საქართველოს ადგილი მსოფლიოში, რომელიც ახლებურად ახლა ლაგდება
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ უკვე სავსებით ნათელია, რომ ევროპა, ფაქტობრივად, აღარ არის დამოკიდებული რუსეთზე ენერგეტიკული რესურსებით. ამისთვის, სხვადასხვა გზასთან ერთად, არსებითი ადგილი უკავია აზიიდან ევროპაში მიმავალ სატრანზიტო დერეფანს, რომელიც საქართველოზე გადის, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში აზიის ქვეყნების სულ უფრო მეტი რესურსის გადამისამართება ხდება ამ დერეფანზე. ცხადია, ეს ზრდის საქართველოს შესაძლებლობებს. როგორ გამოიყენებს ქვეყანა ამ შესაძლებლობებს, რამდენად არის შესაძლებელი გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსის მოპოვება, რაზე იქნება ეს დამოკიდებული და სწორედ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ხომ არ დაიწყებს მოქმედი ხელისუფლება ვაჭრობას დასავლეთთან დემოკრატიის საკითხით და ასეთ შემთხვევაში რას დადებს სასწორზე, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ანალიტიკოს სანდრო თვალჭრელიძეს ესაუბრა.
ახალი სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტი?
რამდენიმე დღის წინ The Economic Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის მთავრობა ინდოეთს რუსეთსა და ევროპასთან დასაკავშირებლად საქართველოს გავლით სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სავაჭრო დერეფანს სთავაზობს, რათა ინდოეთის ტვირთები რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში უფრო მოკლე და სწრაფი მარშრუტით მოხვდეს. ამ მარშრუტმა ინდურო მუმბაი ევროპასთან ირანი-სომხეთი-საქართველოს ტერიტორიითა და აზერბაიჯანისთვის გვერდის ავლით უნდა დააკავშიროს, რადგან დელის ოფიციალურ ბაქოსთან, თურქეთსა და პაკისტანთან მისი მჭიდრო კავშირის გამო ნელთბილი ურთიერთობა აქვს. კერძოდ, შეთავაზებული დერეფანი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (INSTC) პარალელურად გაივლის და მუმბაის სამხრეთ ირანის საპორტო ქალაქ ბენდერ-აბასთან, შემდეგ კი სომხეთთან დააკავშირებს. ცნობისთვის: ამის შესახებ საუბარი იყო სომხეთის დელეგაციის ინდოეთში ვიზიტისას.
გასაგებია, რომ სომხეთი ცდილობს, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მარშრუტისთვის ინდური ინვესტიციები მიიზიდოს. საინტერესოა, რომ The Economic Times-ის შეფასებითვე, სომხეთი ფსონს იმაზე დებს, რომ ინდურ კომპანიებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ, ხოლო ირანისა და საქართველოს გავლით ევროპამდე სატრანსპორტო დერეფნის გახსნით ოფიციალური დელია დაინტერესებული.
გამოცემის ცნობით, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტი 2016 წელს ირანმა წამოაყენა, რათა ქვეყანა ევროპას სამხრეთ კავკასიის გავლით დაჰკავშირებოდა. მაშინ პროექტით ყველა პოტენციური მონაწილე ქვეყანა, კერძოდ, ირანი, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საბერძნეთი დაინტერესდნენ, თუმცა მოლაპარაკებები კოვიდპანდემიის დროს შეჩერდა. ახლა კი, როდესაც პროექტში გაჩნდა ინდოეთი-საქართველო-რუსეთის მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, როდესაც დასავლეთი ცდილობს რუსეთზე გამავალი ყველა სატრანზიტო ხაზი გადაიტანოს, ამ დერეფნის მშენებლობა რამდენად მისაღები და მომგებიანია საქართველოსთვის, ძნელი სათქმელია.
სწორედ ამიტომ ამ მიმართულებას ანალიტიკოსი სკეპტიკურად უყურებს.
