„ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნით თავსაც აწვალებს და ქვეყანასაც“ - კვირის პალიტრა

„ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნით თავსაც აწვალებს და ქვეყანასაც“

"ქართულმა ოცნებამ" ფოცხს ფეხი დააბიჯა და ტარი აირტყა სახეში, ახლა დარეტიანებულია", - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი აზრით, "ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე - სასამართლო ხელისუფლების რეალურად რეფორმირების საკითხზე ითრევს ფეხს. "ვენეციის კომისიის დასკვნამ დაადასტურა, რომ თვალში ნაცარს ვერავის­ შეაყრიან. ჩამოსული დასკვნაც ამის დასტურია - დასკვნაში­ საუბარია იმაზე, რომ სასამართლოში რეალური გაჯანსაღების პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უნდა დაიწყოს. "ქართულმა ოცნებამ"­ იცის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას საფრთხე რომ დაემუქროს, ქუჩაში უამრავი ხალხი გამოვა. შესაბამისად, ხელში ყველა ბერკეტი გვაქვს. "ქართული ოცნება"­ თვალში ნაცარს ვერ შეგვაყრის, არავინ ტყუვდება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. პარტია "მოქალაქეების" სტრატეგიაზე, დანარჩენ ოპოზიციასთან შესაძლო თანამშრომლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ალეკო ელისაშვილი გვესაუბრება.

- "ქართული ოცნების" ლიდერები საქართველოს ევროპულ არჩევანზე ლაპარაკისას ცეცხლს ეთამაშებიან და შემდეგ ღლიცინით ლაპარაკი ძალიან ძვირი უჯდებათ. მაგათი აყოლა კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ და მთავრობას ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულება ვაიძულოთ. საქართველოს ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერა არასდროს ჰქონია! შეიძლება ითქვას, ხელისუფლებას ევროკავშირმა კარგი სილა გაულაწუნა. ევროპარლამენტარების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან და მთავრობამ უღალატა მოსახლეობას, ზუსტად "ოცნების" ლიდერების ლაზღანდარობის შედეგია. გააგრძელებენ ლაზღანდარობას? კიდევ უფრო ცუდ შედეგს მიიღებენ. მე რომ კაცმა მკითხოს, ძალიანაც კარგი იქნება, კალაძეს ხვალვე თუ დაუწესებენ სანქციებს. თმის შესაჭრელად რომ დადის მილანში და ჩვენ გვეუბნება, აი, დარდი თუ სტატუსს არ მოგვცემენო. თავად თვეში ერთხელ საშოპინგოდ დადის ევროპაში, მერე როგორ მეუბნება სარატოვი ჯობია მილანსო? იაროს თვითონ სარატოვსა და ტაგანროგში, ჩვენ ვეროპაში გაგვიშვას. საერთოდაც, სჯობს ქალაქს მიხედოს. მარტო­ კალაძე კი არ მყავს ამო­ჩემებული, ყველა ერთმანეთზე უარესი უპასუხისმგებლოა. სოზარ სუბარმა უკვე მოიჭრა თავი, რაღა აზრი აქვს მაგასთან ლაპარაკს, ახლა შალვა პაპუაშვილს მინდა ვურჩიო, უხერხულია, არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარისევლები­ ეძახო, როცა ერთ დროს შენც ერთ-ერთი­ მათგანი იყავი. ხალხს ყველაფერი ესმის და ხედავს. ამათ უკვე იმდენს მიაღწიეს, რომ ერთ დაძახილზე ყოველგვარი ორგანიზების გარეშე უამრავი ხალხი გამოდის ქუჩაში. არ გვინდა ეს ჯადო რუსეთი, თან რომელ რუსეთს ებღაუჭებიან, ჩაძირვის პირას რომ არის?!

- 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციაზე დადგებით დანარჩენი ოპოზიციის გვერდით?

- ,,ქართულ ოცნებას" ყველა ვეუბნებოდით, ე.წ. აგენტების კანონს ნუ მიიღებთ, ფოცხს ნუ დააბიჯებთ ფეხსო, მაგრამ მათ ძალიან ენერგიულად დააბიჯეს იმ ფოცხს ფეხი და არიან ახლა დარეტიანებული. ამ დარეტიანებულ ,,ქართულ ოცნებას" რეტიდან გამოსვლაში ახლა ვანო მერაბიშვილი ეხმარება. თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება ,,ნაცმოძრაობაში", ერთი მარტივი რამ უნდა გააკეთოს - ვანო მერაბიშვილს პირზე სკოჩი ააკრას. მას დღეს ერთადერთი ფუნქცია აქვს, დაეხმაროს ,,ქართულ ოცნებას" კრიზისიდან გამოსვლაში, რომელიც თავს დაიტეხა თავისი უგუნურებითა და ამპარტა­ვნებით. კი, 9 აპრილი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, 11 წლის ვიყავი, როდესაც რუსებმა პარლამენტის წინ ახალგაზრდები ჩახოცეს. მას მერე ყოველთვის მივდივარ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებ, მაგრამ ,,ნაციონალების" აქციაზე მისვლას არ ვაპირებ და მით უმეტეს, ვანო მერაბიშვილის გამოცხადებულ აქციაზე.

- რას ფიქრობთ, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივაზე, რომლის თანა­ხმად, უნდა ჩამოყალიბდეს საბჭო, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს ერთიანი მესიჯით გამოვიდნენ, როგორ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.

- არ მიმაჩნია მთლად სერიოზულად­ გიორგი მარგველაშვილის ნათქვამი. ,,ქა­რ­თ­­ული ოცნება" აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რადგან ეს აბსოლუტურად­ უიდეო და გამოფიტული ძალაა, რომელიც თავის თავსაც აწვალებს­ ხელისუფლებაში ყოფნით და ქვეყანასაც. შევალ ნებისმიერ საბჭოში, ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატში, სადაც ანალო­გიურ პოზიციაზე მყოფი ძალები იქნებიან - ვისაც სურს ,,ქართული ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან და ამავე დროს, სურს ,,ნაციონალური მოძრაობა" არ დავაბრუნოთ ხელისუფლებაში. ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერთან შემიძლია ლაპარაკი, რომელიც ამ საკითხზე ჩემსავით ფიქრობს, მაგრამ გამორიცხულია, საერთო გამოვნახო იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც იდეაში მაინც უშვებს ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამიტომ კარგი იქნება, თუ დააზუსტებს მარგველაშვილი, საბჭოს შექმნას აპირებს მერაბიშვილსა და კეზერაშვილთან ერთად თუ რამე სხვა იდეები აქვს.

ახლა ქვეყნისთვის პირველი რიგის ამოცანაა 12 პუნქტის შესრულება და ევროკავშირის წევრის სტატუსის მიღება. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არ არის რელევანტური. 2024 წლისთვის ისედაც გვიწევს არჩევნები და რა გამოდის, ერთწლიანი პარლამენტის შეკრებას ვითხოვთ? გარდა ამისა, ახლა რომ ვადამდელი ჩატარდეს, ჩატარდება არა სრულად პროპორციული, რისთვისაც თავს ვიკლავდით, არამედ ჩატარდება 120/30-ზე პრინციპით და პარლამენტში ისევ იქნებიან მაჟორიტარები. ესე იგი, შეგვიძლია არც გამოვცვალოთ ეს მაჟორიტარები, პირდაპირ დავტოვოთ. ასე ჰარიჰარალოთი და სადღეგრძელოებით რომ გავდივართ არჩევნებზე, იმიტომაა, რომ 10 წელია ,,ოცნებაა" ხელისუფლებაში.

ხათუნა ბახტურიძე