"შეძახილით - "ასა-ასა!" ვაშინგტონის დარბაზში ჩოხიანი "ჯიგიტი" შემოიჭრა და ლეკურის ხმაზე ამაყად, თითისწვერებზე, მხარგაშლილმა ჩაიქროლა"
სტალინის შვილს მამის მოწინააღმდეგე შეუყვარდა, სვეტლანა ალილუევამ მას ამერიკაში ჩააკითხა. "კომუნისტი დესპოტის" ქალიშვილი სახლშიც მიიწვიეს. ბიჭის დედამ სახლის დალაგება დაიწყო, შუალედში სუპერმარკეტში პროდუქტებზე გაიქცა, დაბრუნებულმა კი სამზარეულოში უცნობი ქალი აღმოაჩინა, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი გულმოდგინედ ხეხავდა იატაკს. ეს იყო სვეტლანა, რომელიც დათქმულ დროზე ადრე მისულა ჭავჭავაძეებთან. სვეტლანა მალე დაუმეგობრდა ჭავჭავაძეებს. დავითი იმ დროს ცოლს გაშორებული იყო და ხშირად აკითხავდა მშობლებს. მასა და სვეტლანას შორის, რაღაც გრძნობა გაჩნდა", - გვიამბობს ცნობილი ისტორიკოსი - რუსუდან დაუშვილი.
რუსუდან დაუშვილი:
- დავით ჭავჭავაძე 1924 წელს ლონდონში დაიბადა. ორი წლის იყო, როცა ოჯახი ამერიკაში გადასახლდა. დავითს რუსი ძიძა ზრდიდა და რუსული ენა კარგად ისწავლა. პავლე შვილისთვის იშვიათად იცლიდა. ამიტომ, დავითმა ქართული ვერ ისწავლა. პავლე ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს წევრი იყო და შეკრებებზე შვილიც დაჰყავდა, რისი წყალობითაც, დავითს თანამემამულეებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ქართული სიტყვით ახერხებდა მათთან კონტაქტს.
პავლემ შვილს სამეფო ჩამომავლის შესაფერისი განათლება მისცა. 1942 წელს დავითი იელის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. იმ დროს ამერიკა უკვე ჩაბმული იყო II მსოფლიო ომში, ამიტომ არმიის რეზერვშიც ჩაეწერა. პირველი კურსის დახურვისთანავე სამხედრო-საჰაერო ძალებში გაიწვიეს, მაგრამ ბრძოლაში ჩაბმამ არ მოუწია. როგორც რუსული ენის კარგი მცოდნე, სამხედრო დაზვერვის განყოფილებაში გაგზავნეს. საველე პრაქტიკა მთებში გაიარა. იქ გამოჩენილი ინიციატივობისა და საზრიანობის გამო, სერჟანტად დააწინაურეს. ერთ წელიწადში ჯერ უმცროსი, შემდეგ კი - უფროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო. ომის განმავლობაში, როგორც თარჯიმანი, ბევრ ცნობილ საბჭოთა მოღვაწეს შეხვდა. ომის შემდეგაც ხშირად უხდებოდა იმ შეკრებებზე თარჯიმნად მუშაობა, სადაც მოკავშირეები გერმანიის მომავლის, ევროპის ომის შემდგომი მოწყობისა და ახალი საერთაშორისო სისტემის შექმნის საკითხებზე მსჯელობდნენ. ამის გამო, ერთხანს გერმანიაშიც ცხოვრობდა. 1950 წლის აგვისტოში დავითი ვაშინგტონში ანგარიშის ჩასაბარებლად გამოიძახეს და ასე დაიწყო მისი 25-წლიანი კარიერა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ინიციატივით შექმნილ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში (CIA, "ცსს"). ის იყო ერთადერთი რუსეთის საიმპერატორო ოჯახის შთამომავალთაგან, ვინც ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად საქმიანობდა და ამ უწყებაში მუშაობდა.
1974 წელს, 50 წლის დავითი გადადგა, მაგრამ უწყებისთვის ის აუცილებელი იყო, ამიტომ კონტრაქტით გააგრძელა სამსახური. იმ პერიოდში მან ძალები სრულიად განსხვავებულ ასპარეზზე მოსინჯა – სიმღერასა და მწერლობაში. მწერლობა უფრო გამოუვიდა. არის ავტორი რამდენიმე ისტორიულ-პოლიტიკური, პუბლიცისტური ნაშრომისა და მოგონების – "დიდმთავრები", "ვლასოვის მოძრაობა: გერმანელების მხარეს მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეები 1941-1945 წლებში" (1989), „გვირგვინები და "შინელები" სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში" (1990).
იგი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც – ინგლისურ ენაზე თარგმნა რამდენიმე რუსული ნაწარმოები. საბჭოთა სისტემის შესახებ ასწავლიდა ქალაქ ფერფაქსის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში; კერძო კომპანიების შეკვეთით, გამოკვლევებს ატარებდა ტერორიზმის პოტენციალის შესახებ.
დავითი აქტიურად იყო ჩაბმული ამერიკის რუსული დიასპორის ცხოვრებაში. რუსეთიდან ჩასული ერთი ჟურნალისტი იხსენებდა, როგორ გაიცნო დავითი ძველით ახალ წელს ვაშინგტონში გამართულ არისტოკრატიულ მეჯლისზე, როცა შეძახილით „ასა-ასა“! დარბაზში ჩოხიანი, ქამარ-ხანჯლით წელდამშვენებული „ჯიგიტი" შემოიჭრა და ლეკურის ხმაზე, ფეხის წვერებზე შემდგარმა, ამაყად მხარგაშლილმა ჩაუქროლა დარბაზს. „ჯიგიტმა" რამდენიმე წრე ჩამოუარა და ისევე უცაბედად გაქრა, როგორც გამოჩნდა.
