"კადიროვმა პრიგოჟინს უღალატა?" - რა ილაპარაკეს ჩეჩნეთის ლიდერმა და ვლადიმერ პუტინმა - კვირის პალიტრა

"კადიროვმა პრიგოჟინს უღალატა?" - რა ილაპარაკეს ჩეჩნეთის ლიდერმა და ვლადიმერ პუტინმა

13 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მიიღო. ეს ამ წლის განმავლობაში მათი მესამე შეხვედრაა. ოფიციალური ინფორმაციით, მათ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრეს, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ კადიროვი კრემლში სულ სხვა მიზეზით ჩავიდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პუტინთან ვიზიტის შემდეგ მან სოციალურ ქსელში თავდაცვის სამინისტროს მაქებარი პოსტი გამოაქვეყნა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პუტინმა ის შოიგუს (სერგეი შოიგუ - რუსეთის თავდაცვის მინისტრი 2012 წლიდან - რედ.) უწყებასთან ღია კონფლიქტის გამო გაკიცხა.

კრემლის გამოქვეყნებულ ვიდეოში, ჩანს, რომ კადიროვი დიდი გაჭირვებით კითხულობს მონაცემებს, რომელიც ფურცელზე დიდი შრიფტით უწერია. რეგიონის ლიდერის სიტყვებით, 2022 წელს ჩეჩნეთში ინვესტიციაც გაიზარდა.

„ვიცი, რომ ქალაქიც (გროზნო), ვითარდება, როგორც - მთლიანად ჩეჩნეთის რესპუბლიკა, თქვენ კი ამისთვის ძალიან ბევრს აკეთებთ, მე ეს ვიცი. სულიერ მხარესთან ერთად, მატერიალური სფეროც იზრდება და ძლიერდება. მოდი, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ამ საკითხებზე“, - განაცხადა კადიროვის საპასუხოდ პუტინმა. ამის შემდეგ კი უცნობია, სინამდვილეში რაზე ილაპარაკეს პუტინმა და კადიროვმა.

prigojin-1679398993.jpg
ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კადიროვმა პირად ტელეგრამ-არხში დაწერა, რომ ომის წინა ხაზზე მყოფი სამხედროები თავად არიან დამნაშავენი იმაში, რომ საბრძოლო მასალა არ ჰყოფნით და ამიტომ, მათ არ აქვთ უკმაყოფილების უფლება. ამასთან, თქვა, რომ სერგეი შოიგუ „24 საათის განმავლობაში ყაზარმულ მორიგეობაზეა გადასული და ოპერატიულად აგვარებს უამრავ საკითხს“.

ეს განცხადება სრულიად ეწინააღმდეგება იმ განცხადებებს, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერი წარსულში გენერალიტეტის მიმართ აკეთებდა, გარდა ამისა, ის პოლემიკაში შედის „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან. ამ უკანასკნელმა თებერვლის ბოლოს შოიგუ დაადანაშაულა, რომ ის არ აწოდებს მის მებრძოლებს საბრძოლო მასალას და, საერთოდაც, კომპანიის განადგურება სურს. დიდი ხნის განმავლობაში პრიგოჟინისა და კადიროვის დუეტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ გამოდიოდა...

„კარგ მებრძოლს ტყვიები უეცრად არ უმთავრდება“ , - ფიქრობს ახლა რამზან კადიროვი.

ჩეჩნეთში ოპოზიციური მოძრაობის - 1ADAT-ის წევრები მიიჩნევენ, რომ კადიროვი კრემლში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ღია დაპირისპირების გამო დაიბარეს. როგორც Кавказ.Реалии-სთან საუბარში ოპოზიციონერები იხსენებენ, აქამდე, გასულ წლებში, კადიროვი კრემლში მოსამართლე ზარემა მუსაევას მეუღლის გატაცების სკანდალის გამო დაიბარეს.

„კადიროვი ღიად ემუქრებოდა მის ოჯახს, გროზნოში კი მიტინგი გაიმართა, სადაც მუსაევას მეუღლისა და ვაჟების პორტრეტები დაწვეს - ეს მიტინგი კი სწორედ იმ დღეს ჩატარდა, როცა კადიროვი კრემლში მიიღეს. მიტინგზე მომხდარმა ფაქტმა აღაშფოთა რუსეთის საზოგადოების ნაწილი და მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები. პირველად დაირღვა ასე უხეშად ფედერალური მოსამართლის უფლებები. პუტინთან შეხვედრის შემდეგ კი მოსამართლის ღია კრიტიკა სწრაფად შეწყდა, კადიროვი და მისი გარემოცვის წევრები ამ საკითხზე აღარ საუბრობდნენ“, - აღნიშნავენ მოძრაობა 1ADAT-ში.

მოძრაობის წევრის აზრით, ახლა, კადიროვმა პრეზიდენტის მოთხოვნით სწრაფად შეწყვიტა გენშტაბზე და თავდაცვის ძალებზე თავდასხმა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ის არ არის დამოუკიდებელი. პირველი შემთხვევა არ არის, როცა კადიროვს „საკუთარი ხმამაღალი სიტყვების უკან წაღება უწევს“, - ამბობს მოძრაობის წევრი გამოცემასთან.

„სავარაუდოდ, განხილვის თემა ის თანხაც იყო, რომელსაც კრემლი კადიროვის პირადი არმიის გასაძლიერებლად გამოყოფს. ამ არმიამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინის პოლიტიკას უკრაინასთან ომში, ამავე დროს, კრემლმა ის გამოიყენა, როგორც იძულების ალტერნატივა, რათა გენერალიტეტს პუტინის ავანტურისტული პოლიტიკისთვის მხარი დაეჭირა“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.

ექსპერტის აზრით, შესაძლოა, კადიროვ-პრიგოჟინის დაპირისპირება გენშტაბთან პუტინის პოლიტიკის ნაწილი იყოს, რის საშუალებითაც მან არც ერთ მხარეს არ მისცა მოდუნების საშუალება, საბოლოოდ კი, კრემლმა ფსონი მაინც გენერლებზე გააკეთა.

„შესაძლოა, კადიროვს ცოტა მკაცრადაც შესთავაზეს, ცოტა ხნით ჩრდილში ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც კადიროვმა პუტინს ვაჟი წარუდგინა, ის თავადაც შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, რამაც აჩვენა, რომ მას ისევ აქვს კონტაქტი პირველ პირთან“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი პრეობრაჟენსკი.

პოლიტოლოგის აზრით, პუტინისა და კადიროვის ბოლო შეხვედრის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ჩეჩნეთის ლიდერი გენერლებთან დაპირისპირებას სრულიად გამოეთიშა და ის რუსეთის ფედერაციის არმიის მიმართ ლოიალობას გამოიჩენს, პრიგოჟინთან კი კონტაქტს შეწყვეტს.

kadirovisshvili-1679398993.jpg
რამზან კადიროვის ვაჟი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე

„კადიროვმა პრიგოჟინი მიატოვა. თუ პრიგოჟინი სერიოზულ მოკავშირეებსა და მფარველებს ვერ იპოვის, შესაძლოა, მისი ფიგურა არასერიუზულად აღიქვან. რაც შეეხება „კადიროველებს“, პუტინი უკმაყოფილოა, რადგან მათ რამე მნიშვნელოვანი გამარჯვება არ მოუტანიათ, ამიტომ მათ ტყუილად ყოფნისა და სიმთვრალეში რუსულ არმიასთან ჩხუბის საშუალებას აღარ მისცემენ. ისინი აღარ იქნებიან „ტიკტოკ-არმია“ და ვერც სხვისი გამარჯვებით გაიკეთებენ პიარს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სოციოლოგ იგორ იაკოვენკოს აზრით, პრიგოჟინისა და კადიროვის ღია კრიტიკა რუსულ არმიას ზიანს აყენებდა.

„სოციალურ სივრცეში კადიროვისა და პრიგოჟინის დუეტის თავდაცვის სამინისტროზე თავდასხმა პრობლემებს ქმნიდა და ერთიანობას არღვევდა. პუტინმა შეასრულა დავალება და ეს საფრთხედ ქცეული კვანძი გაარღვია. თავისი არსით, კადიროვი მოღალატეა, ისევე, როგორც მამამისი, რომელიც გამორჩენისთვის ოკუპანტების მხარეს გადავიდა, რითაც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის ოკუპანტ არმიას გამარჯვების წინაპირობა შეუქმნა. რამზან კადიროვისთვის ღალატი არ არის პირველი შემთხვევა, ამიტომ ის ადვილად ჩამოშორდა პრიგოჟინს“, - აღნიშნავს გამოცემასთან სოციოლოგი იგორ იაკოვენკო.

„კადიროვი პირად არმიას რეჟიმის შესაძლო ჩამონგრევის პერიოდისთვის ინახავს. კადიროვი, ისევე, როგორც პრიგოჟინი, პუტინს მიღმა იხედებიან და ფიქრობენ, როგორ გადარჩნენ პოსტპუტინურ მომავალში“, - აღნიშნავს სოციოლოგი.

ევროპაში იჩკერიული მოძრაობის წარმომადგენლის - ჯამბულატ სულეიმანოვის აზრით, უკრაინაზე თავდასხმის მზადებისას პუტინი კადიროველთა დანაყოფზე დიდ იმედს ამყარებდა, რაც არ გამართლდა. როგორც ალტერნატიული არმიის წარმომადგენლებს, კადიროვსა და პრიგოჟინს მისცეს გენერალიტეტის გაკრიტიკების უფლება, თუმცა რეალური გამარჯვებების არარსებობის გამო, კრემლს იმედი გაუცრუვდა და ისევ რეგულარულ არმიას დაუჭირა მხარი. (წყარო)