"ასე გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი" საფლირტაო ჩანაწერების მატარებელი იყო. იქ დაძაბულობის ამსახველი სიტყვებიც წერია და - გინებაც კი..." - უნიკალური აღმოჩენა ბოდლეანში - წიგნი პრინცესა მზეხათუნის მზითევისთვის - კვირის პალიტრა

"ასე გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი" საფლირტაო ჩანაწერების მატარებელი იყო. იქ დაძაბულობის ამსახველი სიტყვებიც წერია და - გინებაც კი..." - უნიკალური აღმოჩენა ბოდლეანში - წიგნი პრინცესა მზეხათუნის მზითევისთვის

"დაახლოებით, 1690-1699 წლებში გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“ ლონდონში, ბოდლის ბიბლიოთეკაში ინახება. ერთ დროს წიგნი ეკუთვნოდა იმერეთის მეფის - დავითის ასულს, პრინცესა მზეხათუნის და ბოდლეანს 1911 წელს წარუდგინა თავადმა გიორგი წერეთელმა", - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მხატვარი, რეჟისორი, აუდიოვიზუალური ხელოვნების დოქტორი მაია კიკაბიძე. იგი თავისი აღმოჩენის შესახებ უნიკალურ ცნობებს "კვირის პალიტრას" აწვდის...

- როგორც ვიცით, "ვეფხისტყაოსანს“ ლამაზად გადაწერდნენ ხოლმე, მხატვრულად, ილუსტრაციებით შეამკობდნენ, შეკრავდნენ და, ტრადიციულად, ქალიშვილს მზითევში ატანდნენ. გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი" ბევრია, მაგრამ მათი ტექსტუალური სიზუსტე არის თუ არა ორიგინალ ნაწარმოებთან დაცული, სხვა საკითხია, რადგან გადაწერის დროს შეცდომების დაშვება ხდებოდა და გადამწერიც ტექსტს თავის გემოზე ალამაზებდა. ასევე, არ ხდებოდა სრული „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერაც გოგონასთვის საოჯახოდ გათვალისწინებულ წიგნში და იწერებოდა ნახევარი ან გარკვეული ნაწილი, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია...

vefxistyaosani-bodleanshi-12-1679649955.jpg

ლონდონის არქივში დაცულ ძველ „ვეფხისტყაოსანს“ ვათვალიერებდი, ილუსტრაციები მაინტერესებდა და შევამჩნიე, რომ ილუსტრაციის მეორე გვერდზე, ცარიელ ფურცელზე წარწერები იყო დატანილი (მინაწერები, უფრო მინაჯღაბნები). ჩავთვალე, რომ საუკუნეების განმავლობაში წიგნმა, სანამ არქივში მოხვდებოდა, შესაძლოა, ბევრ ხელში გაიარა და დაზიანდა ასეთი სახით. შემდეგ სხვა „ვეფხისტყაოსანი“ ვნახე, სხვა პერიოდის, გადავათვალიერე მხატვრობა - ილუსტრაციები მშვენიერი იყო და მეორე გვერდზე ისევ ისეთივე მინაწერები შემხვდა. გამიკვირდა, როგორ შეიძლებოდა სხვადასხვა წიგნზე მსგავსი დაზიანებები ყოფილიყო და სწორედ ამ ფაქტმა დამაინტერესა...

- რა დაადგინეთ?

- ასეთი ამბავი აღმოჩნდა: როდესაც გოგონა იწერდა „ვეფხისტყაოსანს“, ის ამით იმაღლებდა პრესტიჟის და განათლების სტატუსს, მწიგნობრობას და ა.შ. ეს წიგნი გამოიყენებოდა როგორც საფლირტაო ჩანაწერების მატარებელი. თაყვანისმცემელი ნახულობდა, კითხულობდა, ათვალიერებდა გოგოს ნაშრომს და მას ილუსტრაციის მეორე ცარიელ გვერდზე შეტყობინებას სწერდა, სადაც მის გრძნობას, მოწონებას გამოხატავდა. შემდეგ გოგონაც პასუხობდა და ასე მიმოწერით შედგებოდა ხოლმე ან არ შედგებოდა ურთიერთობა... „ვეფხისტყაოსანი“ თავისი ულამაზესი ტექსტით ორივეს ლამაზი სიტყვების შერჩევაში ეხმარებოდა. ხანდახან ფრაზებიც იყო გამოყენებული ნაწარმოებიდან, მაგრამ ამ „ვეფხისტყაოსანში“, მიმოწერაში საკუთარი ფრაზებია ქართულად, სპარსულად და ბერძნულად...

vefxistyaosani-bodleanshi-2-1679650000.jpg

- რომელ წლებშია გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი", რომელზეც გვიამბობთ...

