"სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური შეხვედრა - დასავლეთის ახალი გამოწვევა?"
"სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური შეხვედრით ჩინეთიც მოგებულია და რუსეთიც: ვლადიმერ პუტინმა რეპუტაცია განიმტკიცა იმ მომენტში, როცა დასავლეთმა ჰააგიდან ესროლა და საბრალდებო დარტყმა მიაყენა, პეკინმა კი პრიზი მიიღო - რუსეთთან ვაჭრობა გააფართოვა და პრესტიჟი აიმაღლა "გლობალური სამხრეთის" ქვეყნებში: ჩინეთის სახით მათ აშშ-ის ალტერნატივა დაინახეს", - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ "ლე ფიგაროში" (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური შეხვედრა - დასავლეთის ახალი გამოწვევა?" (ავტორი - იზაბელ ლასერი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ზოგიერთი დიპლომატიური შეხვედრა ისტორიულ პროცესებს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ეს ეხება სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვურ შეხვედრასაც: მათ არა მარტო ნიღბები ჩამოიხსნეს, არამედ მოისროლეს ის ერთგვარი "ფილტრიც", რომელიც წლების განმავლობაში საერთაშორისო არენაზე ძალთა თანაფარდობას ამახინჯებდა. დღეს უკვე სრულიად ნათელია: ავრცელებენ რა თავიანთ მოდელს და ერთობლივ ამბიციებს მსოფლიოში, ჩინეთი და რუსეთი დასავლეთს ბრძოლაში იწვევენ.
ორი ქვეყნის მეგობრობა, თუნდაც უსაზღვრო, მათ შორის კავშირს არ წარმოადგენს. ამით ინუგეშებდნენ თავს ევროპელები ომის დაწყების პირველ ეტაპზე და იმედოვნებდნენ, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის უნდობლობას დათესავდნენ. ევროკავშირის დიპლომატები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეკონომიკური ინტერესები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - იდეოლოგიური, ამიტომ ისინი ცდილობდნენ, რომ ჩინეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ განეხილათ, რომელიც არ მოისურვებს თავისი მეზობლის - რუსეთის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში. "პეკინი თავს აარიდებს ისეთ სარისკო მოვლენებში ჩართვას, რომელიც მას არ ეხება", - ასეთ კომენტარს აკეთებდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად განვითარდა.
სინამდვილეში ჩინეთი ნეიტრალური არ არის
სი ძინპინი, რომელიც ჩინეთის ლიდერად მესამედ არჩევის შემდეგ თავისი პირველი ვიზიტით სწორედ რუსეთში გაემგზავრა, აჩვენებს, თუ რამდენად ფიქტიურია ე.წ. ჩინური ნეიტრალიტეტი, რომელშიც თითქოსდა იგულისხმება, რომ პეკინი მხარს არ უჭერს არც ერთ მეომარ მხარეს და თუ მოსკოვის მიმართ მხოლოდ რაღაც, უმნიშვნელო ტრადიციულ სიმპათიებს გამოხატავს, ეს ხდება სამხედრო თუ ფინანსური დახმარების გაწევის გარეშე.
გავიხსენოთ: სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი 2000-იან წლებში ერთმანეთს ბევრჯერ შეხვდნენ ანუ მათი დაახლოება სულ უფრო ღრმავდებოდა. უკრაინასთან ომის დაწყებამდე ორიოდე კვირით ადრე მათ პეკინში ჰქონდათ შეხვედრა, შემდეგ იყო სანქციები, ბრძოლები, წარმატებები და დამარცხებები ბრძოლის ველზე... მაგრამ ამ ყველაფერს პეკინისა და მოსკოვის რეჟიმებს შორის ურთიერთობაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია, ის მხოლოდ განმტკიცდა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ პეკინმა უარი განაცხადა რუსეთის აგრესიის დაგმობაზე გაეროში 2022 წლის 2 მარტს.
ჩინეთი არ შეუერთდა დასავლურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ეთანხმება კრემლის პოზიციას, რომ უკრაინასთან ომის მიზეზს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მოქმედება წარმოადგენს. ჩინეთმა გააათმაგა ენერგომატარებლების იმპორტის მოცულობა რუსეთიდან. პეკინმა მოსკოვს ნება მისცა, თავისი ფინანსური ბაზრით ესარგებლა და გაეროში დაბლოკა საკითხის განხილვა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ეხებოდა. ერთ წელიწადში ქვეყნებს შორის ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა.
"ჩინეთი ომის დაწყებიდან მუდმივად ატარებს თვალთმაქცურ სტრატეგიას და რუსეთისა და უკრაინის მიმართ სხვადასხვანაირ მიდგომებს იყენებს", - განმარტავს ანტუან ბონდაზი, პარიზის სტრატეგიული კვლევების ფონდის სპეციალისტი, - "საბოლოო ჯამში, სანამ დასავლეთს იმედი ჰქონდა, პეკინი და მოსკოვი მალე ერთმანეთს წაეჩხუბებიანო, მათი კავშირი პირიქით, უფრო განმტკიცდა".
