"მიგები"... კრემლისგან დასაცავად - კვირის პალიტრა

"მიგები"... კრემლისგან დასაცავად

დიდი ხნის ორჭოფობის შემდეგ პოლონეთმა და სლოვაკეთმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით.

წინასწარი ინფორმაციით, სლოვაკეთის განკარგულებაში 13 ასეთი საბრძოლო თვითმფრინავია, პოლონეთს კი 28 ცალი МиГ-29 აქვს ანუ, საერთო ჯამში, 41 "მიგის" (ერთ საავიაციო პოლკზე მეტის) უკრაინის არმიის შეიარაღებაში მოხვედრამ, წესით, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს რუსეთთან უთანასწორო ომში მყოფი ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო დარტყმების შესაძლებლობები.

ეს МиГ-29-ები თავის დროზე,1980-იან წლებში, ჩეხოსლოვაკიამ, პოლონეთმა და გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა კავშირისგან შეიძინეს.

ორი გერმანიის გაერთიანების შემდეგ მისი წილი "მიგები" ბუნდესვერმა პოლონეთს სიმბოლურ ფასად - ერთი გამანადგურებელი ერთ მარკად მიჰყიდა.

ახლა, როდესაც პოლონეთი და სლოვაკეთიც დასავლურ შეირაღებაზე გადადიან, ისინი ადვილად შეეგუებიან ამ 35-წლიან "მიგების" გაცემას, თუმცა აქაც არის თავისი ნიუანსები.

სლოვაკეთს 13 "მიგის" უკრაინის სასარგებლოდ დასათმობად სათანადო კომპენსაციის მიღება სურს დასავლეთისგან და ამიტომაც ვაჭრობს.

ამერიკელებს კი, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, ჯერ არ სურთ თავისი F-16-ების გადაცემა უკრაინელებისთვის და ცდილობენ, ხელი შეუწყონ იმ საბჭოთადროინდელი საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის მიცემას, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩათ ყოფილი ვარშავის პაქტის წევრ ქვეყნებს.

პოლონეთის მიერ უკრაინისთვის "მიგების" გადაცემის გაჯანჯლებას სხვა მიზეზი აქვს - პოლონეთი ყველაზე მეტად ეხმარება შეიარაღებით უკრაინას და არც ამ "მიგებს" დაინანებდა, თუმცა პოლონეთის ხელისუფლებას სურდა, აეყოლიებინა ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც, როგორც ეს "ლეოპარდ-2" ტანკების გადაცემის შემთხვევაში გააკეთა და ისინიც დაეყოლიებინა დასავლური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე კიევისთვის...

ჯერჯერობით ეს ჩანაფიქრი არ გამოვიდა და ამიტომაც პოლონეთი სლოვაკეთთან დუეტში უგზავნის "მიგებს" უკრაინას.

2-migi-1679391906.png
დამახასიათებელ კამუფლირებულ ფერებში გადაღებილი, უკრაინელების მიერ მოდერნიზებული МиГ-29

სხვათა შორის, პოლონური МиГ-29-ების ნაწილი მოდერნიზებულია დასავლური თანამედროვე ტექნოლოგიებით და მათ შეუძლიათ ნატოს სტანდარტის უმართავი და მართვადი ბომბებისა და რაკეტების გამოყენება, რაც უკრაინელ პილოტებს დიდ საბრძოლო პერსპექტივებს უხსნის, მათ შორის - JDAM-ER-ის ტიპის მართვადი საავიაციო ბომბების, ასევე, AIM-120 AMRAAM შორსმოქმედი "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი რაკეტების გამოსაყენებლად...

ინფორმაციისთვის - რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მომენტში უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში სხვა თვითმფრინავებთან ერთად 36 ცალი МиГ-29-ც უნდა ყოფილიყო, რომელთაგან ერთწლიან ომში უკრაინამ არანაკლებ 18 ერთეული МиГ-29 დაკარგა.

3-migi-1679391958.jpg
უკრაინელებმა თუკი მოახერხეს ამ, ამერიკული "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი რაკეტის - AIM-120 AMRAAM-ის გაშვება თავისი МиГ-29-ებიდან, მაშინ რუს საჰაერო აგრესორებს შავი დღე დაუდგებათ...

რუსეთს ამ ომში МиГ-29 ტიპის თვითმფრინავებში დანაკარგი არ უფიქსირდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ტიპის გამანადგურებლებს თითქმის არ იყენებს.

P.S. რუსმა პროპაგანდისტებმა დიდი სიხარულით გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პოლონეთი უკრაინას 20-ზე მეტ МиГ-29-ს ვერ გადასცემს, რადგან დანარჩენების კიევისთვის გაგზავნაზე გერმანია ამბობს უარს - გერმანელები პოლონელებისგან ოფიციალურ თხოვნას ელოდებიან, რადგან ეს გამანადგურებლები თავის დროზე მათ გადასცეს ვარშავას...

P.P.S. "მიგების" გადაცემის ეპოპეა ბოლომდე არ დასრულებულა, ჩრდილოეთ მაკედონიამ უსასყიდლოდ უკვე გაუგზავნა უკრაინას ოთხი ცალი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, რომლებიც სკოპიომ სწორედ უკრაინაში შეიძინა 2001 წელს, 4 მლნ ევროდ...…