სტალინ-ბერიას აგენტურა ქართულ ემიგრაციაში: "სამსონი" და "ცაგარელი" ლელი ჯაფარიძის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

სტალინ-ბერიას აგენტურა ქართულ ემიგრაციაში: "სამსონი" და "ცაგარელი" ლელი ჯაფარიძის წინააღმდეგ

საქართველოში ბოლშევიკებთან საბრძოლველად დაბრუნებული (ზოგი ლეგალურად, ზოგი კი - ფარულად) ქართველი პატრიოტები სამშობლოში "ჩავარდნისა" და გამჟღავნების დიდი საფრთხის წინაშე დგებოდნენ. ეს საფრთხე მოდიოდა, როგორც ბოლშევიკების კონტრდაზვერვისგან, ასევე საზღვარგარეთიდან - ქართულ ემიგრაციაში "ჩანერგილი" საბჭოთა დაზვერვის აგენტებისგან. ამას კარგად აცნობიერებდა "ცისფერყანწელი" ლელი ჯაფარიძე, რომელიც თბილისიდან პარიზში სპირიდონ კედიასთვის გაგზავნილ საიდუმლო წერილში წერდა (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.): " მე გთხოვ ამ საქმეში დიდი სიფრთხილე იქონიო, რადგან რომ გამოირკვეს რომ ჩემგან გაიგეთ ეს ამბავი, ჩემი საქმე გათავებულია და თვით ის პირიც არ დამზოგავს, ვისგანაც ეს ამბავი გავიგე".

საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების პერიოდში თანდათან დამკვიდრდა სპეცსამსახურების ცენტრალიზებული მართვის მოდელი, რომელიც იმპერიის დანგრევამდე მოქმედებდა: საგარეო დაზვერვის ფუნქციებს (დაგეგმვა-შესრულება-კონტროლი) ცენტრი (მოსკოვი) არასდროს უშვებდა ხელიდან და მოკავშირე რესპუბლიკების უშიშროების ორგანოებს (რომლებსაც ბოლომდე არ ენდობოდა) მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და ისიც მეორეხარისხოვან სპეცოპერაციებში თუ ჩართავდა. განსხვავებული მდგომარეობა იყო გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საზღვრისპირა რესპუბლიკებში, მათ შორის ამიერკავკასიის სფსრ-ში, მოქმედი საგარეო დაზვერვის სტრუქტურული დანაყოფები (განყოფილება ან ქვეგანყოფილება) საკმაო ავტონომიურობით სარგებლობდნენ. 1921-1934 წლებში ამიერკავკასიაში (მათ შორის, საქართველოში) საგარეო სადაზვერვო ოპერაციებს ხელმძღვანელობდნენ:

1. ამიერკავკასიის სფსრ-ის "ჩეკა- ო-გე-პე-უს" თავმჯდომარე;

2. საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსი;

3. კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი;

4. კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსის თანაშემწე (მოადგილე) - "ინო"-ს უფროსი.

მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ არსებული ემიგრანტული ორგანიზაციებში შეღწევა, მათი "შიგნიდან დაშლა", ლიდერებისა და ყველაზე აქტიური წევრების აგენტად გადაბირება ან ფიზიკური ლიკვიდაცია იყო. ქართული ემიგრაციის "ურჩი" წევრების ფიზიკური განადგურების შენიღბვაც ცნობილი "ჩეკისტური მეთოდებით" ხდებოდა: ვითომ განაწყენებული ემიგრანტები პირად ანგარიშსწორებას ახდენდნენ (თუნდაც რამიშვილის მკვლელის - ჭანუყვაძის "მოტივი" გავიხსენოთ). ზოგჯერ რომელიმე ემიგრანტის ლიკვიდაციას მთლიანად ემიგრაციის წინააღმდეგ ფართო პროვოკაციული ოპერაციის დასაწყებად ახორციელებდნენ (მაგალითად გრიგოლ ვეშაპელის მკვლელობა მერაბიშვილის მიერ). საბჭოთა საგარეო დაზვერვა დაარსების პირველივე დღიდან სადაზვერვო ოპერაციების ჩატარებისთვის, ძირითადად ორი სახის ლეგალურ საფარ ორგანიზაციებს იყენებდა:

1. დიპლომატიურ წარმომადგენლობებს (საელჩოები და საკონსულოები);

2. სავაჭრო, სატრანსპორტო, საფინანსო-სადაზღვევო და ტურისტულ დაწესებულებებს (მაგ. "ამტორგს", "არკოსს", "ინტურისტს" და სხვ.).

