"თუ ისინი ნამდვილად გახდებიან პარტნიორები ევრაზიაში და ძალაუფლებას ჩინური დროშის ქვეშ გაიყოფენ, მსოფლიო უარეს დღეში ჩავარდება"
ამერიკულმა გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" (The Washington Post) გამოაქვეყნა ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის - დევიდ იგნაციუსის სტატია სათაურით - "რეალური გაკვეთილი სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრიდან", რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-ჩინეთის ლიდერთა მოსკოვური მოლაპარაკება და პროგნოზირებულია მსოფლიოს პერსპექტივა, ორი ქვეყნის დაახლოების გათვალისწინებით.
პენტაგონელი სტრატეგები მსოფლიოს ყოველთვის ჰყოფდნენ აღმოსავლეთად და დასავლეთად, ხოლო პლანეტის რეგიონებში განლაგებული აშშ-ის შეიარაღებული ძალები ევროპული ან ინდოეთი-წყნარი ოკეანის სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. მაგრამ სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამიტის შემხედვარე, იბადება კითხვა - მოგვიწევს თუ არა ერთიანი "ევრაზიული სარდლობის" შექმნა ახალი გაერთიანებული მუქარის გასამკლავებლად?
"ძლიერი ჩინეთი მხარს უჭერს დასუსტებულ რუსეთს" - ალბათ, ასეთი სათაური უნდა ჰქონდეს სტატიას, რომელშიც განხილული იქნება ორი ლიდერის ეფექტიანი შეხვედრა მოსკოვში. ჩინელები რუსებს იარაღს არ აძლევენ (ჯერჯერობით), მაგრამ სრულიად ღიად შესთავაზეს მორალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. სი ძინპინის ვიზიტს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ "გამხნევების ვიზიტი" ანუ ისეთი, როცა ნათესავი ავადმყოფი ახლობლის სანახავად მიდის.
უკრაინის კონფლიქტის პარადოქსი იმით გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინი თავისმა სწრაფვამ დაასუსტა - სწრაფვამ, რომელიც მიმართული იყო ევროპაში დომინირებისათვის. ახლა კი, დასუსტებული მოსკოვი სულ უფრო ხშირად მოექცევა პეკინის გავლენის ქვეშ - თუ ომის შემდეგ რამე, ნაკლებად სავარაუდო პოლიტიკური გადახრა არ მოხდება და თუ ვლადიმერ პუტინს პროდასავლური ლიდერი არ შეცვლის. შესაძლოა, სწორედ აქ ჩანს სი ძინპინის ძმური ვიზიტის ყველაზე მთავარი მიზეზი: პეკინი თავის ფლანგს ამტკიცებს ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ.
უახლოეს წლებში ჩინეთის დომინირება შედარებით უფრო სუსტ რუსეთზე სხვადასხვა ფორმით განხორციელდება. მოსკოვმა უკრაინაში თავისი უგუნური სამხედრო შეჭრით ევროპაში ენერგობაზარი დაკარგა, ამიტომ კრემლი გაზისა და ნავთობის გაყიდვის სფეროში სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული პეკინზე და სხვა აზიურ მომხმარებელზე. ჩინეთის ეკონომიკური გავლენა ყოველწლიურად მატულობს, როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე - რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონში (ზღვისპირეთის, ბაიკალისა და ხაბაროვსკის მხარეები, იაკუტია, კამჩატკა, ჩუკოტკა, სახალინი, კურილია და ა.შ.). პეკინმა წარმატებებს მიაღწია კოსმოსში, კიბერსივრცეში, რობოტოტექნიკაში, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში და რაც დრო გავა, მით უფრო "დაეწევა და გაუსწრებს რუსეთს".
სი ძინპინის სტრატეგია რუსეთის გადასარჩენად, როგორც ჩანს, იმ მშვიდობიან გეგმაზე კონცენტრირდება, რომელმაც უკრაინაში სისხლისღვრა უნდა შეაჩეროს. რამდენადაც ცნობილია, ჩინეთი მხარეებს სთავაზობს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც "გაყინავს" რუსეთის მიღწევებს უკანონოდ დაწყებულ ომში (ანუ კრემლი არ დაიწყებს მოქმედებას დამატებითი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად), მაგრამ ამ ვარიანტს არ ეთანხმება არც უკრაინა და არც მისი მთავარი დონორი - ამერიკა. ალბათ, რამდენიმე დღეში გავიგებთ, დაელაპარაკება თუ არა, ბოლოს და ბოლოს, სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკის და დაიწყება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის რეალური პროცესი. სკეპტიკოსთა აზრით, მიმდინარე ეტაპზე კიევისა და პეკინის კონტაქტი უმაღლეს დონეზე უკვე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ დიპლომატიაში ბევრი შეუძლებელი რამ შესაძლებელი ხდება ხოლმე, მაგალითად, იმავე ირანისა და საუდის არაბეთის შერიგება პეკინის შუამავლობით.
