„ხელისუფლებამ უკან გამოიწვია კანონი და ახლა მუშტების ქნევას აზრი აღარ აქვს“ - კვირის პალიტრა

„ხელისუფლებამ უკან გამოიწვია კანონი და ახლა მუშტების ქნევას აზრი აღარ აქვს“

"სამოქალაქო დაპირისპირება და შიდაარეულობა საქართველოში ახლა რუსეთისთვის ყველაზე სასურველი სცენარი იქნებოდა, მით უმეტეს, თუ ამის შემდეგ მშვიდობისმყოფლად მოგვევლინებოდა. ცხადია, რუსეთს მშვიდობისმყოფლად აქ არც ერთი ძალა არ დაპატიჟებს. წარმოუდგენელია ასეთი რამ, მაგრამ, რაც უფრო არეული იქნება საქართველოში სიტუაცია, ეს შეაფერხებს ჩვენს დასავლურ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. რუსული სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, მაგრამ, სანამ რუსეთს უკრაინაში ხელ-ფეხი აქვს შეკრული, ვერაფრით მოახერხებს სამხედრო ძალით საქართველოზე შემოტევას, ახალი ავანტიურის წამოწყებას...", - ამბობს უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო­ გოცირიძე, რომელთანაც საუბარს 7-8 მარტის აქციების შეფასებით ვიწყებთ:

- აქციებს ძალადობრივი ხასიათი და გაგრძელება არ ჰქონია და ამას ადასტურებენ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ასევე ჩვენი სამართალდამცავი უწყებები. შესაძლოა ერთეულ შემთხვევებში­ იყო გადაცდომები, მაგრამ ხომ არ იყო ეს გამოწვეული სამართალდამცველების არასწორი ქმედებებით, ეს ჯერ არ არის გარკვეული. როგორც ვიცი, ამაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის, ასევე, სახალხო დამცველის აპარატს აქვს დაწყებული. აქციებს რა ფორმაც არ უნდა მიეღო, რეალობას ვერ გავექცევით - თუკი ძალადობა იქნებოდა, ისიც საპარლამენტო უმრავლესობის ყოვლად გაუაზრებელი ნაბიჯით იყო ინსპირირებული, რაც გამოიხატა­ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ინიცირებით. ცხადი იყო, რომ ამას ასეთი შედეგი მოჰყვებოდა. წლებია, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე (განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ დასავლურ არჩევანს საფრთხე ემუქრება) ასეულათასობით ადამიანი იკრიბება ქუჩაში. მეორეც, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად მიგვანიშნებდნენ, რომ ამ კანონის განხილვა და მიღება იქნებოდა ევროატლანტიკური არჩევანის შემაფერხებელი გარემოება. ბუნებრივია, ამაზე შეიკრიბებოდა ასიათასობით მოქალაქე და როცა ამხელა მასა იკრიბება, იქ შესაძლოა დანაშაულის პროვოცირებაც. ამიტომ მმართველი ძალის ვალდებულება იყო სწორად განეჭვრიტა, რა პროცესები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს - მასობრივი შეტაკებები შსს-ს ძალებსა და მოსახლეობას შორის და არაა გამორიცხული, ეს ყველაფერი მსხვერპლითაც დასრულებულიყო, ისეთი მძიმე შედეგებით, როგორიც 20 ივნისის აქციის დარბევას მოჰყვა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 20 ივნისის მოვლენებიც ხელისუფლების უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგი იყო. მაშინაც გავრილოვის დემონსტრაციულმა და უტიფარმა გამოჩენამ საქართველოს პარლამენტში გამოიწვია ეს მოვლენები...

ხელისუფლებას მოუწია სწრაფად წაეღო უკან საკუთარი გადაწყვეტილება, ძალიან სწრაფად უარეყო საკუთარი შეხედულებები, ამიტომ, რასაკვირველია, მას არ სურს გამოჩნდეს დამარცხებული, მით უმეტეს, როცა ეს დამარცხება საქართველოსთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის გამარჯვებად ჩანს - ამას მიესალმა საერთაშორისო თანამეგობრობა.

- აქციებს საპასუხოდ მოჰყვა პრორუსული "ალტ-ინფოს" აქცია, რა დროსაც მათმა ლიდერებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს...

