"ამ ტიპის ბატუტი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც სავალდებულოდ უნდა დაინსპექტირდეს" - შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან აცილება? - რას ამბობს ექსპერტი - კვირის პალიტრა

"ამ ტიპის ბატუტი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც სავალდებულოდ უნდა დაინსპექტირდეს" - შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან აცილება? - რას ამბობს ექსპერტი

12 მარტს ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბასთან საღამოს საათებში ტრაგედია დატრიალდა. ძმები, 10 წლის დავითი და 3 წლის დანიელი ბატუტზე თამაშობდნენ, როცა მოულოდნელად ძლიერი ქარი ამოვარდა. როგორც ამბობენ, ბატუტის კონსტრუქცია მიწაზე ჯაჭვებით იყო მიმაგრებული, მაგრამ უცბად ქარმა ჯაჭვები გაწყვიტა, ბატუტი გაიტაცა, 100-150 მეტრზე გაათრია და გადაბრუნდა, რა დროსაც ბატუტში მყოფი ბავშვები დაშავდნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა. პატარები კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მიღებული ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ დავითის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ექიმების თქმით, ამ დრომდე მძიმეა 3 წლის დანიელის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. პატარას ტრავმები თავის არეში აქვს მიყენებული. ახლა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. არსებული ინფორმაციით, ძმები ბათუმში ცხოვრობდნენ, მათ დედა უკრაინელი ჰყავთ, მამა კი ქართველი.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბავშვის დაღუპვაში დამნაშავე ყველა პირი დაისჯება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს: "ბათუმის ბულვარში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა თითოეული ჩვენგანი. გულითადად ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების უდიდეს მწუხარებას. გამოჯანმრთელებას და ოჯახში მალე დაბრუნებას ვუსურვებ ტრაგედიის დროს დაშავებულ კიდევ ერთ მცირეწლოვანს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება მყისve დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით. გამოძიება ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს და განხორციელდება ადეკვატური რეაგირება..."

ვინ იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოების ზომების კონტროლზე? ამინდის პირობების გაუარესების შემთხვევაში სანაპირო ზონიდან მოქალაქეების გაყვანა ევალება თუ არა ვინმეს? რა ვალდებულებები აქვს ასეთ დროს ბულვარის ადმინისტრაციას? ბოლოს როდის შეამოწმეს ბულვარში ატრაქციონების უსაფრთხოება? - ამ კითხვებზე პასუხები ჯერჯერობით არ არსებობს. ბათუმის ბულვარის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე მოკვლევა მიმდინარეობს და განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. მათი თქმით, ბატუტის მფლობელებს და ატრაქციონის მოიჯარეებს ბათუმის ბულვართან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.

არსებულ კითხვებზე პასუხი არც ბათუმის მერს აქვს. მანაც უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვები და მხოლოდ სამძიმარი გამოუცხადა ოჯახს:

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. მეორე მცირეწლოვანს, რომელიც ტრავმებით მოხვდა საავადმყოფოში, ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს ხელი რომ არ შეეშალოს, ამ ეტაპისათვის სხვა ინფორმაციის გაჟღერება არ შემიძლია. თუმცაღა დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს, თუ რის გამო მოხდა აღნიშნული ტრაგედია", - ამბობს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი. მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ასევე ბათუმის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რეზო ხარაზი: "ჩვენ მალე მივმართავთ საკრებულოს უმრავლესობას, რომ დავიწყოთ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და პარალელურად, შევაგროვებთ ხელმოწერებსაც მოსახლეობაში... ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა ბავშვი დაიღუპა ატრაქციონზე. ჩვენ ვნახეთ უპასუხისმგებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი, რომელიც არც კი პასუხობს კითხვებს, არის თუ არა დაცული უსაფრთხოების წესები ატრაქციონებზე? დავინახეთ, როგორ შეაქცია ზურგი ჟურნალისტებს და არც კითხვებს უპასუხა... მერს არ აუღია პასუხისმგებლობა, როცა ქალაქში ჩამოიქცა საცხოვრებელი კორპუსი, არ იღებს პასუხისმგებლობას ჩამოვარდნილ ლიფტებზე, დამწვარ მრავალსართულიან სახლზე, იმაზე, რომ სახანძრო კიბე არ არსებობს ამ ქალაქში, არც 9 წლის ბავშვის დაღუპვაზე... ყველა ტრაგედიის შემდეგ პასუხისმგებლობას აკისრებენ მუშას ან რომელიმე დაბალი რგოლის წარმომადგენლებს..."

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიულად დაიწყო გამოძიება და 64 წლის მამაკაცი დააკავა. უწყების ინფორმაციით, სწორედ დაკავებული იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე.