დიპლომატიური და სავაჭრო წარმომადგენლობების "საფარქვეშ" ჩატარებული სადაზვერვო ოპერაციების გარდა, აქტიურად მოქმედებდა საბჭოთა სპეცსამსახურების არალეგალური რეზიდენტურებიც, რომლებიც ლეგენდირებული ბიოგრაფიით შეგზავნილი საბჭოთა დაზვერვის ( "ინო"-ს, "კომინტერნისა" და სამხედრო დაზვერვის) თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული.

გასაბჭოების შემდეგ პირველი თაობის ქართველი მზვერავები, როგორც წესი, არალეგალური მუშაობის გამოცდილების მქონე ბოლშევიკები იყვნენ. სპეციალურ განათლებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, უპირველესად ბოლშევიკური სტაჟი და ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობა განსაზღვრავდა მომავალი ბოლშევიკ-მზვერავის პროფესიონალიზმს. იმ წლებში "ჩეკისტური" სამუშაო ძალზე საპატიოდ ითვლებოდა, მით უფრო ფასდებოდა საზღვარგარეთ მივლინება პარტიული დავალების შესასრულებლად. მიღებული იყო, რომ თუ სტაჟიანი ბოლშევიკი ერთი წელი ჩეკაში მუშაობდა, მეორე წელს პარტიას შეიძლება ვაჭრობის ან სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარიატში გაეგზავნა ან პირიქით. სადაზვერვო ამოცანის შესასრულებლად კანდიდატის სანდოობის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ძველ პარტიულ კავშირებს: უპირველესად სტალინთან, ორჯონიკიძესთან, შემდგომში კი ლავრენტი ბერიასთან. ქართულ ემიგრაციაში "ჩასანერგად" ქართველი ჩეკისტები იგზავნებოდნენ, რუსულ ემიგრაციაში-რუსები, სომხურში - სომხები და ა.შ.

საბჭოთა აგენტები, რომლებიც ქართველი ემიგრანტების საზღვარგარეთულ ორგანიზაციებში მრავლად იყვნენ, მოსკოვსა და ტფილისში გზავნიდნენ ინფორმაციას და "ო-გე-პე-უს" ხელმძღვანელობას (მათგან კი იოსებ სტალინსაც) ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდათ ქართველი ემიგრანტების შესახებ.

1922 წლიდან ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ სპეცოპერიციების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ახალგაზრდა "ჩეკისტი" ლავრენტი ბერია იყო. ეს კარგად უწყოდა სტალინმა და ყურადღებით აკვირდებოდა ახალგაზრდა, პენსნეიანი "ამხანაგი ლავრენტის" საქმიანობას.

დღეისათვის საბჭოთა ემიგრაციის წინააღმდეგ მოქმედი მხოლოდ ორ ათეულამდე ქართველი "ჩეკისტ-მზვერავის" ვინაობაა ცნობილი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათი რაოდენობა, განსაკუთრებით 1921-1953 წლებში, გაცილებით მეტი იყო. საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის არქივებს დღეს რუსეთის "ჩეკისტური ხელისუფლება" აკონტროლებს, ამიტომ , ჯერჯერობით მიუწვდომელია სრული ინფორმაცი მათ შესახებ. იმედი ვიქონიოთ, რომ ამგვარი ვითარება მალე შეიცვლება. ჩვენი დღევანდელი თემიდან გამომდინარე მხოლოდ 1920-1930 წლებში საზღვარგარეთ სადაზვერვო მისიით გაგზავნილთა საქმიანობას შევეხები.

ამ პერიოდში ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ მოქმედი "ჩეკისტები" და აგენტები იყვნენ: დავით კილაძე, ტიტე ლორთქიფანიძე, გიორგი გეგელია, შალვა ბერიშვილი, იონა ნამიჭეიშვილი და სხვები. მათგან "ლეგალური პოზიციებიდან" დაზვერვას ახორციელებდნენ დავით კილაძე და ტიტე ლორთქიფანიძე.

დავით სიმონის ძე კილაძე (1885-1937 წწ.). 1905 წლიდან ბოლშევიკი. აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის სადაზვერვო-დივერსიულ და სამხედრო ოპერაციებში. 1922 წლიდან მსახურობდა ამიერკავკასიის "ჩეკა-გე-პე-უ" -ს ორგანოებში. 1925-1926 წლებში იყო საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი თურქეთში (ოპერატიული ფსევდონიმი "სამსონი"). 1933-1934 წლებში საქართველოს "გე-პე-უს"- თავმჯდომარე გახლდათ.

b2-1679385903.jpg
დავით კილაძე

1934 წლის 15 ივლისიდან 11 ნოემბრამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველოს უფროსი; 1935 წლიდან 1936 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული საბჭოთა კავშირის საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულის მოადგილედ; 1935 წლის აგვისტოდან 1937 წლამდე იყო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული საბჭოთა კავშირის საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებული. ტროცკისტობის ბრალდების გამო დახვრიტეს 1937 წელს.