სანდრო თვალჭრელიძე: - ძალიან მაგარი პროექტია, ელაპარაკებიან ინდოეთს და საქართველოს არა. პირდაპირ რომ ვთქვათ, რაღაც პროექტებს ამუშავებენ, რომელთაც ჩალის ფასი აქვს. გავატარებთ, თუ ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება და იმ სატრანზიტო განაკვეთს დავადებთ ტვირთზე, რომელიც ჩვენ გვაწყობს. რაც მთავარია, ეს ორი მიმართულება ერთდროულად როგორ გამოვა? ინდოელებიც არ არიან იდიოტები და ეტყვიან, განვიხილავთო, და მერე ამ პროექტებს შემოდებენ თაროზე და ეგ იქნება. რატომ აქცევთ ასეთ არასერიოზულ რაღაცებს ყურადღებას? ამის შედარება საერთოდ როგორ შეიძლება აზიიდან მომავალ სატრანზიტო ხაზებთან?
ახალი "აბრეშუმის გზა“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი
ინდოეთიდან ერთდროულად ევროპისა და რუსეთისკენ მიმავალი სატრანზიტო დერეფნებისგან განსხვავებით, ცხადია, შეუდარებლად მნიშვნელოვანი და სულ უფრო მზარდია აზიიდან მომავალი სატრანზიტო ხაზი, რომელიც საქართველოზე გადის და მოიცავს როგორც ენერგეტიკულ, ასევე სატვირთო გადაზიდვებს.
ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის ბოლო თვეების სიახლეები, რომელთა თანახმად, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება წლეულს უკვე აზერბაიჯანის გავლით მოხდება. კონკრეტულად, აქტაუს ნავთობტერმინალის მფლობელი კომპანია, "ყაზტრანსოილი“ მიმდინარე თვეში კაშაგანის საბადოდან 7000 ტონა ნავთობის აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტს იწყებს. ცნობისთვის: კაშაგანის ნავთობის გამგზავნი იაპონური კომპანია (INPEX North Caspian Sea) წილებს ფლობს აზერბაიჯანის აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოებსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (bTj) მთავარ საექსპორტო ნავთობსადენში. გარდა ამისა, იანვარში ცნობილი გახდა, რომ თურქმენეთი ერთვება ტრანსკასპიური გაზსადენით სამხრეთ დერეფნის გაფართოების პროექტში. ასევე, უკვე რამდენიმე თვეა, ცნობილია, რომ ოფიციალური აშხაბადი კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის გაზრდას განიხილავს.
Bლოომბერგ-ის მონაცემებით, თურქმენეთის უზარმაზარი რესურსები, ძირითადად, გამოუყენებელია, რადგან აშხაბადი ევროპაში მათ ტრანსპორტირებას ვერ ახერხებს. მიზეზი ის არის, რომ კასპიის ზღვის, შემდეგ კი მილსადენის გავლით თურქმენული გაზის ტრანსპორტირების თაობაზე შეთანხმება არ არსებობს. სააგენტოს ცნობით, თურქმენული გაზის თითქმის მესამედი ჩინეთს, დანარჩენი კი შიდა ბაზარსა და რუსეთს მიეწოდება. 2020 წლის ბოლოს თურქმენეთის გაზის მარაგმა 13,6 ტრილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც რუსეთის მარაგის მესამედს აღწევდა. უკვე ცნობილია, რომ აშშ თურქმენეთს გაზის ევროპისთვის მიწოდებაში დაეხმარება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით, რაც დავოსის ფორუმზე გააჟღერა, იქმნება ტრანსკასპიური კორიდორის მმართველი კომიტეტი, რომლის მონაწილე საქართველოცაა, აზერბაიჯანსა და აზიის ქვეყნებთან ერთად. ეს კი, ცხადია, საქართველოს შესაძლებლობებსაც ზრდის, რაზეც არაერთი ექსპერტი მიუთითებს.
