თორულის შუშის ხიდში "გატარებული" ლაზეთი
იხილეთ დასაწყისი - კლდიდან 2-3 ნაბიჯში დანახული ამქვეყნიურ-იმქვეყნიურ სამყარო - კედელზე გადაშლილი სამოთხე, ჯოჯოხეთი და განკითხვის დღე!
ლაზეთში მოგზაურობა გრძელდება. ულამაზესი ვაზელონის მონასტრიდან დაბლა იმავე გზით დავეშვით. მომდევნო სამიზნე თორულის შუშის ხიდიდან გასასახედი იყო. კვლავ თურქეთის შავი ზღვის რეგიონში ვმოგზაურობდით, ოღონდ ამჯერად ტრაპიზონის პროვინციიდან გუმუშანეს პროვინციაში გადავინაცვლეთ, ქალაქ თორულში, რომელიც ზღვის დონიდან 1113 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. რაც შეეხება თორულის ციხის შუშის ხიდს, ის ზღვის დონიდან 240 მეტრზე მდებარეობს და, როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხედია თურქეთში.
იქაურობას, როგორც ჩანს, ბევრი ტურისტი სტუმრობს, რადგან რომ ავედით, ბლომად ხალხი დაგვხვდა. მათი უმრავლესობა არაბი იყო, უმცირესობა - ქართველი, რადგან იმ მომენტისთვის საქართველოდან მხოლოდ ჩვენი ჯგუფი ვიყავით.
თორულის ციხის შუშის ხიდიდან ყველა მხარეს ბუნების მართლაც ულამაზესი ხედები იშლებოდა და სიმაღლიდან ქალაქიც კარგად მოჩანდა.
ბევრი ვერ ბედავდა გადასახედის კიდესთან მისვლას, რასაც ჩვენი ჯგუფის წევრებზე ვერ ვიტყვი - აშკარად გაბედულები ვჩანდით. შუშის ხიდის ქვეშაც ვცდილობდით უფსკრულის გადაღებას, მაგრამ მზე ისე ანათებდა, დაბლა ჩვენი ფეხები და ბოტასები უფრო ჩანდა, ვიდრე უფსკრული.
იქაურობაც კეთილმოწყობილი იყო - შეგეძლო დაგესვენა, დანაყრებულიყავი ან უბრალოდ ნაყინი ან ჩაი მიგერთვა, სუვენირები შეგეძინა. სხვათა შორის, რომ დავუკვირდი, იმ მომენტისთვის მხოლოდ ერთი ტურისტული ჯგუფი ვიყავით, დანარჩენები ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობდნენ.
ისტორიული ლაზეთის ის ნაწილი, რომელიც ამ მოგზაურობისას ვნახე (პირველად ისტორიულ ლაზეთს და კლარჯეთს 2009 წელს ვესტუმრეთ მე და მზევინარ მჟავანაძე და მაშინდელი თავგადასავალიც კარგა ხნის წინ გიამბეთ ჩემს ბლოგში), ისედაც ხომ ძალიან ლამაზი აღმოჩნდა, ხოლო შუშის ხიდიდან და ხიდის ქვეშ დანახული - მთლად ულამაზესი. ერთადერთი, ფოტოების გადაღებისას ცოტათი მზემ შეგვიშალა ხელი, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი თვალით დანახულისგან თქვენც მიგეღოთ სიამოვნება.
(გაგრძელება იქნება)
ვიდეო: თორულის შუშის ხიდში „გატარებული“ ლაზეთი
ვიდეოს ავტორი: თამთა ჭანტურია