დიმიტრი (ტიტე) ილარიონის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1896 წელს ქუთაისის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში. ოთხი ძმა ლორთქიფანიძე მონაწილეობდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის საწინააღმდეგო შეიარაღებულ გამოსვლებში. ტიტეს ერთი ძმა - იონა სიკვდილით დასაჯა მეფის ხელისუფლებამ, ხოლო მეორე ძმა -ვლადიმერი, ციხეში გარდაიცვალა. ამ ტრაგიკულმა ფაქტებმა უცილობლად იმოქმედა მომავალი ტერორისტის შემდგომ ცხოვრებაზე, ამას თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ 1913 წელს ახალგაზრდა ტიტე ბოლშევიკების რიგებში შევიდა და მათ საიდუმლო დავალებებს ასრულებდა. ის აქტიურად მონაწილეობდა "კამოს" ტერორისტული ჯგუფის ყაჩაღურ თავდასხმებში, ბოლშევიკური პარტიის აქტივისტების ციხეებიდან და გადასახლებიდან გაქცევის ორგანიზებაში და ა.შ.

b3-1679385959.jpg
ტიტე ლორთქიფანიძე

საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის დოკუმენტების თანახმად, 1915 წელს ტიტემ დაასრულა ქუთაისის გიმნაზია, ხოლო 1915-1916 წწ. სწავლობდა მოსკოვის კომერციის სასწავლებლის პირველ კურსზე. თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად უთავსებდა "ნორჩი" ტერორისტი ერთმანეთს სწავლასა და ტერაქტებს. ბოლშევიკებს რასაც ვერ დავუკარგავთ, ეს გეგმაზომიერი რევოლუციური პროპაგანდა-აგიტაცია იყო, განსაკუთრებით მეფის რუსეთის არმიაში. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჯარისკაცებისა და ოფიცრების გადაბირებას. ჩემი ვარაუდით, სწორედ ამგვარი პარტიული დავალების შესასრულებლად შევიდა 1916 წელს ტიტე ლორთქიფანიძე მეფის არმიაში რიგით ჯარისკაცად. სხვა შემთხვევაში მისთვის ძნელი არ იქნებოდა არალეგალურ მდგომარეობაზე გადასვლა და ჯარში გაწვევისგან თავის დაღწევა.

1917 წლის ნოემბერში ტიტე ტფილისში ბრუნდება და ებრძვის მენშევიკებს. 1918 წლის აგვისტოში მცირე ხნით მეტეხის ციხეშიც აღმოჩნდა, თუმცა იმავე წლის ოქტომბრიდან ის უკვე ბოლშევიკების კავკასიის ბიუროს "ბოევიკია". ვერის დაღმართზე დენიკინის გენერლების წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის შემდეგ (მაშინ ერთ-ერთი ტერორისტი არკადი ელბაქიძე ადგილზე მოკლეს), ტიტემ მიმალვა შეძლო, მაგრამ მექი კედიას საგანგებო რაზმს დიდხანს მაინც ვერ დაემალა. 1919 ნოემბერში ის დააპატიმრეს და ჯერ მეტეხის, შემდეგ კი მშობლიური ქუთაისის ციხეში მიაბრძანეს. რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, ნოე ჟორდანიას მთავრობა იძულებული გახდა საქართველოს სატუსაღოებში მყოფი ბოლშევიკ-ტერორისტები (მათ შორის ტიტე ლორთქიფანიძეც) გაეთავისუფლებინა და რუსეთში გამგზავრების საშუალება მიეცა.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისა და ანექსიისა შემდეგ ტიტემ სწრაფად აირბინა ჩეკისტური კარიერის "სისხლიანი კიბეები" და 26 წლისა უკვე საქართველოს სსრ პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ტიტე ლორთქიფანიძე 1925-1927 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის ("ინო”) დავალებით, "ცაგარელის" ფსევდონიმით, მივლინებული იქნა პარიზში ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ ფარული სპეცოპერაციების ჩასატარებლად. ოფიციალურად ის სსრკ დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლად ითვლებოდა, რეალურად კი პარიზში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტის მოადგილე გახლდათ. "ცაგარელს" სადაზვერვო დირექტივები საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა დაუსახა: ტიტეს ახლო ურთიერთობა უნდა დაემყარებინა ნოე რამიშვილთან და დაერწმუნებინა ის აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შეწყვეტაზე. თუმცა ლორთქიფანიძემ ეს დავალება ვერ შეასრულა.