- "ალტ-ინფომ" კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ეჩვენებინა რუსი პატრონებისთვის, რომ ის ანგარიშგასაწევი რუსული ძალაა საქართველოში და მასზე ფსონის დადება რუსული სპეცსამსახურების ინტერესებში უნდა შედიოდეს. არ ვთვლი, რომ ეს ხალხი სერიოზულ ძალას წარმოადგენს, თუმცა კრიტიკას ვერ უძლებს სამართალდამცველების მოქმედება, როდესაც წინასწარ გათვლილი პროვოკაციის (დროშის­ ჩამოხევა პირველად ხომ არ ხდება?) აღკვეთას ვერ ახერხებს. როგორ შეიძლება ვირწმუნოთ, რომ ამის აღკვეთას უფრო მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, ვიდრე იმ სამარცხვინო სანახაობას, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა. არა მაქვს ილუზია, რომ ჩვენმა საპოლიციო ძალებმა, რომლებიც საკმაოდ კარგი დაფინანსებით, აღჭურვილობით, მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, ვერ შეძლეს რამდენიმე ათეული პირის პროვოკაციის აღკვეთა მაშინ, როცა კარგად ახერხებენ ათიათასობით მომიტინგესთან გამკლავებას, თუკი ამის ნება არსებობს. პოლიცია პოლიტიკურ ნებაზე კი არ უნდა იყოს, ავტომატურ რეჟიმში უნდა აღკვეთდეს კანონდარღვევას, ევროპული სიმბოლიკის ხელყოფა კი საქართველოში დასჯადი ქმედებაა.

- რუსეთმა ერთდროულად აამუშავა მეხუთე კოლონა არა მარტო საქართველოში, მოლდოვაში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სხვა ქვეყნებშიც. რის მიღწევას ცდილობენ რუსული სპეცსამსახურები?

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების ჩაშლა რუსული სპეცსამსახურების ჩავარდნაა, რადგან მათ კრემლის მესვეურთათვის არასწორი სადაზვერვო ინფორმაცია მიჰქონდათ. შესაბამისად, მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში მარცხდება, რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ კრემლის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიაწოდონ ისეთი სცენარი, რომელიც რუსეთის მოსახლეობის თვალში გამარჯვებად გაფორმდება. რუსეთს ახლა არ შესწევს უნარი სამხედრო ძალით მოახდინოს მოლდოვის, საქართველოს, მით უფრო, ევროპის შუაგულში არსებული პრორუსული პოლიტიკის წარმონაქმნების, ან თუნდაც ჩვენი სეპარატისტული რეჟიმების სამხედრო ძალით შეერთება, ამიტომ ცდილობს მცირე სახელმწიფო გადატრიალებებით, სადაზვერვო სპეცსამსახურის ოპერაციებით უზრუნველყოს კრემლის პოლიტიკური რეჟიმის რეაბილიტაცია. სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს დაინტერესების რეგიონებში რუსული მეხუთე კოლონის გააქტიურება, მათ შორის, ამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირდაპირი ლობირება ისეთ განსხვავებულ სისტემებშიც კი, როგორიც არის საქართველო.

- დღევანდლის ანალოგად ხშირად მოჰყავთ 90-იანი წლების საქართველო, როცა საზოგადოებაში გაჩენილი დაპირისპირება თბილისის სამოქალაქო ომით დასრულდა.

- სამოქალაქო დაპირისპირება და შიდაარეულობა, სისხლის ღვრა საქართველოში რუსეთისთვის ყველაზე სასურველი სცენარი იქნებოდა, მით უმეტეს, თუ ამის შემდეგ ის მშვიდობისმყოფლად მოგვევლინებოდა. ცხადია, რუსეთს მშვიდობისმყოფლად აქ არც ერთი ძალა არ დაპატიჟებს. მაგრამ, ბუნებრივია, რაც უფრო არეული იქნება საქართველოში სიტუაცია, ეს შეაფერხებს ჩვენს დასავლურ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. რუსეთი ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველოსა და მოლდოვისთვის ახლა სწორედ შესაძლებლობის ის ფანჯარაა გახსნილი, რასაც შეიძლება­ სწრაფად მოჰყვეს ამ ქვეყნების უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოქცევა. ამიტომ, ბუნებრივია, არეულობა, სისხლის ღვრა, გათიშულობა რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი სცენარია. ის ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, მაგრამ, სანამ უკრაინაში ხელ-ფეხი აქვს შეკრული, ვერაფრით მოახერხებს სამხედრო ძალით საქართველოზე შეტევას, ახალი ავანტიურის წამოწყებას, ვინაიდან ამას მატერიალური, სამხედრო, გნებავთ, მორალური რესურსი სჭირდება. იმედია, ამ ომში რუსეთი დამარცხდება და იმდენად დასუსტდება, რომ ჩვენთვის ვეღარასდროს მოიცლის.

- მზარდი და წარმატებული ჰიბრიდული ომის პირობებში რუსული სპეცსამსახურებისთვის მიზნის მიღწევა რთული იქნება?

