"ხვიჩა ჩვენიც არის" - როგორ გულშემატკივრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში ხვიჩა კვარაცხელიას და რას წერენ ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავზე
უკვე თვეებია, რაც ქართველი გულშემატკივარი იტალიური "ნაპოლის" ყველა თამაშს გულისფანქცალით ელოდება. ფეხბურთის ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კი, ყოველი თამაშით სიხარულს ჩუქნის ქომაგს. "ნაპოლი" "სკუდეტოს" მოგებასთან ასე ახლოს ბოლო 30 წელია არ ყოფილა.
მათ ხვიჩა უყვართ იმიტომ, რომ ქარიზმის, ნიჭის, პროფესიონალიზმის, ნებისყოფისა და ყოველდღიური მუშაობის შედეგად, ნიგერიელ ფორვარდთან, ვიქტორ ოსიმენთან ერთად, ულამაზეს სანახაობას სთავაზობს მაყურებელს.
როგორც "კვარას" იტალიელი გულშემატკივრები ამბობენ, "22 წლის, თავმდაბალი, მოკრძალებული ბიჭი" ახლა უამრავი მოზარდისთვის მაგალითია და აჩვენებს, ნიჭთან ერთად, რა შედეგი მოაქვს შრომას, მიზანდასახულობას და საქმისადმი სიყვარულს.
ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული გზა შეუმჩნეველი არც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს დარჩენიათ. ბოლო ხანებში, დახურულ ჯგუფებში, ფეხბურთის მოყვარულები უკვე რეგულარულად ინტერესდებიან, სად, რომელ საიტზე შეიძლება უყურონ "ნაპოლის" თამაშებს.
თავდაპირველად, ასეთი კითხვის ავტორს, ან უგულებელყოფდნენ, ან უხეშად ეკითხებოდნენ, - რატომ ინტერესდებოდა მისი თამაშით. თუმცა, თანდათან ტონი შეიცვალა და განსხვავებული შინაარსის კომენტარები წამოვიდა.
"მათ, ვისაც არ ესმის ამ ახალგაზრდის წარმატების მიმართ ჩვენი ინტერესი, ავუხსნი, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბურთის ტრიალი და სპორტი არ არის, ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ, გოლების გატანა, ან ლამაზი პასი", - წერს "იასონ აფხაზი".
"ჰკითხეთ თქვენს უფროსებს, მამებს, ბაბუებს, თუკი, გყავთ ისინი და მოგიყვებიან, - საბჭოთა წლებში, პატარა აფხაზეთსაც ჰყავდა წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც ისტორიას წერდნენ, მაგალითად, სოხუმის "დინამოს" უძლიერესი მეკარე, ვლადიმერ მარღანია, რომელმაც მართლაც უდიდესი ისტორია დაწერა. გააგრძელეთ კითხვა