b4-1679386010.jpg
ნოე რამიშვილი

საბჭოთა დაზვერვის მიზანი, ზეწოლითა და შანტაჟით ნოე რამიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის "მშვიდობიანი" გზით შეწყვეტა, მარცხით დასრულდა. სტალინის გაფრთხილებამ ნოე რამიშვილზე არ იმოქმედა, რის შემდეგაც მომავალ საბჭოთა დიქტატორს მხოლოდ ერთადერთი გზაღა დარჩა: ნოე რამიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია, რაც ქართული ემიგრაციისთვის სერიოზული დარტყმა იქნებოდა. საინტერესოა, რომ სტალინმა ემიგრაციის ლიდერებიდან სწორედ რამიშვილის, როგორც ყველაზე საშიში მოწინააღმდეგის, განეიტრალება ჩათვალა პრიორიტეტულად. ნოე რამიშვილის მკვლელობით სტალინმა მიზანს მიაღწია: მოიცილა შეურიგებელი მოწინააღმდეგე, რომელთანაც პიროვნული დაპირისპირებაც ჰქონდა და კიდევ უფრო გააღრმავა განხეთქილება ქართულ ემიგრაციაში.

ტიტე ლორთქიფანიძეს შემდგომ წლებში მაღალი პოსტები ეკავა საქართველოსა და ამიერკავკასიის უშიშროების ორგანოებში. საქართველოში მასობრივი რეპრესიების დაწყებისთანავე მის თავზე "შავი ღრუბლები" ჩამოწვა. 1937 წლის შემოდგომის დაწყებისთანავე თბილისში, პარტიული აქტივის კრება გაიმართა, სადაც ბერიამ დაძაბულად გარინდულ პარტიის წევრებს ამცნო: საქართველოს "ენ-კა-ვე-დემ" კონტრევოლუციონერების, ტერორისტებისა და ჯაშუშების დიდი შეთქმულება გახსნა საქართველოს ბოლშევიკური პარტიის ლიდერების წინააღმდეგ ( უპირველესად თავის თავს გულისხმობდა - ბ.ა.) და ყველა მისი მონაწილე განადგურებული იქნებაო. არარსებული "შეთქმულების" მონაწილენი უშიშროების ორგანოებშიც "აღმოჩნდნენ", ერთ-ერთი მსხვერპლი ბერიას დიდი ხნის კონკურენტი, ტიტე ლორთქიფანიძე იყო. არსებობს ვერსია, რომ ლორთქიფანიძე, რომელიც იმ პერიოდში ყირიმში მუშაობდა, მოსკოვში ჩასვლას და სტალინთან შეხვედრას ცდილობდა, რათა დაერწმუნებინა ის თავის სიმართლეში და თავი გადაერჩინა, თუმცა უშედეგოდ - ის 1937 წელს მატარებელში დააკავეს და "ბელადთან” შეხვედრა არ შედგა. ტიტე მალევე დახვრიტეს. არაა გამორიცხული, რომ თუ ტიტე გაიმარჯვებდა, მაშინ პირველი მსხვერპლი ლავრენტი იქნებოდა. 1958 წელს ტიტე ლორთქიფანიძე რეაბილიტირებულ იქნა.

1922-1940 წლებში საქართველოში ფარულად შემოსული ქართველი პატრიოტების უმრავლესობა საბჭოთა სპეცსამსახურების ბადეში გაება. სამწუხაროდ, ქართულ ემიგრაციაში მოქმედი აგენტურისგან ეს ოპერაციები თავიდანვე ცნობილი იყო "ჩეკა-ოგე¬პე¬უს¬თვის". საბჭოთა აგენტებიდან ძალიან ბევრი ემიგრაციის ლიდერის (ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ევგენი გეგეჭკორი, სპირიდონ კედია და სხვ.) თანაპარტიელები ან ახლო ნათესავები იყვნენ.

დავით კილაძეს და ტიტე ლორთქიფანიძეს საბჭოთა დაზვერვის პარიზის რეზიდენტურაში მუშაობისას კავშირზე ჰყავდათ ქართველი ემიგრანტები, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდანაც, ამიტომ სრულიად შესაძლებელია მათ ხელში ჩავარდნოდათ ლელი ჯაფარიძის წერილები. თუმცა "ცისფერყანწელი მზვერავისთვის" ყველაზე დიდ საფრთხეს საბჭოთა აგენტი, სპირიდონ კედიას ნათესავი გიორგი გეგელია წარმოადგენდა, რომელიც ლავრენტი ბერიას სპეციალური დავალებით 1925 წელს გააგზავნეს "სასწავლებლად" საფრანგეთში.

(მეოთხე ნაწილის დასასრული)

ნახეთ ბლოგის წინა ნაწილი