"12 წლის ასაკში მშობლების მოთხოვნას დაემორჩილა და სკოლაში წავიდა. დისლექსიის გამო მას პრობლემები ჰქონდა" - ენტონი ჰოპკინსის კარიერა და პირადი ცხოვრება
ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის არცთუ ბევრია ისეთი ლეგენდარული მსახიობი, როგორიც ენტონი ჰოპკინსია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ლეგენდად სიცოცხლეში იქცა. მსახიობმა საკმაოდ რთული გზა გაიარა იქამდე, ვიდრე პოპულარული გახდებოდა.
ბავშვობა
მომავალი ვარსკვლავი უელსში 1937 წლის 31 დეკემბერს დაიბადა. მშობლები - რიჩარდ არტური და მიურიელ ენი საცხობს ფლობდნენ. თავდაპირველად ენტონი სახლში იღებდა განათლებას, ბოლოს კი, 12 წლის ასაკში, მშობლების მოთხოვნას დაემორჩილა და სკოლაში წავიდა. თუმცა, უელსის Jones' West Monmouth-ის ვაჟთა სკოლაში ახალგაზრდა ჰოპკინსი მხოლოდ 2,5 წელი სწავლობდა, დისლექსიის გამო მას პრობლემები ჰქონდა.
დისლექსიის გამო ჰოპკინსმა გადაწყვიტა, რომ ხელოვნების სფერო აერჩია, კარგად ხატავდა და ფორტეპიანოზეც უკრავდა, თუმცა მოგვიანებით, 1952 წელს, მან ცნობილი მსახიობი რიჩარდ ბერტონი გაიცნო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მსახიობობა.
ბერტონმა ბიჭი დაარწმუნა, რომ შეძლებდა მსახიობობას და ენტონიმ 1957 წელს უელსის მუსიკისა და დრამის კოლეჯში ჩააბარა, რომელიც წარმატებით დაასრულა. კოლეჯის შემდეგ ის დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებშიც მსახურობდა. ამის მერე ის საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და დრამატურგიული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა.
მსახიობის დიპლომი რომ მიიღო, ის ჯერ ლონდონში, პატარა თეატრში, შემდეგ კი - ეროვნული სამეფო თეატრის სცენაზე თამაშობდა. ამ პერიოდში ჰოპკინსი კინოში ეპიზოდურ როლებსაც ასრულებდა, პირველი წარმატებული ფილმი კი არის „ლომი ზამთარში“, რომელიც 1969 წელს იხილა მაყურებელმა. მასთან ერთად ფილმში თამაშობდნენ პიტერ ო'ტული, კატრინ ჰეპბერნი და ტიმოთი დალტონი. ფილმმა 3 "ოსკარი", 2 „ოქროს გლობუსი“ და ბრიტანული კინოაკადემიის 2 პრემია მიიღო.
1970-იან წლებში მსახიობმა კარგი შემოთავაზება მიიღო, მან ფილმში When Eight Bells Toll მთავარი როლი შეასრულა, შემდეგ კი პიერ ბეზუხოვის როლი შეასრულა სერიალში „ომი და მშვიდობა“. ამ როლისთვის ჰოპკინსმა BAFTA-ს პრემია მიიღო. პროექტს ლევ ტოლსტოის ნაწარმოების საუკეთესო ეკრანიზაციად მიიჩნევდნენ.
მსახიობმა უდიდეს წარმატებას 1990-იან წლებში ჰანიბალ ლექტერის პერსონაჟის განსახიერებით მიაღწია ფილმში - „კრავთა დუმილი“. ფილმმა მსახიობს პირველი ოსკარიც მოუტანა, ჰოპკინსმა მიიღო კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მამაკაცის საუკეთესო როლისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე ხანმოკლე შესრულება, რომელმაც ოსკარი მიიღო. ჰოპკინსი ეკრანზე მხოლოდ 16 წუთის განმავლობაში გამოჩნდა. მოგვიანებით მან ხელახლა განასახიერა ლექტერი ფილმებში „ჰანიბალი” და „წითელი დრაკონი“.
ლექტერის პერსონაჟის შემდეგ მსახიობი მაყურებლის წინაშე აბრაჰამ ვან ჰელსინგის როლშიც წარდგა, ფილმში - „დრაკულა“. ფილმმა უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის - „ოსკარი“.
1999 წელს ჰოპკინსმა ბრედ პიტთან ერთად ითამაშა ფილმში „გაიცანით, ჯო ბლექი“, რომელიც მისტიკური დრამა გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მსახიობმა უამრავ კარგ ფილმში მიიღო მონაწილეობა და საინტერესო პერსონაჟი შექმნა, მათ შორისაა ფილმები: „ნიქსონი“, „ზოროს ნიღაბი“, ბეოვულფი“ „ჰიჩკოკი“. მსახიობის ფილმებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს „დღის ნარჩენები“, რომელმაც ოსკარის 8 ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმი ნობელიანტი მწერლის, კაძუო იშიგუროს რომანის მიხედვითაა გადაღებული და ომის პერიოდში დიდი სიყვარულის ისტორიას გვიყვება.
მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა ფილმმა „რიტუალი“, სადაც მსახიობი მღვდლის როლს თამაშობს, რომელიც ეგზორციზმის ექსპერტია.
მოგვიანებით ჰოპკინსი „მარველის კომიქსებით“ დაინტერესდა და მსახიობი „თორში“ გადაიღეს, რომლის პრემიერაც მაყურებელმა 2011 წელს იხილა.
კიდევ ერთი წარმატებული ფილმი „ექსტრასენსები“ აღმოჩნდა, სადაც ექსტრასენსი ჰოპკინსი გამომძიებლებს მკვლელობის გახსნაში ეხმარება.
2017 წელს მსახიობმა გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააოცა, მან „ტრანსფორმერებში“ მიიღო მონაწილეობა.
2019 წელს მსახიობმა „ნეტფლიქსის“ პროექტში - „ორი პაპი“ მიიღო მონაწილეობა.
„იძულებული გავხდი, იტალიური და ლათინური მესწავლა, ასევე, გერმანული აქცენტი ამეთვისებინა. ფილმში რეალურ ადამიანს - ბენედიქტ XVI-ს ვასახიერებ, რომელიც, როგორც ცნობილია, გერმანელი იყო. ჯონათან პრაისთან აქამდე არ მითანამშრომლია, ის შეუდარებელია! საოცარი გადაღებები იყო. ყოველი ეპიზოდის გადაღებას ორ დუბლზე მეტი არ სჭირდებოდა. სცენების უმეტესი ნაწილი სიქსტის კაპელაში გადავიღეთ“, - იხსენებს მსახიობი გადაღებებს ჟურნალისტ სეზარ გრეიფთან საუბრისას.
ფილმში The Father შესრულებული როლისთვის, ენტონი ჰოპკინსმა კარიერაში მეორე „ოსკარი“ მოიპოვა, ამის შემდეგ მან საზოგადოებასაც მიმართა:
"83 წლის ვარ და არ მეგონა, ამ ჯილდოს თუ მივიღებდი. დიდი მადლობა ამერიკის კინოაკადემიას. მინდა, პატივი მივაგო ჩედვიკ ბოუზმენს, მან ნაადრევად დაგვტოვა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ეს დიდი პატივია", - აღნიშნა მსახიობმა მიმართვაში.
პირადი ცხოვრება
საინტერესო კარიერასთან ერთად მსახიობს საინტერესო პირადი ცხოვრებაც აქვს.
პირველად ის 1967 წელს ნორვეგიელ მსახიობზე - პეტრონელა ბარკერზე დაქორწინდა. მათი ქორწინება 5 წელს გაგრძელდა. ქორწინებიდან 1 წლის შემდეგ მათ გოგონა - აბიგაილ ჰოპკინსი შეეძინათ. აღსანიშნავია, რომ პირად ცხოვრებაზე და შვილზე საუბარი მსახიობს არ უყვარს.
„ოჯახები ინგრევა, ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, ასეც ხდება, საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვრო“, - განაცხადა მსახიობმა Radio Times-თან ინტერვიუში.
მსახიობის მეორე ცოლი ჯენიფერ ლინტონი გახლდათ. ოფიციალურად ისინი 2002 წელს განქორწინდნენ, აქამდე კი იყო შემთხვევები, როცა წყვილი ერთმანეთს დროებით შორდებოდა, შემდეგ კი - ისევ რიგდებოდა.
ჯენიფერთან განქორწინების შემდეგ მას რამდენიმე რომანი ჰქონდა, ერთ-ერთი კი ტელევარსკვლავი მართა სტიუარტი იყო, რომელიც თავად დაშორდა მსახიობს, რადგან როგორც განაცხადა, ჰოპკინსში არა საყვარელ მამაკაცს, არამედ - ჰანიბალ ლექტერს ხედავდა.
ენტონის მესამე მეუღლე კოლუმბიელი მსახიობი სტელა აროიავია. ისინი დღემდე ერთად არიან.
როგორც ცნობილია, ჰოპკინსი ალკოჰოლური დამოკიდებულების გამო მკურნალობდა კიდეც. ის ალკოჰოლისკენ მიდრეკილების შესაჩერებლად შეხვედრებზეც დადიოდა. სწორედ ამის დახმარებით, 1975 წელს მსახიობმა მოახერხა და ალკოჰოლის სმა შეწყვიტა.
"45 წლის წინ ჩემი ცხოვრება ფსკერისკენ მიექანებოდა. იმ დროს საკუთარ თავს დავუსვი კითხვა - "სიცოცხლე გსურს თუ სიკვდილი"? ალბათ, მიხვდით, რომ სიცოცხლე ავირჩიე. მოგვიანებით შვება ვიგრძენი და ცხოვრება მშვენიერი გახდა”, - იხსენებს მსახიობი.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდად ქცეული მსახიობის ფილმოგრაფია 110-ზე მეტ ფილმს ითვლის, აქედან უდიდეს ნაწილში მან მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. მცირე ნაწილი კი საკუთარი რეჟისურითაა გადაღებული.
“დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება - სიზმარია. ამას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემს განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედავ, ვხვდები, რომ ეს სიზმარი, ოცნებაა“.