"ბავშვი სახლთან, ჭალაში იყო და თამაშობდა. ის შშმ პირია, ეპილეფსია აქვს" - ბოლნისში 9 წლის მოზარდს ეძებენ
9 წლის მოზარდს ბოლნისში, სამართალდამცველები, ოჯახის წევრები და ადგილობრივები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
ბავშვი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოულოდნელად დღეს გაუჩინარდა და რამდენიმე საათია, მისი ძებნა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ადგილსამყოფელს ვერსად მიაგნეს. საქმეში ძალოვანებთან ერთად კინოლოგებიც ჩაერთვნენ, მაგრამ ძაღლმა გარკვეული მანძილის შემდეგ თურმე კვალი დაკარგა. ბიჭის მშობლები უკვე გამოკითხეს სამართალდამცავებმა და ისინი ყველას დახმარებას სთხოვენ.
"ამ დრომდე ბავშვი ვერ ვიპოვეთ. მთელი ბოლნისი მოიარეს, მაგრამ ვერსად ნახეს. სახლთან ახლოს თამაშობდა, დილის 11 საათიდან ვეძებთ. კორპუსი გადაჰყურებს მდინარეს, ბავშვი სახლთან, ჭალაში იყო და თამაშობდა. ბოლნისის მასშტაბით მთლიანი ტერიტორია შევამოწმეთ, მთელი რაიონი ეძებს, სამაშველოც ჩართულია, 112-ის სამსახური, მაგრამ ვერ ვიპოვეთ.
ბავშვი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეპილეფსია აქვს და იმის გვეშინია, რომ შეიძლება შეტევა მისცა და ცუდად არის. არ ვიცით, რა ვიფიქროთ, სად ვეძებოთ... პაატა 9 წლის კი არის, მაგრამ გამართულად ვერც საუბრობს, საფენი უკეთია... მოუსვენარი ბავშვია, ერთ ადგილას ვერ ჩერდება. კორპუსის წინ არის მდინარეც და იმისიც შეგვეშინდა, იქით ხომ არ წავიდა, მაგრამ სამართალდამცველებმა ძაღლი მოიყვანეს, აიღეს კვალი და ძაღლი მდინარემდე არც მისულა, უფრო ზედა მხარეს, ცენტრალური გზისკენ წავიდა, მაგრამ გარკვეული მონაკვეთის შემდეგ გაჩერდა, იქვე ტრაქტორი დგას და იქამდე მივიდა, მერე კვალი დაკარგა. მდგომარეობა იმან გაართულა, რომ წვიმიანი ამინდია და ეტყობა კვალს ვეღარ პოულობს ამ წვიმაში. ახლა ჩართულია ყველა, ამ დრომდე ეძებენ, მაგრამ ვერ ვპოულობთ. ეპილეფსია ემართება, დღეს წამალიც არ მიუღია, შეიძლება ცუდად გახდა, შეიძლება სადმეა, თუ ვინმე იპოვის, ვთხოვთ, შეგვატყობინოს.
აქ ვერსად მივაგენით, კუთხე-კუნჭული არ დატოვეს, დღის შუქზე ვეძებდით. ბავშვი დაახლოებით ერთ საათში მოიძიეს და ვერ იპოვეს, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, რომ სადმე წასულიყო.
განსაკუთრებული საჭიროების ბავშვია.
წესით, სკოლაში უნდა ყოფილიყო ამ დროს. მაგრამ დღეს არ წაუყვანიათ, რადგან მისი მოვლის გამო მასწავლებლები წუხდნენ. 4 ბავშვი იზრდება ამ ოჯახში და სამი ჯანმრთელობის პრობლემით არის, შშმ პირია, ერთი სრულიად ჯანმრთელია. ერთი პატარაა ჯერ, ორი სკოლაში იყო, როცა ეს ამბავი მოხდა.
თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ, ან თუ სადმე ნახავთ ჩვენს პაატას (ანანიანი), იქნებ დაგვიკავშირდეთ. ბოლნისში ვართ. სახლთან ახლოს გვაქვს მდინარე. იქ ჩადის ხოლმე და თამაშობს", - ამბობს ბავშვის მამიდა.
თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია 9 წლის მოზარდის შესახებ შეუძლია დაუკავშირდეს ოჯახს ამ ნომერზე 595 74 84 70.
(სპეციალურად საიტისთვის)