ორ ლიდერს, რომლებიც ათი წლის განმავლობაში ერთმანეთს 40-ჯერ შეხვდნენ, თავიანთი ქვეყნების გრძელი საერთო საზღვრის გარდა, კიდევ ის აერთიანებთ, რომ მათ, ორივეს, აშშ-ის პოლიტიკა არ მოსწონთ. ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ძალისხმევა გააერთიანეს, რომ ევროპელებს შორის განხეთქილება შეეტანათ, ამერიკა აზიაში შეევიწროვებინათ და დასავლური ბლოკი დაესუსტებინათ. "პეკინსა და მოსკოვს ერთნაირად ესმით საერთაშორისო უსაფრთხოების არსი. მათი ურთიერთობა იმას ეფუძნება, რომ ისინი ერთმანეთისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, დასავლეთისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად შინაურებსაც ემუქრება და გარეულებსაც", - აგრძელებს ანტუან ბონდაზი, - "ჩინეთის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულად ითვლება ქვეყნის შიგნით თავისი ლეგიტიმურობის განმტკიცება, ხოლო საზღვარგარეთ - თავისი ლიდერობის დადასტურება "გლობალური სამხრეთის" ქვეყნებში. ამ პრიორიტეტების დასაცავად საჭიროა დასავლეთის დისკრედიტაცია, რომელიც, თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო პოლიტიკის გატარებას ხელს უშლის". ასეთია ექსპერტის თვალსაზრისი.
ახალი იმპულსი
ორი მეზობლის მიზნების დამთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის უთანხმოება გაქრა. მართალია, მოსკოვი და პეკინი ერთსულოვნები არიან იმაში, რომ ბოლო უნდა მოეღოს აშშ-ის ბატონობას მსოფლიოში; რომ მათი დამოკიდებულება მსოფლიო წესრიგისადმი განსხვავებულია. "ჩინეთი ისეთი სისტემით ცხოვრობს, რომლითაც მან ბევრი რამ მოიგო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, სისტემის ისეთი რეფორმირება მოახდინოს, რომელიც კვლავ მის ინტერესებში იქნება. მას უფრო რევიზიონისტული მიდგომა აქვს, ვიდრე - რევოლუციური", - ამბობს ბობო ლო, ექსპერტი საფრანგეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტიდან (IFRI), - "ვლადიმერ პუტინს მსოფლიო წესრიგისადმი დესტრუქციული და არქაული მიდგომები აქვს. იგი საერთაშორისო სისტემის მიმართ ცეცხლის წამკიდებლის როლში გამოდის. უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებით რუსეთის ლიდერმა დაადასტურა, რომ მას დასავლეთის მიერ დადგენილი წესრიგის გადახედვა კი არა, არამედ - მისი განადგურება, მისი დაწვა სურს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთს მსოფლიოში უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ჩვენი სტანდარტებისა და წესების გარეშე", - განმარტავს ბობო ლო.
"უკრაინის ომმა კი არ შეავიწროვა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობის ჩარჩოები, არამედ - ახალი იმპულსი მისცა. მართალია, დღეს რუსეთი სამხედრო ჩიხშია მოქცეული - შეტევით ვერ უტევს, უკანდახევა კი არ შეუძლია, მოსკოვი და პეკინი "მაინც ერთ ნავში არიან". მათ იმედი აქვთ, რომ ერთად მიზანს საბოლოოდ მაინც მიაღწევენ. დღეს განსაკუთრებით რუსეთისთვისაა აუცილებელი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რაც მოსკოვის გავლენასა და პრესტიჟს აძლიერებს", - ამბობს ბობო ლო.
ჩინეთი რუსეთის რეპუტაციას განამტკიცებს
სი ძინპინმა მოსკოვში ვიზიტით ვლადიმერ პუტინის რეპუტაცია გადაარჩინა არა მხოლოდ რუსი ხალხის, არამედ - მთლიანად "გლობალური სამხრეთის" თვალშიც. ჩინეთის ლიდერის რუსეთში ვიზიტი კრემლის ბინადარს აიმედებს და მის ლეგიტიმურობას განამტკიცებს იმ დროს, როცა დასავლეთი, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით, ვლადიმერ პუტინს დაპატიმრებით ემუქრება. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში გარკვეული წარუმატებლობის ფონზეც კი, ვლადიმერ პუტინი მთავარში იმარჯვებს - კარგად ჩანს, რომ ჩინეთის დახმარებით რუსული ანტიამერიკული მსოფლიო წესრიგის პროექტი ძალას იკრებს და ფართოვდება - უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის საფუძველიც ხომ სწორედ ეს არის. ჩინური მხარისათვისაც რუსეთთან ურთიერთობა მოგებიანია: პეკინს მოსკოვთან პარტნიორობა ვაშინგტონთან მეტოქეობასა და საერთაშორისო სისტემის შეცვლის მცდელობაში ეხმარება.
მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მოსკოვსა და პეკინს შორის პარტნიორობამ თავისი მდგრადობა აჩვენა - იმის მიუხედავად, რომ ჩინეთზეც კი ნეგატიურ გავლენას ახდენს უკრაინის ნგრევისა და დანაკარგების მასშტაბები. ეს პარტნიორობა არ დარღვეულა, თუმცა რუსეთი ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად ჩინეთზე სულ უფრო დამოკიდებული გახდა. ამის მიუხედავად, სი ძინპინს მაინც მოუწია, ყოველი შემთხვევისათვის, ვლადიმერ პუტინისათვის რჩევა მიეცა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს. პერსპექტივაში, ჩინეთ-რუსეთის თანამშრომლობას წინ "კარგი დღეები" ელოდება, უკრაინის მოვლენების მიუხედავად.
"ჩინეთს, ალბათ, სურს, რომ რუსეთმა დასავლეთთან ომში გამარჯვება მოიპოვოს. პეკინს სრულიად აწყობს, რომ რუსეთი აშშ-ის ძლიერებისა და გავლენის საპირწონედ დარჩება", - თვლის ბობო ლო.
ჩინეთს რუსეთის სწრაფი გამარჯვება უნდა, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, თანახმაა, ომი გაჭიანურდეს, რომლის შედეგად ამერიკის ყურადღება ჩინეთზე კი არა, უკრაინასა და რუსეთზე იქნება მიპყრობილი. ჩინეთს სურს, რომ გაძლიერდეს რუსული ავტორიტარიზმი, სურს, რომ რუსეთმა დასავლეთი უარესად შეიძულოს და ამ დროს, პარალელურად, ისიც უნდა, რომ რუსეთი ჩინეთის დახმარებაზე იყოს დამოკიდებული.
"რუსეთის სამხედრო მარცხი, თუ მას წარმოვიდგენთ, ჩინეთისათვის კარგი სცენარი არ იქნებოდა, მაგრამ ასევე - არ იქნებოდა არც ტრაგიკული სცენარი", - მსჯელობს ანტუან ბონდაზი, - "მოდი, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: მზად არის თუ არა ჩინეთი, საკმაოდ მაღალი ფასი გადაიხადოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისათვის იარაღის მიწოდებას დაიწყებს? ასეთი პერსპექტივა ძალიან აღელვებთ ამერიკელებს და ევროპელებს, პეკინს იარაღის დიდი მარაგი აქვს... მაგრამ ჩინეთი, ალბათ, ითვალისწინებს, რომ ასეთი ნაბიჯი მას ძალიან ძვირად დაუჯდება. ჩრდილი მიადგება მის მშვიდობისმყოფელ იმიჯს "მესამე სამყაროს" (განვითარებადი ქვეყნების) თვალში... მაგრამ ყველაზე მთავარი ნეგატივი მაინც ის იქნება, რომ ასეთი ნაბიჯი დასავლური საქნციების გაძლიერებას გამოიწვევს".
ჩინეთს რუსული "ნოუ-ჰაუ" სჭირდება
პეკინი სარგებლობს იმით, რომ რუსეთს უკრაინასთან ომში [პოლიტიკურ-ეკონომიკური] მხარდაჭერა სურს და ამ გარემოებას თავისთვის მოგებიანად იყენებს - მოსკოვისგან ითხოვს რუსულ "ნოუ-ჰაუს" და ტექნოლოგიებს, ჩინეთის არმიის მოდერნიზების დასაჩქარებლად, კრემლიც უარს ვერ ეუბნება. ჩინეთს სურს, რომ კრემლმა მას მწვანე შუქი აუნთოს ევრაზიისა და არქტიკის სივრცეში საქმიანობისათვის. უკრაინის ომი ჩინეთს ბევრ სიკეთეს მოუტანს: საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე პეკინს შესაძლებლობა მიეცემა, გლობალური უსართხოების თავისი კონცეფცია გააპიაროს, მშვიდობისმყოფლად წარდგეს და დასავლეთს ქედმაღლურად უყუროს.
გამოდის, რომ ჩინეთმა და რუსეთმა წაუგებელი ვარიანტი ამოირჩიეს. ერთი მხრივ, ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობა დღეს ძალზე მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ორივე მხარე შეეცდება, წარუმატებლობა არ განიცადონ. მეორე მხრივ, ეს დასავლეთისთვის ძალიან ცუდის მანიშნებელია.. წინ, ალბათ, ბლოკებს შორის დიდი კონკურენცია გველოდება მსოფლიოში გავლენების გადანაწილებისათვის. მიგვიყვანს თუ არა სამი ბირთვული ქვეყნის (აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის) დაპირისპირება მესამე მსოფლიო ომამდე? თუ ის მხოლოდ ახალი ცივი ომის ჩარჩოებში მოექცევა? წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