- „ვეფხისტყაოსანი“, დაახლოებით, 1690–1699 წლებშია გადაწერილი და ლონდონში, ბოდლის ბიბლიოთეკაში ინახება. ერთ დროს წიგნი ეკუთვნოდა იმერეთის მეფის - დავითის ასულს, პრინცესა მზეხათუნის. ბოდლის1911 წელს წარუდგინა თავადმა გიორგი წერეთელმა.

- ახსენეთ, რომ ბევრი რამ კიდევ გამოსაკვლევია...

vefxistyaosani-bodleanshi-10-1679650034.jpg

- ძალიან საინტერესო საკვლევი მასალაა, იმისთვის, თუ როგორი იყო ურთიერთობები მე-17 საუკუნის დასაწყისში. ეს პირადი მიმოწერა საბოლოოდ კარგად არ მთავრდება, რადგან თაყვანისმცემელმა ბიჭმა ცოლად სხვა შეირთო... თუმცა წიგნის პატრონს მაინც ეარშიყებოდა, მათ შორის დაძაბულობის ამსახველი სიტყვებიც წერია და გინებაც, რაც ძალიან გამიკვირდა. ქალი და კაცი გინების მხრივ ერთ სიმაღლეზე დგანან, - „ლეკვი ლომისა სწორია“... მე-17 საუკუნეშიც გვქონია უწმაწური გამონათქვამების ჩვევა და - არა მხოლოდ კაცისგან. მიმოწერის ნაწილი სპეციალურად წაშლილია, დაზიანებული, ალბათ, არ სურდათ, რომ ეს სიტყვები ვინმეს წაეკითხა...

ასევე, ზოგიერთი ნაწილი ქართული ასოებით, ოღონდ - არაბულ ენაზე წერია. ასეთი საფლირტაო მიმოწერების შემდეგ ქალს წიგნი აუცილებლად თან უნდა წაეღო. ვერ, არ ვამტკიცებ, რომ ყველა გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“ ასეთი შემთხვევისთვის, მიმოწერისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ორი შემხვდა, რამაც ჩემში ასეთი ვარაუდი ჩამოაყალიბა - წიგნი სიყვარულისთვის... რამდენიმე სახელია ნახსენები, ასევე, რამდენიმე თაყვანისმცემელი, მაგრამ ძირითადი, ვისაც გოგო ეტრფის, ერთია.

vefxistyaosani-bodleanshi-3-1679650073.jpg

სხვისი პირადი მიმოწერის კითხვა არ ვარგა, მაგრამ მე-17 საუკუნე გვაპატიებს ამას...

რისი გარჩევაც შევძელი, იმ ფრაზებს უცვლელად გთავაზობთ:

- შენთვის ე.ლ. ხელმან შენით მითხარ მზევ; ზევით წერია იმისთვინარი;

- ეს ამბად ქება გიგი ბატონიშვილმა გამოთქვა. ყველა ამბანი ამ ოთახში გამოყვანილია;

- ალვა ბრწყინავს გულსა და მაღელვებს ვაშა ხე ჰცქერობით; იასა ვამკობ ლოყა მზეო ნარგისობას პირატმობით;

- რა სევდა დამბლნს უფრო ფლობ ქმნად ღამყელს შუქობ ჩინიმცობით; და მოწი წარბთა ჭვრობ ხმობას და ელვას ჯილდობ ჰა ქრობით;

vefxistyaosani-bodleanshi-9-1679650105.jpg

- დის უცხო ამბათქება შენმამზემან; ჩემს ხელმწიფებამდე; სახელს გაფიცებ;

- ჩემ საყვარელნი; ეს წიგნი ვისია ალმასი არის მისი ჭირი შემეყარა.

