სომხები ინდური არტილერიით იარაღდებიან - რას შეცვლის ეს სამხრეთ კავკასიაში? - კვირის პალიტრა

სომხები ინდური არტილერიით იარაღდებიან - რას შეცვლის ეს სამხრეთ კავკასიაში?

155 მმ კალიბრის ნატოს სტანდარტის ჭურვებზე სომხეთის არმიის არტილერიის გადაყვანა იმას მიუთითებს, რომ ერევანს მოსკოვის იმედი ნაკლებად აქვს, ბაქოსთან ომის განახლების შემთხვევაში...

თუკი პაკისტანი საერთოდ არ ცნობს სომხეთს და აქტიურად უჭერს მხარს აზერბაიჯანს, მის ჯინაზე ინდოეთი სომხეთის არმიის შეიარაღებით გაძლიერებას იწყებს...

სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს ახალი სერიოზული მოკავშირეები უჩნდებათ არცთუ ახლო საზღვარგარეთიდან...

ამჯერად ჩვენს საქართველოზე ლაპარაკი არ გვაქვს, მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ჯერ კიდევ "ნელთბილი" ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, მთელ მსოფლიოში აქტიურად ეძებენ ისეთ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც მათ არმიებს დამატებითი შეირაღებით გააძლიერებდა სავარაუდო მომავალი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე...

აზერბაიჯანისთვის საიმედო სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც მის არმიას ათწლეულებია, თანამედროვე იარაღით ამარაგებენ, თურქეთისა და ისრაელის გარდა, პაკისტანიც წარმოადგენს, რომელსაც გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა სომხეთთან.

სომხეთი, თავის მხრივ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე და დაშლის შემდეგაც, ძირითადად, მხოლოდ რუსეთის მხრიდან შეირაღების მიწოდებაზე იყო დამოკიდებული, თანაც ძალზე დაბალ ფასებში, ხშირად - უფასოდაც.

მაგრამ ამ სქემამ აღარ იმუშავა სამი წლის წინ, ყარაბაღის ბოლო ომის დროს და კრემლმა, ფაქტობრივად, გაწირა ერევნის ინტერესები ყარაბაღში, თუმცა, სამაგიეროდ, თავად ჩააყენა რუსული "სამშვიდობო ძალები" იქ.

ამასთან, იგივე რუსეთი დაუბრკოლებლად ყიდდა თანამედროვე შეტევით შეირაღებას სამხრეთ კავკასიაში მისი "ფორპოსტის" - სომხეთის მთავარ მტერზე, აზერბაიჯანზე (თანაც იარაღის მსოფლიო ბაზრის ფასებით), რამაც თავისი დიდი როლი შეასრულა ყარაბაღის ბოლო ომში აზერბაიჯანის არმიის გამარჯვებაში...

სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას არცთუ იდეალური ურთიერთობა აქვს კრემლის მთავარ ბინადართან, რაც ერევანს აიძულებს, ეძებოს ახალი გზები ომში დამარცხებული სომხეთის არმიის სასწრაფოდ გადასაიარაღებლად და გასაძლიერებლად.

სომხეთის მთავრობას და სამხედროების ნაწილს აღარ აქვთ "დაუმარცხებელი" რუსული იარაღის დიდი იმედი (მით უმეტეს - უკრაინის ომის გათვალისწინებით) და ამიტომაც ცდილობენ, თავისი არმია ნელ-ნელა შეიარაღების დასავლურ სტანდარტებზე გადაიყვანონ, რომელიც ბევრად უფრო მეტ საბრძოლო ეფექტიანობას გამოავლენს აზერბაიჯანის არმიასთან მოსალოდნელ ახალ ომში.

მთავარი კი ყარაბაღის ბოლო ომში, ისევე, როგორც დღეს უკრაინაში, მაინც "ომის ღმერთი" - არტილერიაა, რომელიც ყველაზე მეტ დანაკლისს აყენებს მოწინააღმდეგეს ბრძოლის ველზე.

2-som-1679301032.png
მაღალმობილური, 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი MArG 155/39, რომლის პარტიაც სომეხმა გენერლებმა ინდოელებს შეუკვეთეს

ამიტომაც სომხეთმა განიზრახა, პირველ რიგში, სასწრაფოდ ნატოს სტანდარტის 155 მმ კალიბრის საარტილერიო დანადგარებისა და საარტილერიო ჭურვების შეძენა, რომლებიც იმავე კლასის საბჭოთა/რუსული 152 მმ კალიბრის ჭურვებისგან სროლის უფრო მეტი მანძილითა და სიზუსტით გამოირჩევიან.

და ერევანმა ამ მხრივ პარტნიორად... ინდოეთი იპოვა, რომლისგანაც 155 მმ-კალიბრიანი MArG 155/39 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების შეძენას აპირებს.

ეს დანადგარი მაღალი გამავლობის საავტომობილო ძარაზეა დამონტაჟებული და, ძირითადად, გათვალისწინებულია მთებში საბრძოლველად, რაც ესადაგება სომხეთ-აზერბაიჯანის მომავალი შესაძლო ომის მოთხოვნებს.

საგულისხმოა, რომ ეს თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ინდოელმა კონსტრუქტორებმა სულ რაღაც რვა თვეში სწორედ სომეხი გენერლების დაკვეთით შექმნეს და გამოსცადეს.

გარდა ამისა, სომხეთის არმიამ ინდოეთს, სავარაუდოდ, ასევე დაუკვეთა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები Pinaka და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები MRSAM.

3-som-1679301069.jpg
სომხეთის ცა შეიძლება ასეთმა ინდურმა მობილურმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა MRSAM–მაც დაიცვან, თუკი ისრაელი ამის უფლებას მისცემს (რაც ძნელად დასაჯერებელია ისრაელ-აზერბაიჯანს შორის არსებული მჭიდრო სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობიდან გამომდინარე), რადგან ის ინდოეთ-ისრაელის ერთობლივი ძალითაა შექმნილი.

.

მართალია, ინდოეთის არმია გადაჯერებულია საბჭოთა/რუსული სტანდარტის შეიარაღებით, მაგრამ სომხეთის მიერ შეკვეთილი იარაღი დასავლური სტანდარტითაა შექმნილი, რაც იმას მიუთითებს, რომ ერევანს სურს, თანდათანობით თავი დააღწიოს კრემლზე სრულ დამოკიდებულებას და არმია, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანა, დასავლეთისკენაც შეაბრუნოს...

ოფიციალური ერევნის ეს მცდელობა უცილობლად გამოიწვევს რუსეთის ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯებს (რის პირველ ნიშნებსაც წარმოადგენს სომეხი ეროვნების რუსი პროპაგანდისტების "აყაყანება", რისთვისაც ფაშინიანის მთავრობამ მათ სომხეთში ჩასვლაც კი აუკრძალა), მათ შორის - სომხეთის სათავეში პრორუსი მთავრობის "დაბრუნების" ძალისმიერი მეთოდებით მცდელობების ჩათვლით...