სანდრო თვალჭრელიძე: - მოდი, უფრო ზოგადად განვიხილოთ - თუ ადრე თვლიდნენ, რომ აზიასა და ევროპას შორის საზღვარი ურალის ქედზე გადიოდა, ახლა თვლიან, რომ საქართველოზე გადის. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეიძლება ეს კავშირი გაამყაროს რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთი არა მყავს მხედველობაში. ამიტომ ჩვენთვის აუცილებელია, ვიყოთ დემოკრატიული და ამის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ; მეორე - ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობა, რაც ეკონომიკურ საქმიანობას ძალიან უწყობს ხელს. ამიტომ აქ მუშაობა ძალიან კომფორტულია. ამას გარდა, აქ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინგლისურად ლაპარაკობს რაღაც დონეზე მაინც. აბა, წადით აზერბაიჯანში ან თურქეთში და დიდი ქალაქების გარდა, სადმე რესტორანში საჭმელს ინგლისურად თუ შეუკვეთთ; მესამე - შესაძლოა ჩვენი მენტალიტეტისთვის კარგიც იყო, რუსეთმა ღვინის შეტანა რომ აკრძალა და ა.შ. ამან გაგვიხსნა გზა ევროპული და საერთოდ, დასავლური ბაზრებისკენ. ამასთან, ბევრი ამერიკელი და ევროპელი გადმოსახლდა აქ და ხდება ჩვენი ინტეგრაცია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ევროპული მისწრაფებები გვაქვს და თან აღმოსავლეთთან ლაპარაკი შეგვიძლია. ჩვენ თურქებთან, ყაზახებსა და თუნდაც ჩინელებთან ძალიან კარგად ვლაპარაკობთ, ამერიკელები ვერ ლაპარაკობენ. ასე რომ, ასეთ პროექტებში ჩვენი, როგორც ფასილიტატორის როლიც ძალიან დიდი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ავღანეთში თალიბებს მხოლოდ ქართველები ელაპარაკებოდნენ ტყვეების გაცვლაზე. ვერც ამერიკელები, ვერც გერმანელები და ვერც ფრანგები მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებდნენ და სხვ. ჩვენი ხასიათი სწორედ იმან გამოაწრთო, რომ საუკუნეების განმავლობაში ვიყავით აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე. ჩვენ კარგად გვესმოდა აღმოსავლეთის და ამავე დროს, ვცხოვრობდით ზუსტად დასავლური რაინდობის კოდექსით. საერთოდ, სახელმწიფოს სტრუქტურა იყო დასავლური, ანუ ფეოდალური სისტემა და საკითხები წყდებოდა კანონებით, რაც ეფუძნებოდა რომაულ ტრადიციას. ეს კი აღმოსავლეთისთვის არ იყო დამახასიათებელი - ანუ ჩვენ ისტორიულად ვართ "განწირული" ამ როლისთვის.
რაც შეეხება სატრანზიტო დერეფანს, აქ გარდა საკონტეინერო გადაზიდვებისა, სამი პროექტია ძალიან მნიშვნელოვანი: პირველი - გაზსადენები, ოღონდ სრული დატვირთვით რომ ავამუშაოთ, არ არის საკმარისი შაჰ-დენიზის მარაგები. რაღაც სხვა გაზით უნდა დაიტვირთოს, ან ტრანსკასპიური მილსადენი უნდა აშენდეს ან კიდევ უკეთესი, ირანული გაზის რესურსები იქნეს გამოყენებული. როგორც იცით, ირანი მეორეა მსოფლიოში გაზის რესურსებით. ამის ათვისება შეიძლება, მაგრამ ამისთვის ევროპამ ირანში სერიოზული როლი უნდა ითამაშოს დემოკრატიული ცვლილებების გასატარებლად და ამის გაკეთება ნამდვილად შეიძლება, რადგან ამ რადიკალ ისლამისტებს მოსახლეობა დასანახავად ვერ იტანს; მეორე პროექტი არის ნავთობის და აქაც შეიძლება რაღაცების გაკეთება; მესამეა ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა, ოღონდ ამ ყველაფრისთვის საჭიროა ხელისუფლებამ გონივრულად იმოქმედოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენს ბუნებრივ რესურსებსაც გონივრული გამოყენება სჭირდება. სააკაშვილის ერთ-ერთი დიდი დანაშაული ის იყო, რომ ამერიკული კომპანია გააგდეს, რომელიც ჩვენი რესურსების მარაგებს სწავლობდა და მართლა დიდი მარაგები გამოჩნდა.
"თუ კიდევ ერთხელ დავკარგეთ ეს შესაძლებლობა, ეს ჩვენთვის ტრაგიკული იქნება"
- ცალსახაა, რომ საქართველოს შესაძლებლობები იზრდება. კონკრეტულად ეს შესაძლებლობები რას აძლევს საქართველოს და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ეკონომიკური შედეგი, რაც შეიძლება აქედან მივიღოთ, თუ გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსი? და ამ შესაძლებლობების გამოყენება რაზე იქნება დამოკიდებული?