- ევროპული არჩევანის დასაცავად გამოსული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ აჩვენა, რომ ქვეყნის კურსის ცვლილების რესურსი, დასავლური კურსის ალტერნატივა საქართველოში არ არსებობს. მაშინ, როცა ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 90% დასავლური კურსის დასაცავად არის გამოსული, წარმოუდგენელია, ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე ვინმემ სცადოს დასავლურ კურსზე იერი­შის მიტანა. მეტიც, მისი ცვლილებით დააგვირგვინოს ეს ყველაფერი. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს (ქვეყნის დამაზიანებელი), პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მას ყველანაირი ბერკეტი აქვს, აღკვეთოს რუსული აღვირახსნილი პროპაგანდა საქართველოში. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად პოლიტიკური ბენეფიტების მიღწევის მიზნით ამ აღვირახსნილი რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი თვითონ ხელისუფლებაში არსებული ძალები არიან.

- ასეთ პირობებში რა ევალება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს?

- უსაფრთხოების სამსახურები უნდა ახდენდნენ ამგვარი ჯგუფების გამოვლენას. მათ ღია ანგარიშებში წერია, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ ის ძალები, რომლებიც საქართველოში რუსულ პროპაგანდას, რუსულ დეზინფორმაციას ეწევიან, რაც გამოიხატება დასავლური ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირებაში, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის დისკრედიტაციულ მოქმედებებში. როდესაც ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკოსის და მაღალი თანამდებობის პირის გამონათქვამებს, რომ "დასავლეთი ომში გვითრევს", მეტიც, "დასავლეთი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებასა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას ამზადებს", არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლების განმავლობაში სწორედ ეს მესიჯები ისმის რუსული სადაზვერვო სამსახურებისა და კრემლის მესვეურთაგან. ეს იყო კანონის მიღების გაცხადებული მოტივი, რაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელია, რადგან პირდაპირ ვამბობთ, რომ იმას, რასაც წლების განმავლობაში ცდილობს დაამკვიდროს რუსული პროპაგანდა, ჩვენ მოცემულობად ვიღებთ. რუსული სადაზვერვო სამსახურები ამბობენ, რომ დასავლეთი მისთვის მიუღებელ ხელისუფლებებს ცვლის, აპირებს ომში ჩაითრიოს ისინი და თუკი ამას საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გავამყარებთ, ბუნებრივია, ჩვენი ევროატლანტიკური კურსისგან აღარაფერი დარჩება.

- სავარაუდოდ, ისიც პროპაგანდის ნაწილია, როცა ბოლო დროს ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ კანადა, ავსტრალია და სხვები იმავე გავლენის აგენტების შესახებ კანონს იღებენ?

- რამდენი ქვეყანაც და ორგანიზაციაც არ უნდა დასახელდეს, სადაც ასეთ კანონზე მიდის მსჯელობა, შედეგი იქნება ერთი - დასავლური სამყარო ამ კანონს იღებს­ დესტრუქციული აქტორების წინააღმდეგ - რუსეთის, ირანის და ა.შ.. რუსეთი კი ამ კანონს იღებს დასავლური სამყაროს წინააღმდეგ. ხელისუფლებამ უკან გამოიწვია კანონი და ახლა მუშტების ქნევას აზრი აღარ აქვს.

- 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინი სამხედრო დამნაშავედ ცნო და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.

- ამ ეტაპზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არარეალურია, თუმცა პოლიტიკურად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ გადაწყვეტილებით რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო დამნაშავედ ცხადდება, რაც გამორიცხავს მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ასევე მონაწილეობას ნებისმიერ მსოფლიო ფორუმში. დამნაშავის სტატუსი ამყარებს დასავლეთის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დამარცხდეს და მხოლოდ ამის შემდგომაა შესაძლებელი მოლაპარაკებები ომის შემდგომ არქიტექტურასა თუ უკრაინის აღმშენებლობის საკითხებზე. რუსეთი არაპროგნოზირებადი და ბრუტალური მოთამაშეა. შესაძლოა არსებობდეს განცდა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ესკალაციას გამოიწვევს და ჩიხში მოქცეულ დიქტატორს შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენებისაკენ უბიძგოს, თუმცა ამას ერთი კაცის გადაწყვეტილება არ ჰყოფნის, ხოლო ამგვარი ბრძანების შემსრულებლებს არ სურთ არა მარტო პოლიტიკურ, არამედ რეალურ საფლავში ჩაჰყვნენ პუტინს. ტექნიკურადაც ამგვარი ბრძანების შესრულება ამერიკული პრესინგის პირობებში თითქმის შეუძლებელი მისიაა. ბირთვული მოთამაშეები, ჩინეთი და ინდოეთიც, წინ აღუდგებიან მოვლენათა ამგვარ განვითარებას.

ამ ეტაპზე პუტინს არავინ დაიჭერს, მაგრამ ფაქტია, ეს მისი სრული იზოლაციაა, მათ შორის რუსული პოლიტელიტისა და საკუთარი გარემოცვისგანაც.