"პოლიციაში 25-წლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, პენსიაში გასულიყო და დრო იმ საქმისთვის დაეთმო, რომელიც ყოველთვის გამორჩეულად იზიდავდა" - კვირის პალიტრა

"პოლიციაში 25-წლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, პენსიაში გასულიყო და დრო იმ საქმისთვის დაეთმო, რომელიც ყოველთვის გამორჩეულად იზიდავდა"

ამა თუ იმ ნახატზე მუშაობის დროს საათობრივად აღრიცხავს. დაახლოებით 650 საათი მოანდომა ნახატს „ჰარმონია“, რომელსაც მისი პირველი პერსონალური გამოფენა უნდა გაეხსნა. შემდეგ სპეციალურად ამ დღისთვის კერძო კოლექციებიდან გამოითხოვა სხვადასხვა წელს შექმნილი ნახატები და თავი გალერეა „იარტში“ მოუყარა...

ჰიპერრეალისტი, თვითნასწავლი მხატვრის - დავით თელიას შემოქმედებას ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების დიდი ნაწილი სოციალური სივრცის საშუალებით იცნობს; თუმცა, ფანქრით შესრულებული ნამუშევარების ფოტოსგან გარჩევა არა მხოლოდ ინტერნეტსივრცეშია რთული, არამედ მაშინაც, როცა ამა თუ იმ ნახატთან პირისპირ დგები. თითოეულ დეტალს, ფერებსა და შუქჩრდილის თამაშს გაოცებული აკვირდები და ავტორის საშემსრულებლო ტექნიკა, მისი გამძლეობა, ნებისყოფა, დისციპლინა, სიზუსტე და ისეთი წვრილმანი დეტალების დანახვა გაკვირვებს, როგორიც არის: გოგონას მარმარილოსებრი სახის კანი, ხანში შესული ინდოელი ქალბატონის ღრმა ნაოჭები, ხელით დაქარგული ძველი ჩაის ტილოს მაქმანები და წითელ-ყვითელ ვაშლზე შავი „ხალი“.

მის ყველაზე ცნობილ ნახატებს შორის, ხათუნა იოსელიანისა და მარინა კახიანის პორტრეტებია. თავდაპირველად სასურველ სახეებსა თუ სიუჟეტებს სხვების გადაღებულ ფოტოებში ეძებდა, ახლა კი ინტერესის ობიექტს ფოტოს თავად უღებს. ადამიანია ეს, ნატურმორტი თუ სხვადასხვა კომპოზიცია, ფოტოსესიებს აწყობს და მათგან საუკეთესო კადრის მიხედვით, უმეტესად დიდი ფორმატის ქაღალდზე, ფერადი ფანქრებითა და ნახშირით ფოტოგრაფიული სიზუსტით იწყებს ხატვას.

შინ, პატარა ოთახში, ამა თუ იმ ნახატზე მუშაობის დროს საათობრივად აღრიცხავს. წამმზომი ჩართულია და ითიშება მაშინ, როცა დროებით წყვეტს მუშაობას. შემდეგ კი ათვლა იმ წუთიდან გრძელდება, როცა ყოველ მორიგ ჯერზე, ფანქარს იღებს ხელში და ერთი კონკრეტული ნახატის შექმნის პროცესი ნელ-ნელა ფინალისკენ მიდის. ეს ამ ტექნიკის მფლობელთა „დაუწერელი წესი“ ყოფილა და ისიც პირნათლად იცავს. შესაბამისად, იცის, რომ 450 საათი დასჭირდა ნახატს „გოგონა თეთრ კაბაში“, 350 საათი მოანდომა ნამუშევარს „გოგონა ბეღურით“ და ა.შ.

კითხვაზე, თუ რა არის მისთვის ყველაზე კომფორტული სამუშაო მასალა, ასე მპასუხობს:

„ფანქარისა და ნახშირის ერთობლივი ტექნიკა, რითაც მივაღწიე იმ საფეხურს, რასაც ჰიპერრეალიზმი ჰქვია“. ხოლო მისი ნატურმორტების შექმნისას, ყველაზე დიდი სიამოვნებით ხატავს ხურმას, რომლის საღ ნაყოფს და მწიფე ფერს ფანქრების მეშვეობით ქმნის.

დავით თელიას ხატვა ბავშვობიდან იტაცებდა. რეალისტური ნახატებიც იმ პერიოდიდან ხიბლავდა. გამორჩეულად ჰოლანდიური მხატვრობა აინტერესებდა და ჟანრებს შორის - ნატურმორტები. სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად პედაგოგებთანაც ემზადებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ცხოვრებამ თუ ბედმა, აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით წაიყვანა: ჯერ იყო „გეპეი“, გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ფაკულტეტზე სწავლა, შემდეგ მოსკოვში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, სადაც მხატვრად მუშაობდა და საბჭოთა კავშირის პერიოდისათვის დამახასიათებელი „წესების“ თანახმად, ლენინის არაერთი პორტრეტები შექმნა. ხატავდა ისეთი ნამუშევრებს, რომლის მთავარი თემა იყო: „კომკავშირი“ ან „როგორ ვითარდებდა კომკავშირი“. ხელმძღვანელობას მისი ნახატები მოსწონდა და ერთხელაც, მორიგი პორტრეტის შესრულება რომ დაუკვეთეს, იფიქრა, ასე თუ გაგრძელდებოდა, იძულებული იქნებოდა იქ კიდევ დიდხანს დარჩენილიყო. ამიტომ დასახმარებლად მამას დაურეკა: ესენი ჩემს გამოშვებას არ აპირებენ და რამე მიშველეო. ისიც, ნაწილის უფროსთან „ძღვენით“ ჩავიდა, 2 ბოთლი არაყი მიართვა და დავით თელია მეორე დღეს თბილისში გამოუშვეს.