- ახლა ხდება პოლიტიკური რეალობისა და არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიო გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურის კარდინალური შეცვლა. აშკარად გაქრა სხვადასხვა ინტენსივობის რუხი ადგილები და დარჩა მხოლოდ თეთრი და შავი - ანუ შენ ხარ ან რუსეთთან, ან ხარ რუსეთის წინააღმდეგ. როგორც ფაშიზმის დროს იყო, ჰიტლერთან ან კოალიციაში იყავი, ან ებრძოდი, დღესაც სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ძალიან დიდი წინააღმდეგობები და შეუსაბამობები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას შორის არსებობს, გადავიდა უკანა პლანზე, მეორეხარისხოვანი გახდა და ახლა ახალი მსოფლიო წესრიგი ლაგდება. აი, ამ ჩარჩოში საქართველომ თავისი ადგილი უნდა იპოვოს. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, არასწორი პოლიტიკაა. ჩვენ ან ვიქნებით ცივილიზებულ სამყაროსთან, ან გადაგვაგდებენ მსოფლიო ქვეყნების სანაგვეზე. წლის ბოლომდე საქართველომაც და თურქეთმა, სერბეთმა, უნგრეთმა თავიანთი გეოპოლიტიკური დოქტრინა უნდა ჩამოაყალიბონ და დარჩნენ ან ცივილიზებულ მსოფლიოსთან, ან მის წინააღმდეგ. შუალედი არ არსებობს. ამ ორ დაჯგუფებას შორის უზარმაზარი რღვევაა და, თუკი ჩინეთმაც არ შეცვალა თავისი მიდგომები, რომელიც ცდილობს ნეიტრალური იყოს, არაფერი გამოუვა. უკვე უფუჭდება ურთიერთობები აშშ-თან. ამიტომ აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობაც ჭკუით მოიქცეს. როგორც დავით გურამიშვილმა თქვა, "ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების". მე მეჩვენება, რომ ეს გეოპოლიტიკური ცოდნა ჩვენს თანამემამულეებს, რომლებსაც დღეს ქვეყნის მართვის სადავეები უჭირავთ, ცოტა აკლიათ. ყოველ შემთხვევაში, ღრმა სტრატეგიული აზროვნება და ღრმა სტრატეგიული გეგმა ნამდვილად არ გააჩნიათ.
- თუ ეს არჩევანი მკაფიოდ არ გაკეთდა და შანსი გავუშვით ხელიდან, რა გველოდება?
- ვფიქრობ, საბედნიეროდ, ამის საშუალებას არ მოგვცემენ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს გეოგრაფიულად, გეოეკონომიკურად, გეოპოლიტიკურად. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვხლეჩთ მუსლიმანურ სამყაროს ორ ნაწილად. ეს ორი ფრთა რომ გაერთიანდეს, ევროპისთვის ძალიან დიდი ხიფათი იქნება. ამიტომ ამის საშუალებას არ მოგვცემენ. უტრირება რომ გავაკეთოთ, როგორც კომუნისტები ამბობდნენ - არ გინდა? - გაიძულებთ! არ იცი? - გასწავლით! პატარა სახელმწიფო ვართ და მაგალითად, ამ აგენტების კანონის მიღებაზე ლაპარაკი რომ დაიწყეს, მთელი მსოფლიო აყვირდა. რატომ? აბა, სიერა-ლეონეში და მსგავს ქვეყნებში ეცადათ ასეთი კანონის მიღება, სულ ფეხზე დაიკიდებდნენ. საქართველო არ ჰკიდიათ ფეხზე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი მონაწილეა გეოპოლიტიკური თამაშებისა და გაცილებით დიდი როლი აკისრია, ვიდრე ტერიტორიით ან მოსახლეობით ჩვენს თანაზომად პატარა სახელმწიფოებს. ამ ბოლო დროს რამე წაგიკითხავთ, მაგალითად, პორტუგალიაზე, ესპანეთზე? არა, ხომ? საქართველოთი კი აჭრელებულია მსოფლიოს მედია. იმის თქმა მინდა, რომ ეს ინტერესი უბრალო არ არის და განპირობებულია იმით, რომ ჩვენ მსოფლიოს ვჭირდებით და ღმერთმა ქნას, სულ ვჭირდებოდეთ. კარგი ვაჭარი თუ ვიქნებით, მაშინ ჩვენ თავს მომგებიანად გავყიდით და თუ არადა, ცუდად გავყიდით და ეგ იქნება.
