"ჩემპიონობა მსურს და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ ამას ვიმსახურებ" - კვირის პალიტრა

"ჩემპიონობა მსურს და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ ამას ვიმსახურებ"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა კარიერაში ყველაზე პრინციპული ბრძოლა მოიგო: 12 მარტს მან რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ მერაბმა ემოციურად განაცხადა:

"ძალიან ამაყი ვარ. მადლობა თითოეულ ქართველს, ვინც ლას-ვეგასში ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდა; მადლობა ყველას, ვინც ეკრანიდან ადევნებდა თვალს ჩემს ბრძოლას. ქართველები მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ვართ ძალიან ძლიერები. უბედნიერესი ვარ, რომ აქ ვარ და ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ.

არაერთხელ ვთქვი, რომ ეს ბრძოლა ჩემთვის პირადი დაპირისპირება იყო და ძალიან ვეცადე პროფესიონალად დავრჩენილიყავი, ამაში ჩემი გუნდი მეხმარებოდა. პიოტრმა ჩემზე თქვა, ნულიაო. ვინ არის ახლა ნული, ვინ არის ნულიიი?!.

ჩემი საბრძოლო სტილი ყველას ანგრევს, მხოლოდ ალჯამეინ სტერლინგთან, ნამდვილ ჩემპიონთან მაქვს ხოლმე რთული რაუნდები. სხვა შემთხვევაში კი ყველამ იცის. ნებისმიერს მივმართავ: ვისაც უნდა, იმას ვეჩხუბები.

ალჯო მეუბნებოდა, ქამარზე ჩხუბი მოითხოვეო. ეს ბიჭი ჩემი ძმაა, როცა საკუთარ მოსაგებ ბრძოლებს მოიგებს, ქვემსუბუქ წონაში აინაცვლებს და მე ტიტულზე ვიბრძოლებ. რა თქმა უნდა, ჩემპიონობა მსურს და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ ამას ვიმსახურებ.

მინდა ვთქვა, მე ომის წინააღმდეგი ვარ! დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება. შეაჩერეთ ომი, ის უნდა დასრულდეს! და საქართველო, მიყვარხართ, ყველას ძალიან დიდი მადლობა!.."

ამ გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსულმა სპორტულმა გამოცემა სოვსპორტ-მა მერაბ დვალიშვილსა და ალჯამეინ სტერლინგზე ირონიული სტატია გამოაქვეყნა და მათ ტროლებიც უწოდა...

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა:

"ჩემთვის ეს უბრალოდ მეტია, ვიდრე ბრძოლა. მე ჩემი ხალხისთვის უნდა ვიბრძოლო. არაფერი პირადული, მაგრამ გვინდა თუ არა ეს, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოდის. უნდა ვიბრძოლო მტკიცედ, მოვიგო და ჩემი ხალხი გავაბედნიერო. გუნდთან ერთად უნდა დავამტკიცო, რომ უკეთესები ვართ.

ჩემთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. ის კარგი, მაგრამ სულელი მებრძოლია. ჯობია დარწმუნდეს, რომ წესები იცის, იმიტომ რომ მან ჩემს მეგობარ ალჯამეინ სტერლინგს აკრძალული დარტყმა მიაყენა. და კი, - როდესაც აბუ-დაბიში შევხვდით, ის უპატივცემულოდ იქცეოდა", - განაცხადა მერაბმა UFC Unfiltered-ის პოდკასტში.

"გვინდა ვურჩიოთ პიოტრ იანს, რომ მერაბ დვალიშვილს რუსეთის ისტორიის კურსი შეახსენოს და ეს შეხსენება UFC-ის გალიაში გააკეთოს, თანაც არ გაჩუმდეს. შემდეგ კი ალჯამეინ სტერლინგს გეოგრაფიის გაკვეთილები ჩაუტაროს, სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი რისთვის კეთდება?" - ვკითხულობთ სოვსპორტ-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

საბედნიეროდ, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, კარიერაში ყველაზე პრინციპული ბრძოლა მოიგო. დაპირისპირება ხუთი რაუნდი გაგრძელდა და ქართველის უპარტესობით წარიმართა. ხუთივე რაუნდში დვალიშვილი დომინირებდა, საბოლოოდ კი ქართველმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მერაბმა ეს შესაძლებლობა - სავსე დარბაზი, ტელეეკრანთან კი მილიონობით მაყურებელი იმისთვის გამოიყენა, რომ ყველას გასაგონად ეთქვა: "დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას".

დარბაზში მერაბს არაერთი ქართველი გულშემატკივრობდა და წარმატების სიხარული ქართველმა მებრძოლმა მათთან ერთად გაიზიარა.

დვალიშვილის ფანებმა კარგად იციან მერაბის ყელსაბამის შესახებ - მას ყოველთვის თან აქვს საქართველოს რუკის ფორმის ყელსაბამი და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, მებრძოლმა ის რეპორტიორებსაც აჩვენა.

როგორც დვალიშვილმა "სეტანტა სპორტთან" საუბრისას თქვა, მან შეტყობინება მიიღო, სადაც ეწერა, რომ მომდევნო ბრძოლის დროს არ ჰქონდა უფლება ეს ყელსაბამი თან ჰქონოდა, თუმცა მან ალტერნატიულ გზას მიმართა და საქართველოს რუკის ფორმის ტატუ გაიკეთა.

"მომწერეს, მეილი მომივიდა, მითხრეს, რომ არ მქონდა უფლება შემდეგ ბრძოლაზე ჩემი ყელსაბამი გამომეტანა, მე ავდექი და ტატუ გავიკეთე. ჩემი საქართველო მაქვს გულთან ახლოს და ყოველთვის ვეცდები, რომ ღირსეულად წარმოვადგინო..."

ჟურნალი "გზა"