"კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია - ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომლითაც „ქართული ოცნება“ დარტყმას აყენებს ჩვენს ევროპულ მომავალს"
კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რომელიც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს - ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომლითაც „ქართული ოცნება" დარტყმას აყენებს ჩვენს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგაა მიმართული.
„ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება არაა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც აგრძელებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ შემთხვევაში სამიზნედ არის ამოღებული “ფორმულა“, ამიტომ პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო "ფორმულას" და ყველა ჟურნალისტს. ეს არის საკითხი, რომელიც არაერთ საერთაშორისო ანგარიშშია მოხვედრილი, როგორც საკითხი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენ ევროპულ პერსპექტივას, ჩვენ დემოკრატიას, შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯია, რომლითაც "ქართული ოცნება" დარტყმას აყენებს ჩვენ ევროპულ მომავალს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავებოდნენ. მასთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა. ნინუას ნაწილში მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიამ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
IPN