- ამ მომენტმა, რომ ჩვენი მდებარეობის გამო ვჭირდებით ცივილიზებულ მსოფლიოს, ხელისუფლებას ხომ არ გაუჩინა განცდა, რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებს და ამ "დაჭირვების" გამო გაუვა?
- ჩვენი მდებარეობა კი არ სჭირდებათ, არამედ ჩვენი როლი და ამას უნდა აცნობიერებდნენ ხელისუფლებაში. მდებარეობა არის წერტილი, გეოგრაფიული მდებარეობა და განსხვავება გეოპოლიტიკურ მდებარეობას შორის სწორედ ის არის, თუ რა როლს ვითამაშებთ. ეს არის პრინციპული განსხვავება. გეოპოლიტიკასა და გეოეკონომიკაში არიან აქტიური მონაწილეები. ჩვენ მნიშვნელოვანი აქტორები ვართ გეოპოლიტიკაში და ჩვენი როლი სწორად უნდა შევასრულოთ.
- გამოდის, ჩვენი ხელისუფლება აქცენტს აკეთებს მხოლოდ მდებარეობაზე და არა მოთამაშის როლზე? ეს რა საფრთხის შემცველია ჩვენთვის?
- როცა მერაბ მამარდაშვილი გარდაიცვალა, მაშინ ნეკროლოგში, რომელიც ძლივს გამომიქვეყნეს, დავწერე, რომ საქართველო არის გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყანა და ახლაც ძალიან ბევრ შესაძლებლობას ვკარგავთ ერთმანეთთან ჭიდაობაში. პროვინციალიზმში ვართ გადავარდნილი და ძალიან ბევრ შანსს ვუშვებთ ხელიდან. ყველაზე ცუდი ის არის, თუ კიდევ ერთხელ დავკარგეთ ეს შესაძლებლობა, ჩვენთვის ეს ტრაგიკული იქნება.
- რეალურად არჩევანი გვაქვს, რომ ვიყოთ სერიოზული მოთამაშე ან არ ვიყოთ, ასეა? ხელისუფლება სად უშვებს შეცდომას?
- ჩვენ პატარა გემი ვართ, რომელიც მღელვარე ოკეანეში მიცურავს, მაგრამ მნიშვნელოვანი გემი. ყველა გვაკვირდება და გვქომაგობს, რომ სწრაფად გავიდეთ სამშვიდობოს. ყველაფერი დამოკიდებულია კაპიტანზე, თუ რა ხელოვნებით წარმართავს თავის მარშრუტს. კოლუმბამდეც იყვნენ კაპიტნები, მაგრამ ცუდი მარშრუტი აირჩიეს და ისინი დაივიწყეს, კოლუმბმა კი მსოფლიო შეცვალა. იმიტომ მოვიტანე ეს მაგალითი, რომ ჩვენი გემის მარშრუტი უნდა იყოს ძალიან გაბედული და თუ 30 სვლა არა, როგორც ჭადრაკში ითვლიან, რამდენიმე მაინც უნდა გათვალო, წინ რა გელის. ამიტომ მხოლოდ იმის თქმა, რა ცუდი იყო "ნაციონალური მოძრაობა"“ და რა კარგები ვართ ჩვენ, რა ცუდია ევროპაო და ა.შ., სამშვიდობოს ვერ გაგვიყვანს. მესმის, რომ ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გვქონდეს, მაგრამ კეთილმოსურნე მრჩეველს ყური უნდა დაუგდო.
- ჩანს, მოქმედ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სატრანზიტო ხაზები აქ მაინც გაივლის, იქნება თუ არა ქვეყანა დემოკრატიული და ჰგონია, რომ ახლა ეს კოზირი აქვს. ასეთი დამოკიდებულება რას მოგვიტანს?
