"ყველაზე ნაწყენი ვარ, რადგან ჩემი შვილი კვდება, კლავენ - საზოგადოებას პარტიებად არ ვყოფ, იმის დრო არ მაქვს, ვარკვიო, ვინ რას გეგმავს, მე შედეგს ვხედავ" - კვირის პალიტრა

"ყველაზე ნაწყენი ვარ, რადგან ჩემი შვილი კვდება, კლავენ - საზოგადოებას პარტიებად არ ვყოფ, იმის დრო არ მაქვს, ვარკვიო, ვინ რას გეგმავს, მე შედეგს ვხედავ"

ჩამოსვლის დღიდან ამ ადამიანს ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, არაფერი კარგი არ ახსოვს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ცუდს ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე ნაწყენია, რადგან ხედავს, რომ მისი შვილი კვდება.

„კომუნიკაცია მკურნალ ექიმთან მქონდა. რა პოზიციაზეა საუბარი, როცა ადამიანი ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ორი ლუკმა პირში ჩაიდო და ისიც უკან დააბრუნა. აი, რა პოზიციაზე ვილაპარაკოთ. რამდენი ხანია საკუთარ სხეულს ჭამს, ეს არის მისი პოზიცია. მკურნალ ექიმს გადაყვანაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ამ თემაზე საუბარი არ გვქონია. მკურნალი ექიმი ძალიან შეწუხებულია, რადგან ის ხედავს, რომ მის თვალწინ პაციენტი ეღუპება.

მისი ჩამოსვლის დღიდან კარგი ამ ადამიანს ამ ქვეყანაში არაფერი მიუღია, არაფერი კარგი არ ახსოვს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ცუდს ელოდება. ეს მიიღო იმის სანაცვლოდ, რაც ქვეყნისთვის აკეთა. სხვათა შორის ეს ქვეყანა, რითაც ამაყობდა და მსოფლიოში ცნობილი გახდა და რითაც დღემდე ამაყობენ, არის ის, რაც მის წლებში გაკეთდა, მისი მითითებით და იდეებით. სამწუხაროდ, როგორც ვხედავ, ბევრისთვის ეს გასაგები ჯერ კიდევ არ არის.

ყველაფერზე ნაწყენი ვარ, იმიტომ, რომ ვხედავ ჩემი შვილი კვდება, კლავენ. პარტია რა შუაშია, საზოგადოებას პარტიებად არ ვყოფ. მე იმის დრო არ მაქვს, რომ ყველასთან სათითაოდ ვარკვიო, ვინ რას აპირებს და გეგმავს, მე შედეგს ვხედავ“, - განაცხადა ალასანიამ.

როგორც მან აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ოჯახი ევროსასამართლოში სარჩელს ორშაბათს გაგზავნის.

IPN