შემდეგი საფეხური იყო იურიდიული ფაკულტეტი და შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული წლები. თუმცა, პოლიციის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი სამსახურის პარალელურად, თავისუფალ დროს თუ შვებულებისას, ყოველთვის ხატავდა. პოლიციაში 25-წლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, პენსიაში გასულიყო და დრო იმ საქმისთვის დაეთმო, რომელიც ყოველთვის გამორჩეულად იზიდავდა. ხატავდა ბევრს, საკუთარ თავზე მუშაობდა და საბოლოო ჯამში, მისმა ნამუშევრებმა ის სახე მიიღო, რომლითაც უკვე ჩათვალა, რომ შეეძლო ფართო საზოგადოების წინაშე წარმდგარიყო.

- ბატონო დავით, თქვენს ნამუშევრებს უამრავი ადამიანი აფასებს დადებითად, მაგრამ პირადად თქვენ, გამორჩეულად რა სიტყვები და ემოცია დაგამახსოვრდათ?

- ჩემი პირველი პერსონალური გამოფენისას მნიშვნელოვანი იყო მხატვრებისა და ხელოვნებათმცოდნეების შეფასება, რადგან ახლობლების და იმ ადამიანების ემოციები, ვინც დახატული მყავს, უკვე ვიცოდი. გამოფენაზე პროფესიონალებმა ისე შემაფასეს, რომ თან გამიკვირდა და თან ძალიან მესიამოვნა. რაც შეეხება სიტყვებსა და ემოციებს, გამოფენაზე წარვადგინე ჩემი ახალი ნამუშევარი „ჰარმონია“. ექსპოზიციის გახსნის დღეს, კედელზე დაკიდებულ ნახატს ქსოვილი რომ მოვაშორეთ, მახსოვს დარბაზში მყოფთა რეაქციები: „ვაიმეეე“ (იღიმის). აი, ეს წუთებია გამორჩეული... ამ ნახატზე საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე და მასზე ჩემი ნათესავი გოგონაა აღბეჭდილი. რამდენიმე ფოტოსესია გვქონდა. მინდოდა ვარდებით გარემოცული ლამაზი, ჩაფიქრებული მოდელი ჰარმონიულ მდგომარეობაში, მშვიდი და გაწონასწორებული იერით წარმომეჩინა. ვფიქრობ, გამომივიდა.

- დღეს სოციალური სივრცე „მუდმივმოქმედი გამოფენების“ გამართვის შესაძლებლობას იძლევა. თუ გახსოვთ, პირველად საჯაროდ როდის და რა ნამუშევარი გამოფინეთ?

- პირველად ნამუშევარი მაშინ გავასაჯაროე, როცა სკოლაში ქართულის მასწავლებელმა მე და ჩემს კლასელს გვთხოვა, მოთხრობიდან „კაცია-ადამიანი?!“ ლუარსაბისა და დარეჯანის კარ-მიდამო დაგვეხატა. ორივემ დამოუკიდებლად ვიმუშავეთ. საკლასო ოთახში პირველად გოჩას ნახატი გაიხსნა: ლამაზად გაწყობილი თავადური სახლი, წითლად გადახურული კრამიტით, ეზოს გამართული ღობე აკრავს, ხარობს ხეხილი. მე კი ნახატი „ცივ ფერებში“ გადავწყვიტე. დავხატე ძველი სახლი, ალაგ-ალაგ ჩამონგრეული სახურავით, გადაწოლილი ღობით, ეზოში გამხმარი ხით. ნახატი ბავშვებს არ მოეწონათ და დაიჭყანნენ, ჩვენმა ქართულის მასწავლებელმა კი შემაქო. ეს იყო ჩემი პირველი დადებითად შეფასებული ნამუშევარი. რაც შეეხება სოციალურ ქსელს, როცა ჩემი ნახატების იქ გამოვფინე, მახსოვს, პირველი პაატა მძინარიშვილის რეაქცია იყო: „ძმაო, შენ რა მაგარი ყოფილხარო!..“

- წინ რა გეგმებია?..

- ბევრი იდეა მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობა ჰიპერრეალისტურ სტილში, ქართული ნაწარმოების პერსონაჟების შექმნით გავაგრძელო. რადგან იდეების მოპარვა ბევრს სჩვევია, კონკრეტულად ნაწარმოებს არ გეტყვით (იღიმის). „ვეფხისტყაოსანს“ ნამდვილად ვერ „შევეჭიდები“, თან, ის დღემდე არაერთი ბუმბერაზი მხატვრის მიერ არის ილუსტრირებული, მაგრამ ერთ, უკვე კლასიკად ქცეულ ნაწარმოებს ავირჩევ, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პერიოდულად ისევ მექნება საყვარელ ნატურმორტების ჟანრთან კავშირი. ასე მაქვს გადაწყვეტილი და მინდა ამ საქმეს ბოლომდე მივყვე.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"