ამოძრავებდეთ. ნურავის დაავიწყდება, რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში.

- საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ განცხადებას, რომ ევროკავშირი თავის შიდა პოლიტიკაში მესამე ქვეყნების ფარული ჩარევისგან დასაცავად ზომების გაძლიერებას გეგმავს.

- ევროკავშირი ჩინეთისა და საუდის არაბეთის არალეგალური საქმიანობისა და რუსული საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით განიხილავს კანონს. მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს კი არ ეუბნება, აგენტები ხართო. ევროკავშირი და ამერიკა მტრად მიჩნეული ქვეყნებიდან შემოსული ფინანსების გაკონტროლებაზე საუბრობენ, ჩვენ კი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების.

ხათუნა ბახტურიძე