პუტინის არმიას ისე გაუჭირდა უკრაინის ფრონტზე, რომ... სტალინისდროინდელ ტანკებს იმატებს - კვირის პალიტრა

პუტინის არმიას ისე გაუჭირდა უკრაინის ფრონტზე, რომ... სტალინისდროინდელ ტანკებს იმატებს

მთელი მსოფლიოს სამხედრო ექსპერტები ერთი წელია, მოუთმენლად ელიან, თუ როდის ჩართავს უკრაინასთან ომში პუტინი თავის სიამაყეს - "მსოფლიოში ანალოგების არმქონე" ტანკებს, "არმატებს", რომლებსაც ათ წელზე მეტია, ყოველ 9 მაისს, გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში, წითელ მოედანზე დიდი პომპეზურობით ჩაატარებენ ხოლმე...

მაგრამ რუსული "არმატას" ნაცვლად, ჯერ კიდევ გასულ წელს უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო არმიამ ხრუშჩოვის პერიოდის "ტ-62" ტიპის ტანკები დაიმატა, რომლებიც საბჭოთა კავშირმა შეიარაღებაში შორეულ 1961 წელს მიიღო.

ეს პირველი სიგნალი გახლდათ იმისა, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიების დასაპყრობად ბრძოლებში იმდენი შედარებით თანამედროვე "ტ-72", "ტ-80" და "ტ-90" ტიპის ტანკი დაკარგეს, რომ მოძველებული "ტ-62"-ის კონსერვაციიდან მოხსნა დასჭირდათ.

თუმცა პუტინის არმიაში "სატანკო კრიზისი" ეტყობა ბევრად უფრო ღრმა აღმოჩნდა, რასაც მეტყველებს თავად რუსეთის მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია რუსეთის აღმოსავლეთი ნაწილიდან დასავლეთისკენ მოძრავი სარკინიგზო ეშელონები, რომელთა ღია სარკინიგზო პლატფორმებზე, არც მეტი და არც ნაკლები, "ტ-54" ტიპის ის ტანკები დგას, რომელთა სერიული წარმოება ჯერ კიდევ 1947 წელს დაიწყო ანუ სტალინის მართველობის პერიოდში!

2-t-1679565183.png
სატელიტურ ფოტოზე გამოსახული რუსული ტანკების შენახვის ბაზა, საიდანაც ირჩევენ სტალინისდროინდელ ტანკებს უკრაინაში საბრძოლველად გასაგზავნად...

სატელიტურ ფოტოებზე გადაღებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სატანკო რეზერვის 111-ე ცენტრალური ბაზა ხაბაროვსკის ოლქში, რომელზეც კარგად მოჩანს ათწლეულების წინ დასაწყობებული და ჟანგიანი "ტ-54", "ტ-55" და "ტ-62" ტიპის ტანკების არმადა, რომელთა ნაწილს სარკინიგზო შემადგენლობის ღია პლატფორმებზე ტვირთავენ...

2022 წლის 24 თებერვლისთვის, უკრაინაზე თავდასხმის წინ, რუსეთის არმიის საბრძოლო მზადყოფნაზე ეყენა არანაკლებ 3 417 ერთეული "ტ-72", "ტ-80" და "ტ-90" ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკების სხვადასხვა მოდიფიკაცია.

გარდა ამისა, საბრძოლო ტექნიკის ხანგრძლივი შენახვის ბაზებში თავმოყრილი გახლდათ 19-20 ათასამდე სხვადასხვა ტიპის ტანკი, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი გაძარცვულია და სავალალო მდგომარეობაში იმყოფება და მათ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

3-t-1679565221.png
"ტ-54" ტიპის ტანკით ბრძოლის ველზე გასულ რუსულ სატანკო ეკიპაჟს დაღუპვის დიდი შანსი აქვს, რადგან მათი ტანკის თხელ ჯავშანს მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი რეაქტიული ჭურვებიც კი გარანტირებულად ხვრეტენ...

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე, საერთო ჯამში, დაკარგეს (რაც შესაბამისი ფოტოვიდეოკადრებითაა დადასტურებული) არანაკლებ 1 871 ტანკი, რომელთაგან 1 121 განადგურებულია, 94 - დაზიანებული, 106 - მიტოვებული, ხოლო 550 რუსული ტანკი უკრაინელებმა ალაფად წაიღეს.

იმ 1 871 ტანკიდან, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დაკარგეს, 73 "ტ-62" იყო, 53 - "ტ-64", 1 025 - "ტ-72", 448 - "ტ-80", 57 - "ტ-90", აგრეთვე - 215 სხვა ტანკი, რომლებიც იმ დონეზე განადგურდა, რომ მათი ზუსტი ტიპის დადგენა არსებული ფოტოვიდეომასალით შეუძლებელია და მოითხოვს ადგილზე დეტალურ დათვალიერებას.

გამოდის, რომ თუკი ომის დასაწყისში რუსეთის არმიას საბრძოლო მზადყოფნაში მთელი რუსეთის ტერიტორიაზე ჰყავდა არანაკლებ 3 417 ერთეული "ტ-72", "ტ-80" და "ტ-90" ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკების სხვადასხვა მოდიფიკაცია, ომის 13 თვის განმავლობაში მან დაკარგა არანაკლებ 1 871 ტანკი ანუ ნახევარზე მეტი და ამიტომაც გასაგებია რუსეთის გენერალიტეტის მცდელობები, როგორმე შეივსოს სატანკო პარკი...

რუსეთში ორი-სამი სატანკო ქარხანა აგრძელებს ახალი ტანკების დამზადებას, ოღონდ - მცირე რაოდენობით და, ასევე, უკვე არსებულის მოდერნიზებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არასაკმარისია, რის გამოც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ ხრუშჩოვის, ახლა კი თვით სტალინისდროინდელი, იმ ძალზე მოძველებული ტანკების გაგზავნაც დაიწყო უკრაინის ფრონტზე, რომლებიც ნახევარი საუკუნე ღია ცის ქვეშ, ციმბირის ტაიგაში იჟანგებოდნენ...