მშვიდობისმყოფლის როლის შესრულებით, სი ძინპინს შეუძლია თავი მოგებიან პოზიციაში წარმოაჩინოს იმ შემთხვევისათვის, თუ უკრაინა უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე. პეკინს შეუძლია, უფრო მკაცრი ნაბიჯი გადადგას "ჯიუტი უკრაინის ჭკუაზე მოსაყვანად" და მოსკოვს იარაღი მიაწოდოს, შემდეგ კი განაცხადოს, რომ რადგან უკრაინა მის წინადადებას არ ეთანხმება, იარაღის მიწოდებით პეკინი მხოლოდ მხარეთა ბრძოლისუნარიანობას აბალანსებს. სი ძინპინს შეუძლია, "გლობალური სამხრეთის" დიდი ქვეყნების - ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ბრაზილიის მობილიზება იმისთვის, რომ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა აიძულოს. სი ძინპინს სურს, რომ მშვიდობისმყოფლის მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი შეინარჩუნოს, გაეროს წესდების დამოწმებით, თუმცა იგი მხარს უჭერს რუსეთის ლიდერს, რომელიც იმავე წესდების დამრღვევია. ასეთი მიდგომა ცინიკურია, მაგრამ - ეფექტიანი, დიპლომატიური თვალსაზრისით.
ევრაზიულ ბლოკში სი ძინპინის ლიდერობის მზარდი როლი ამერიკელ სტრატეგებს რთული საკითხების წინაშე აყენებს. მათი კოლეგების მთელი წინა თაობა, ძირითადად, იმას ცდილობდა, რომ რუსეთს და ჩინეთს ერთმანეთთან კავშირის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ - ეს იყო აშშ-ის ევრაზიული საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი, ათეული წლების განმავლობაში. მოსკოვსა და პეკინს შორის განხეთქილების ჩამოგდება - აი, სწორედ ეს იყო რიჩარდ ნიქსონისა და მისი მრჩევლის - ჰენრი კისინჯერის ვიზიტის მიზეზი პეკინში 1972 წელს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავდაპირველად იმედოვნებდა, რომ ამ სტრატეგიას პირიქით გამოიყენებდა ანუ დაათბობდა ურთიერთობას რუსეთთან (გავიხსენოთ 2021 წლის ივნისის ჟენევის სამიტი!) და შემდეგ უფრო მეტ ყურადღებას ჩინეთის მუქარების განეიტრალებას დაუთმობდა. რბილად რომ ვთქვათ, აშშ-ის იმედები არ გამართლდა, გეგმამ ისე არ იმუშავა, როგორც თეთრი სახლი ელოდა.
ახლა ამ სამკუთხედის - აშშ-რუსეთი-ჩინეთის ცენტრში სი ძინპინი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირებით სარგებლობს და ვლადიმერ პუტინს ეხმარება, თუმცა - გარკვეული დისტანციის დაცვით. სხვათა შორის, სი ძინპინმა თითქმის ანალოგიური სახით გამოიყენა თავისი მჭიდრო ურთიერთობები თეირანთან, რათა მასზე გარკვეული გავლენა მოეხდინა, ერ-რიადთან შერიგების მიზნით. ასეთი ნაბიჯი თვით ვაშინგტონისათვისაც კი სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა.
მართალია, სი ძინპინთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინი სულ იღიმოდა, მაგრამ ჩინეთის ლიდერის ვიზიტმა აჩვენა, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოსაგან. შევადაროთ: აშშ-ის პრეზიდენტი უცხოელ მაღალ სტუმარს თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ მასპინძლობს, ჩვენ კი როდის ვნახეთ ბოლოს გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსის ვიზიტი კრემლში (ალექსანდრე ლუკაშენკო არ ითვლება)? სი ძინპინის "გამამხნევებელი ვიზიტი" მის "ძვირფას მეგობარს" ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევს და ქვეყნის შიგნით პოპულარობის შენარჩუნებაში დაეხმარება, მაგრამ საზღვარგარეთ ვლადიმერ პუტინი გარიყულად ჩანს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აუტსაიდერი სახელმწიფოს ხელმძღვანელს, რომლებსაც შეიძლება შეხვდეს.
ვისაც სურს ჩინეთ-რუსეთის კავშირების სავარაუდო პერსპექტივა უკეთესად დაინახოს, სი ძინპინის მოსკოვური ვიზიტის ამსახველ ფოტოსურათებს ყურადღებით უნდა შეხედოს, რომლებიც კრემლის ოქროს ინტერიერისა და წითელი ხალიჩების ფონზეა გადაღებული და რომლებზეც, თითქოსდა, უჩინარი წარწერა მოჩანს - "ევრაზიის პრეზიდენტი". დღეს მსოფლიოს უდიდეს ნაწილზე, პრაქტიკულად, ჩინეთი დომინირებს - ისეთი ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდის. და თუ მოსკოვი-პეკინის კავშირი წარმატებით განვითარდება, ჩვენ პირქუშ მსოფლიოში ცხოვრება მოგვიწევს.
დასკვნა: გასულ კვირას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდება წაუყენა და მისი დაპატიმრებისათვის ორდერი გამოწერა. სი ძინპინი ვლადიმერ პუტინის ერთადერთი უძლიერესი მეგობარია და თუ ისინი ნამდვილად გახდებიან პარტნიორები ევრაზიაში და ძალაუფლებას ჩინური დროშის ქვეშ გაიყოფენ, მსოფლიო უფრო უარეს დღეში ჩავარდება. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