- ამის პატრონის ხელი მეუღლის განცდითა და ხილვითა იხარა მისმან მორჩილმან და მდობა ვგონებთ უფალს მადლი შეწევდესა და გასრულდეს გონებისა ჩვენისა საწადელი;

- რესტონ; ამან განგაქებ; ეს "ვეფხისტყაოსანი" დიაღ ცუდი წყობილია, ნახატიც კარგია და ხელიც, მარა მის მის ალაგს არ არის;

- ესე წიგნი ვისია, მისი ნახვა მისი მადლი არის;

- შენმა მზეგან აქ აწმდის, შენ ცოცხალი არ მეგონე, გადავწყვიტე სიცოცხლე და ვივლი უცოლოდ;

vefxistyaosani-bodleanshi-5-1679650137.jpg

- ჩემი სიცოცხლის მაამო და შაქანო+, ეცქირონ შენი და დარეჯან ხელს გამაოცაევმერმედ ჩემო ბატონო აწი წადე;

- შევფიცე: წამოველ. მდიოდა ნაცადი ცრემლი მილისსა; ასე უნდა ამას; უკავია ვირმა ჩაგივდა არეკადრება, ასე უნდა პაწაწა, ჩინება უნდა;

- შენ რა გრჯიდა ხვარრამას ძევ ლომის სამტროდ შემართუებ მეუღლესა ვარდის კონავა და ბანფთ ოქროს შენაერთებ; თხამ ლომსა ვთ აწყენდი რათ სიგიჯნი მემართებ, აწ ნახავ თავსა სვეტსა ზედა ზვმანებ სული გაბერთება;

- შენმამზემ აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე ჩემო სულის უტკბესო შენ გენაცვალა შენი პატალა (?)

vefxistyaosani-bodleanshi-7-1679650243.jpg

- ჩემო სიცოცხლე და სულის თქმაც დაო ბატონო სალომე შენი და ეკატარინ ლამაზ თვალებს გატოლებ, მარა რას მერჩოდი, რომ გინება მეწერა აწ მეც გაგინებ თეთრუას თვალი ამოგილამდეს, თორდელთა შვილის ფურთხ ჭამე და შენ რომ იცი მისი ო-ტი გაგაღეჭე; ქ-ბატონო სალომე რას მერჩი, შენაც ლაფანი ვირმა თუ არ დამეხსენ;

- რას გერჩი და რომარ დამაყენე მას მერრე;

- ქ-ბატონო (?) შენ ხარ;

- ქ-ბატონო სალომე შენი და ეკატერინას ლამაზს;

- ჩემი პრაინცი რადახაარ აწ ვისთანა შვრები; (დანარჩენი მოხეულია)

vefxistyaosani-bodleanshi-1679650262.jpg

- ქ-ბატონო თქვენი სიტურფე შენთვის; ჩემოხელმწიფე;

- (?) შამოგითვალათ დებ სალომე და (?) რომ მაბრალებდით ქმარი სტაცაო ხან სწერო მას, სულ ამაზე სწერს;

- ბატონო თქვენ; ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცვამს არას (წაშლილია გაგრძელება)

- ქ-ბატონო შეძელ კაშკაშთე;

- მე აქა ჩემსაამოდ (არაბულად დანარჩენი)

- ჩემთვის მკვდარ და ჩემთვის საყვარელ;

vefxistyaosani-bodleanshi-11-1679650162.jpg

ასე სრულდება ამბავი ორი ადამიანისა, რომლებიც ერთად, ალბათ, ვერ შერჩნენ. ტექსტის სრულიად გარჩევა შესაძლებელია, არაბულის და ბერძნულის მცოდნეებისგან. ძალიან საინტერესო იქნება სხვა, საოჯახოდ გადაწერილ „ვეფხისტყაოსანში“ მიწერილი ამბებიც. ეს არის წიგნი, რომელიც ინახავს ადრეული ეპოქის ადამიანების გულის საიდუმლოს. ალბათ ამიტომაც მიჰქონდათ მზითვად, რომ მასში თავიანთი, პირადი სიყვარული ეწერა და მას მთელი ცხოვრება უფრთხილდებოდნენ.

(სპეციალურად საიტისთვის)

vefxistyaosani-bodleanshi-6-1679650201.jpg