გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვები - ვისთვის და რა საფრთხეს წარმოადგენს?
"კოლექტიური დასავლეთი უკვე ბირთვული კომპონენტების შემცველი შეიარაღების გამოყენებას იწყებს, რუსეთი იძულებული იქნება, შესაბამისად იმოქმედოს" - რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის ეს მუქარაშემცველი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში თავის Challenger 2-ის ტიპის ძირითად საბრძოლო ტანკებთან ერთად მათ საჭურველში შემავალ იმ ჯავშანგამტან სატანკო ჭურვებსაც გზავნის, რომლებიც გაღარიბებული ურანისგანაა დამზადებული...
გაღარიბებული ურანი, იგივე "ურანი-238", ბირთვული საწვავის მაღალრადიოაქტიური "ურანი-235"-ის იზოტოპებით გამდიდრების პროცესში თანხმლებ პროდუქტად მიიღება და ის უფრო ნაკლებად რადიოაქტიურია, ვიდრე იმავე მასის თავად ურანის მადანი, გადამუშავებამდე.
გაღარიბებული ურანი გამოირჩევა მაღალი სიმკვრივით და გამოიყენება თვითმფრინავებსა და რაკეტებში ბალასტად, მაღალრადიოაქტიური ნივთიერებების გადასატანი კონტეინერების დასამზადებლად და, ასევე, ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვებისა და ტანკების ჯავშნების კონსტრუქციებში.
დიდი ბრიტანეთის ძირითად საბრძოლო ტანკში - "ჩელენჯერ-2"-ში გამოიყენება 120 მმ კალიბრის ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვები - L26 (CHARM 1) და L27A1 (CHARM 3), რომელთა ჯავშანგამტანი წაგრძელებული ღეროები სწორედ გაღარიბებული ურანისგანაა დამზადებული.
უკრაინის არმიისთვის გადასაცემი ბრიტანული "ჩელენჯერ-2"-ები ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში ერთადერთი ტიპის ტანკებია, რომელიც ხრახნლულიანი ქვემეხითაა აღჭურვილი, რის გამოც განსაკუთრებული სახის ჭურვებს მოიხმარენ, რომელთა გასროლა იმავე 120 მმ-იანი, ოღონდ - გლუვლულიანი ქვემეხებიდან, ამერიკულ "აბრამსებს", გერმანულ "ლეოპარდ-2"-ებსა თუ ფრანგულ "ლეკლერკებს" არ შეუძლიათ.
ბრიტანული "ჩელენჯერ-2"-ის ხრახნლულიანი სატანკო ქვემეხიდან გასროლები დიდი სიზუსტით გამოირჩევიან, ხოლო გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვის ბოლო მოდიფიკაცია ორ კმ-ზე 700 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს არღვევს, რაც მაღალ ჯავშანგამტან შედეგად ითვლება...
სწორედ საშიშროება, რომ უკრაინელი ტანკისტები ბრიტანული "ჩელენჯერ-2"-ებიდან უზუსტესად გასროლილი გაღარიბებული ურანისგან დამზადებული ქვეკალიბრის ჭურვებით შეძლებენ ნებისმიერი რუსული ტანკის, მათ შორის - შედარებით თანამედროვე 90МС-ების შუბლა ჯავშნის გარღვევას, გახდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადების მოტივი და არა ის, რომ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები ბირთვულ იარაღთან იყოს გაიგივებული...
გაღარიბებული "ურანი-238"-ის შემცველი 120 მმ-იანი ჯავშანგამტანი ქვეკალიბრის ჭურვები გასროლამდე თითქმის არ არის სახიფათო, მაგრამ ჯავშანზე დიდი სიჩქარით მოხვედრისა და მისი გარღვევისას ურანის ეს იზოტოპი მტვრის სახით იფანტება და მისი ჩასუნთქვითა და წყალში გახსნილი სახით მიღებით, ადამიანის ორგანიზმში იონიზებული გამოსხივების უხილავი წყაროები ხვდება. ეს შეიძლება, წლების შემდეგ უარყოფითად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სხვათა შორის, ასევე გაღარიბებული ურანისგან დამზადებულ ქვეკალიბრის ჯავშანგამტან სატანკო ჭურვებს, Свинец-2 -ის სახელწოდებით, თავად რუსეთის არმია იყენებს უკრაინის ფრონტზე ერთ წელზე მეტია, რის შესახებაც კრემლი ინფორმაციას ასაიდუმლოებს...