ბათუმში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ პრობლემა სერიოზულია და ყველა ატრაქციონის შემოწმებას სთხოვენ ხელისუფლებას. "მე ჩემი თვალით ვნახე ამ ზაფხულს, მაგალითად, 26 მაისის პარკში, რომ ლამის აყირავებული იყო ბატუტი, ძირიდან 11 სანტიმეტრით მაინც წამოწეული. 10 ბავშვი მაინც იყო იქ, ღმერთო, წარმოდგენაც არ მინდა, ის რომ ამოყირავებულიყო... განცდა მაქვს, რომ საერთოდ არავინ ამოწმებს ამას... ღმერთო, ნათელში ამყოფე ამ პატარას სული. გამძლეობა მის მშობლებს. მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამის აცილება. ფაქტია, არაფერს ამოწმებენ. უბედურება რომ მოხდება, მერე კი გამოიდებენ თავს და დაიწყება მსჯელობა - ასე და ისეო. თავის დროზე უნდა გააკეთო გასაკეთებელი, თორემ მერე ამ ტრაგედიებს ვერაფერს ვუშველით. ფაქტია, უსაფრთხოდ ვერ იგრძნობ დღეს თავს, როცა ამდენი უბედურება ხდება. მით უმეტეს, ბათუმში ადრე ამდენი ატრაქციონი არც იყო, ახლა ყველგან არის. არ ვიცი, რამდენად ნებადართულია ეს, რამდენად უსაფრთხო და შემოწმებულია. იმდენად ვარ შეშინებული, ჩემს შვილებს არასოდეს მივიყვან ატრაქციონებზე გასართობად... ყველგან უნდა იყოს მკაცრი კონტროლი, არ უნდა გვეშინოდეს", - შემოგვჩივლა ადგილობრივმა.

რა ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა 64 წლის მამაკაცმა გამოძიებას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე გამოძიება გრძელდება. უნდა გაირკვეს, შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან აცილება.

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ დარგის სპეციალისტს, ექსპერტ სანდრო შელიას.

- ბათუმში მომხდარ ტრაგედიაში ვის პასუხისმგებლობას ხედავთ? საერთოდ კონტროლის რა მექანიზმები არსებობს?

- ზოგადად, ატრაქციონი ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტია, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ ინსპექტირებას, თუმცა ამ ტიპის ბატუტი, რომელზეც ეს უბედურება მოხდა, არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც სავალდებულოდ უნდა დაინსპექტირდეს. სხვა სახის ატრაქციონებს კი 2 წელიწადში ერთხელ უწევთ ინსპექტირება და დაახლოებით 40-მდე ასეთი ატრაქციონია. ჩვენი კომპანია დაახლოებით 10 ასეთ ობიექტს ამოწმებს წელიწადში ერთხელ; ასევე არიან სხვა კომპანიები, რომლებიც ანალოგიურ შემოწმებებს ახორციელებენ. რაც შეეხება მომხდარ შემთხვევას, აქ ბევრი დეტალია გასარკვევი, ამისთვისაა საჭირო გამოძიება. უნდა გაირკვეს, შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის აცილება. როცა არის ისეთი ობიექტი, რომელიც არ საჭიროებს შემოწმებას, ასეთ დროს თვითონ ობიექტის მეპატრონეა პასუხისმგებელი და ვალდებული, ყველა ტიპის უსაფრთხოების ზომები დაიცვას.

- გარკვეული პირები თვლიან, რომ მერიის პასუხისმგებლობა იკვეთება ან თუნდაც, ბულვარის ადმინისტრაციის. ეთანხმებით ამას?

- პირდაპირი პასუხისმგებლობა არ არის. ვფიქრობ, უნდა შეიკრიბონ გამოცდილი სპეციალისტები, შექმნან საექსპერტო კომისია და მიიღონ გადაწყვეტილება, ხომ არ არის გადასახედი კანონმდებლობა? ხომ არ არის საჭირო თუნდაც იმ ობიექტების ნუსხა გაიზარდოს, რომელსაც ტექნიკური შემოწმება შეეხება. რთული საინჟინრო კონსტრუქცია რომელსაც აქვს და სადაც მოძრაობის სიჩქარე მაღალია, მხოლოდ ისინი მოწმდება. მეორე საკითხია, რასაც კანონი გვავალდებულებს, თუ სრულდება? მაგალითად, ლიფტები 3 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს, მაგრამ მოწმდება? რომ შეამოწმო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხომ მინიმუმამდე დავა უბედური შემთხვევების რისკი?!.

ადამიანებს ბავშვი გასართობ ადგილებში რომ მიჰყავთ, აქვთ მოლოდინი, რომ უსაფრთხო გარემოში არიან. ის გენდობა შენ, პასუხისმგებელ პირს. თუნდაც ლიფტის ღილაკს რომ დააჭერს თითს, უკვე გენდობა. ბავშვს რომ ატრაქციონზე მიიყვანს, სჯერა, რომ ზომები დაცულია და არ გაქვს უფლება, მათ ეს მოლოდინი, იმედი გაუცრუო.

ახლა ძალიან ძლიერი ქარი იყო ბათუმში; იმდენად ძლიერი, რომ სხვა ობიექტებიც დააზიანა, ამიტომ ამ შემთხვევაში, გამოძიებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის დაადგენს, შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან არიდება.

პარალელურად, უნდა დავიწყოთ პრობლემების აღმოფხვრაზე ფიქრი და მოქმედება. ჩვენი თვითმიზანი ხომ არ არის კონკრეტული ადამიანების დასჯა, ჩვენი მიზანია პრობლემის აღმოფხვრა, რომ ასეთი ტრაგედიები ან არ ხდებოდეს, ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"