- მეჩვენება, რომ აქ თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო მოქმედებს და ყველაფერი ამით არის განპირობებული. თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა, რათა ამ მარშრუტებს საქართველოზე გაევლო. მან დრო იხელთა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს და თურქეთსა და სომხეთს შორის ცუდი ურთიერთობა იყო და უდიდესი საქმე გააკეთა ქვეყნისთვის. მე თავიდანვე ვიყავი ამ პროექტში ჩართული და თავიდან ბი-პი ძალიან სერიოზულად განიხილავდა, რომ მილსადენები აზერბაიჯანიდან სომხეთში გადასულიყო ყარაბაღის გავლით და სომხეთიდან თურქეთში. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, ათასობით გვერდი დავწერეთ, ძალიან ბევრ შეხვედრაში მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის ბი-პის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან, რათა დაგვერწმუნებინა საქართველოს უპირატესობაში. სხვათა შორის, მაშინ ამაში ძალიან დაგვეხმარა ზბიგნევ ბზეჟინსკი, რომელიც სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანი იყო და ხვდებოდა, რომ არაფრით არ შეიძლებოდა საქართველოსთვის გვერდის ავლა. ამერიკის ადმინისტრაციამაც დაუჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში აღარ იყო. ამერიკის ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სხვებს უსმენს და პატივს სცემს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორი კრიტიკულებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენი მთავრობა კი ამბობს, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად აკლიათ.
- კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის რა სარგებლის მომტანი იქნება, თუკი ხელისუფლება მოიქცევა სწორად, ქვეყანა გახდება ღირსეული აქტორი და რაც მთავარია, რა სტატუსი გვექნება, ჩავითვლებით თუ არა საერთაშორისო დონის მოთამაშეებად?
- ბევრი მანქანაა ასამოქმედებელი, მათ შორის ფინანსური, მაგრამ თუ სწორი პოლიტიკა დაისახა და გატარდა, მაშინ ათ წელიწადში ჩვენ შევძლებთ რეგიონის შვეიცარია გავხდეთ. აქ ვგულისხმობ საბანკო სექტორსაც, სატრანზიტო ხაზებსაც და ა.შ. ამის გაკეთება აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება სათანადო პროექტი. ერთ რაღაცას მოგიყვებით - 1997 წლის დასაწყისში თბილისში ჩამოფრინდა ჟაკ შირაკის პირადი ადვოკატი და მისი თხოვნით შევახვედრე ზურაბ ჟვანიას. მან თქვა, რომ ახლა დგება ჰონკონგის პრობლემა, ის ჩინეთს უნდა გადაეცეს, ბანკები თავის ნიშას ეძებენ და მოდი, საქართველოში გადმოვიტანოთ შტაბბინა და თქვენგან მხოლოდ ორი რაღაც გვინდა - მოგების გადასახადი 20%-დან 15%-მდე შეამცირეთ და დივიდენდების გადასახადი 5%-მდეო. ეს არ გააკეთეს და ამიტომ ჰონკონგიდან მთელი ბანკები ლუქსემბურგში წავიდნენ და ააყვავეს ქვეყანა. ჩვენ სამი წლის შემდეგ ეს მაინც გავაკეთეთ, მაგრამ ის უზარმაზარი შესაძლებლობა დავკარგეთ. ამიტომ, ახლაც თუ ასე მოვიქეცით და ძალიან დიდი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, მაშინ მართლა აღარაფერი გვეშველება.
- ხელისუფლება სწორედ იმას ამბობს, დასავლეთი ომში გვითრევს და ამიტომ გვაქვს მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულებაო. საქართველოში ომი და არეულობა ამ პროექტების განხორციელებას არ შეუშლის ხელს?
- კარგი, რა. თქვენც გჯერათ ამ სისულელის, რომ დასავლეთს აქ ომი უნდა? თან ვამბობთ, რომ სატრანზიტო დერეფანია საქართველო და ევროპა დამოკიდებულია ამ დერეფანზე და თან გავიძახით, რომ ომი უნდა? აქ ომი მხოლოდ რუსეთს აწყობს და ეს არაერთხელ მითქვამს. თუ ქვეყანაში სურს ვინმეს არეულობა, ხელისუფლება იმისთვის არის, რომ არ დაუშვას. ზემოთაც ვთქვი და ვიმეორებ - ჩვენ გვაქვს ყველანაირი შანსი, ვიყოთ გეოპოლიტიკური მოთამაშე, გვქონდეს ეს სტატუსი და არ დავრჩეთ მხოლოდ პატარა ქვეყნის სტატუსის მქონედ. ამისთვის კი სწორი და გათვლილი, გაბედული არჩევანის გაკეთებაა საჭირო.
რუსა მაჩაიძე