"ერთი ბეჭედი მაქვს, რომელიც მამაჩემმა დედას მაშინ აჩუქა, როცა ჩემზე ორსულად იყო" - როგორი სამკაულები მოსწონთ ცნობილ მანდილოსნებს - კვირის პალიტრა

"ერთი ბეჭედი მაქვს, რომელიც მამაჩემმა დედას მაშინ აჩუქა, როცა ჩემზე ორსულად იყო" - როგორი სამკაულები მოსწონთ ცნობილ მანდილოსნებს

სამკაულებს მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უხსოვარი დროიდან ატარებენ. ლალით, ზურმუხტით, მარგალიტით შემკული ბეჭდები, სამაჯურები, მძივები თუ საყურეები ნებისმიერ ეპოქაში მცხოვრები ქალისთვის საყვარელი სამშვენისი იყო. სხვათა შორის, საყურეს ძველ ეგვიპტეში ბიჭებიც ატარებდნენ, ოღონდ - გარკვეულ ასაკამდე. დავინტერესდით, როგორი სამკაულები მოსწონთ წარმატებულ მანდილოსნებს და ამის თაობაზე რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული სტატიიდან:

ქეთი ჩხეიძე, მსახიობი:

"ძვირფას სამკაულებზე დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ როცა ის ძალიან ახლობელი, საყვარელი ადამიანის ნაჩუქარია, განსაკუთრებით მიყვარს. მაგალითად: შარშან ჩემმა შვილმა მაჩუქა საოცრად ლამაზი, ნატიფი ბეჭედი და სამაჯური, რომელსაც სულ ვატარებ, რადგან ჩემთვის ძვირფასია..."

კრისტი ყიფშიძე, მოდელი, ტელეწამყვანი:

"სამკაულებისა და აქსესუარების სიყვარული დღემდე მომყვება. მაქვს გამორჩეული სამკაულებიც. მაგალითად: ერთი ბეჭედი მაქვს, რომელიც მამაჩემმა დედას მაშინ აჩუქა, როცა ჩემზე ორსულად იყო. 16 წლის ვიყავი, როცა დედამ ეს ბეჭედი მე გადმომილოცა და იმის შემდეგ სულ მიკეთია..."

ნინო ლეჟავა, მსახიობი:

"გამოგიტყდებით - ძვირფასი ქვებიც და ბიჟუტერიაც ერთნაირად მომწონს, თუ მიხდება და ლამაზია. ყველაზე მეტად იცით, ვინ მაკვირვებს? - ხალხი, რომელიც ახალგაზრდებს პირსინგის ან ტატუს გამო განიკითხავს. ნებისმიერი ადამიანი ინდივიდია და შეუძლია, ყურიც გაიხვრიტოს და ცხვირიც, თუ ეს მისთვის კომფორტულია..."

მედეა ლორთქიფანიძე, მსახიობი:

"85 წლის გავხდი, მაგრამ კოხტაობა მიყვარს. ყველაზე მეტად ჩემი ერთი სამკაული მომწონს, რომელსაც ლურჯი თვალი აქვს და სულ ვატარებ. მიყვარს თეთრი მარგალიტები და სიამოვნებით ვიკეთებ, მაგრამ ყველაზე მეტად ღია მწვანე სამკაულებს ვანიჭებ უპირატესობას..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე