25-წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგს, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, დახმარება ესაჭიროება - "ადამიანების თანადგომის იმედად ვართ..."
ადამიანი, ვისზეც ახლა ვწერ, ჩემი უახლოესი მეგობრის - ნანა ყუშიტაშვილის ოჯახის წევრია, ძმის მეუღლე. ამ ახალგაზრდა ქალს - ნანა ხაბაზიშვილს საშინელი დაავადება 3 წლის წინ, 47 წლის ასაკში დაუდგინდა. მახსოვს მაშინ ჩემმა მეგობარმა - ნანამ მიამბო, რომ ერთ დღეს მისმა რძალმა თავი შეუძლოდ იგრძნო - ამნეზია დაემართა. სასწრაფოდ ჩაუტარეს გამოკვლევები და თავის ტვინში მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. წვრილ-წვრილი მეტასტაზები, თურმე, მთელ სხეულში იყო მიმოფანტული. ოჯახისთვის ელდა იყო ეს ამბავი.
მაშინ მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით ოჯახმა ნანას საკმაოდ ძვირად ღირებული მკურნალობა ჩაუტარა და იმ ეტაპმა კარგად ჩაიარა, თუმცა ფინანსების გამო განმეორებითი იმუნოთერაპიას ვეღარ გაწვდნენ. სამწუხაროდ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 3 წელი გავიდა და ნანა დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია - მეტასტაზები მთელ ორგანიზმში გავრცელდა, ოჯახს კი მკურნალობის საშუალება არ აქვს.
ახალგაზრდა ქალს შინ ინსულტგადატანილი მეუღლე ჰყავს, რომელიც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ შრომის უუნარო დარჩა და ორი სტუდენტი შვილი ჰყავს - ნინი და გიორგი. თავად თბილისის 35-ე ბაგა-ბაღის პედაგოგია, 25-წლიანი სტაჟით, საოცარი ადამიანი, მუდამ გულისხმიერი, სიკეთით სავსე და სიცოცხლის, ადამიანების მოყვარული, მაგრამ... მისი ოჯახის შემოსავალი ვერაფრით გაწვდება მკურნალობას, რომელიც ახლა დაუნიშნეს ექიმებმა.
დაწვრილებით ნანას დაავადებასა და დღევანდელ ვითარებაზე მისი მეუღლის და - ნანა ყუშიტაშვილი გვიამბობს:
- 3 წლის წინ, უეცარი ამნეზიიდან და დიაგნოზიდან გამომდინარე, ნანას დავუწყეთ ძვირად ღირებული კვლევები, მეტასტაზების უჯრედის შემადგენლობის შესასწავლად. ამის შემდეგ დაინიშნა მკურნალობა - სხივური ქიმიოთერაპიის 10 კურსი. შემდეგი ნაბიჯი იყო იმუნოთერაპიის 7 კურსი. საბედნიეროდ, იმ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მეტასტაზების დიდი ნაწილი გაქრა, ნაწილი კი - დაპატარავდა. ცხადია, მკურნალობის ორივე კურსი ძალიან ძვირი ჯდებოდა, თანხა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ონკოავადმყოფებისთვის აქვს გამოყოფილი, ვერაფრით გაწვდებოდა ნანას მკურნალობას (სხივური თერაპიის დანიშნული კურსი 10 ათასი ლარი ჯდებოდა, იმუნოთერაპიის ერთი კურსი კი - 7000 ლარი). სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში ფართო საზოგადოების შეწუხების მოგვერიდა, ძალიან გვეუხერხულებოდა, მაგრამ ჩვენი ახლობლებისა და მეგობრების წყალობით, ის ეტაპი დავძლიეთ და ამისთვის თითოეული მათგანის ძალიან მადლიერი ვართ, თუმცა... ონკოლოგის კონსულტაციით, იმუნოთერაპიული მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ უსახსრობოს გამო ამას ვეღარ გავწვდით. საუბედუროდ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ დღეს ნანას უმძიმესი მდგომარეობა აქვს.
- ვიცი, რომ ნანა ძალიან მებრძოლი გოგოა, იმედიანი, იოლად რომ ვერაფერი გატეხავს...
- ნეტავ, იცოდე, მართლა როგორ იბრძოლა პირველ ეტაპზე, ერთი წუთითაც არ დაუკარგავს იმედი და პირიქით - აქეთ, ჩვენ გვამხნევებდა. ბევრს აქვს გამოცდილი, რა მწარეა, როდესაც უძვირფასეს ადამიანს ამ მდგომარეობაში ხედავ, მისი მდგომარეობა უმძიმესია შვილებისთვის, ჩემი ძმისთვის, რომელსაც არაფრით შეუძლია საყვარელი მეუღლის დახმარება. ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ თმა რომ დასცვივდა და პარიკი შევუძინეთ, ვერც შეამჩნევდი, განიცდიდა თუ არა. სამსახურშიც გავიდა, რადგან იცოდა, ბავშვები მოუთმენლად ელოდებოდნენ. ვფიქრობ, ბაღის ბავშვებთან ურთიერთობა თავად ნანასთვისაც დიდი სტიმული იყო, დაავადებასთან საბრძოლველად. ჩვენი ოპტიმისტი გოგო თითოეულ ჩვენგანსაც ისე გვამშვიდებდა, უფლებაც არ გვქონდა, ჩვენი ტკივილი, დარდი ან ცრემლი დაგვენახვებინა მისთვის და ემოციურად დაგვემძიმებინა. მაგრამ მეც ადამიანი ვარ და... რა ვქნა? სულ მისი გოგონას, ნინის ხმა ჩამესმის, ნანა ძალიან მძიმედ რომ იყო და შეშინებული ეკითხებოდა, დედა, ხომ არ მოკვდებიო?
- კვლავ როდის დამძიმდა ნანას მდგომარეობა?
- ამ ბოლო პერიოდში ფილტვში ზედიზედ უდგება წყალი. გააგრძელეთ კითხვა და ანგარიშის ნომერი იხილეთ ლინკზე