ასეთი დაამახსოვრდათ იმ და არა ერთი სხვა მეჯლისის მონაწილეებს დავით ჭავჭავაძე.
დავითის სახლი 1970-80-იან წლებში საბჭოთა დისიდენტთა ნამდვილი თავშესაფარი გახდა. დავითი მათ პრესკონფერენციების მოწყობასა და კონგრესმენებთან შეხვედრაში ეხმარებოდა. ამას „ცეერუ" არ ავალებდა – საკუთარი მრწამსის მიხედვით მოქმედებდა. ამერიკელებს ჭავჭავაძის გვარის წარმოთქმა უჭირდათ და როცა წარმოშობის შესახებ ეკითხებოდნენ, - ინდიელი, ჩეროკის ტომიდან ვარო, -პასუხობდა დავითი. რა თქმა უნდა, არისტოკრატული გარეგნობისა და მანერების ადამიანს არ უჯერებდნენ „ჩეროკულ" წარმოშობას. ამის მერე, დავითი დაწვრილებით უხსნიდა მათ, თუ სად მდებარეობდა მისი წინაპრების მიწა-წყალი და საუბრისას, ყოველთვის ერთ დასკვნამდე მიდიოდნენ – „სტალინიც ქართველი იყო, არა?“ „დიახ, სამწუხაროდ".
სტალინთან დავითი კიდევ ერთმა ისტორიამ დააკავშირა. როგორც აღვნიშნეთ, ნაბოკოვის რეკომენდაციით, პავლემ თარგმნა სვეტლანა ალილუევას წიგნი - „მხოლოდ ერთი წელიწადი". სტალინური რეპრესიების გამო ლტოლვილად ქცეული ოჯახის წევრისგან ამ საქმისთვის ხელის მოკიდება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. "ფული ძალიან გვჭირდებოდაო", – თავს იმართლებდა დავითი.
„კომუნისტი დესპოტის" ქალიშვილი სახლშიც მიიწვიეს. დედამისმა სახლის დალაგება დაიწყო, შუალედში სუპერმარკეტში პროდუქტებზე გაიქცა. დაბრუნებულმა კი სამზარეულოში უცნობი ქალი აღმოაჩინა, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი, გულმოდგინედ ხეხავდა იატაკს. ეს იყო სვეტლანა, რომელიც დათქმულ დროზე ადრე მისულა ჭავჭავაძეებთან. სვეტლანა, მალე დაუმეგობრდა ჭავჭავაძეებს. დავითი იმ დროს ცოლს გაშორებული იყო და ხშირად აკითხავდა მშობლებს. მასა და სვეტლანას შორის, რაღაც გრძნობა გაჩნდა. დავითი სტუმრად ჩადიოდა პრინსტონში, სადაც იმ დროს ალილუევა ცხოვრობდა. სვეტლანას სპეციალურად მისთვის გიტარაც კი შეუძენია და ორ ხმაში ასრულებდნენ რუსულ სიმღერებს.
ერთხელ, ძველი და ძალიან სევდიანი სიმღერის ბოლო აკორდზე აცრემლებული სვეტლანა ხელზე ემთხვია და უთხრა: „დამიჯერე, დავით, ეს მოსკოვური ბანდა რომანოვებზე მეტადაც კი მძულს"... „მაშინ, ვიგრძენი, რომ ეს იყო ერთგვარი მობოდიშება იმისთვის, რაც მამამისმა და მისმა გარემოცვამ ჩვენ და საერთოდ, რუსეთს დაჰმართა", – შენიშნავდა დავითი.
1974 წელს, როცა დავითმა გადადგომაზე პატაკი დაწერა, მისი კოლეგები იცინოდნენ:
სწორედ რომ დროულია, წარმოიდგინე, „ცეერუს" ანკეტას როგორ შეავსებდი: სიმამრი – იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი). ასეთ დარტყმას სააგენტო როგორ გადაიტანდაო. შვილი თუ გაგიჩნდებოდათ, ჭავჭავაძე-ჯუღაშვილი-სტალინი-რომანოვი როგორი შესაკავშირებელი იქნებოდაო?! თავად დავითი კი ამტკიცებდა, რომ მას მხოლოდ მეგობრული გრძნობა ამოძრავებდა, თუმცა, სვეტლანას ამის გაგონებაც კი არ სურდა.
„ცეერუსა" და ანტისაბჭოთა ემიგრაციის საბედნიეროდ, დავითის მომდევნო ცოლი სვეტლანა არ გამხდარა.
დავითის პირველმა ცოლმა ჰელენ ჰასტედმა კარგად შეისწავლა რუსული ენა, დისერტაცია კი ქართულ ფონემებზე დაიცვა. მათი ქალიშვილები – მარიამი და ალექსანდრა ქორწინების პირველ სამ წელიწადში – 1953 და 1954 წლებში დაიბადნენ.
ჰელენთან დაშორების შემდეგ, 1960 წელს, დავითი მეორედ დაქორწინდა ჯუდით კლიპინგერზე. მასთან ორი შვილი შეეძინა – 1960 წელს დაბადებული ქალიშვილი კატერინა და 1966 წელს დაბადებული ვაჟი მაიკლი.
მესამედ დავითმა ცოლად შეირთო ნიუ-იორკელი რუსი – ჟენია (ეჟენ) სმიტი, რომელიც მეორე ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო ჯორჯთაუნის რუსულ რესტორანში, სადაც გოგონა მღეროდა. მართალია, დავითი მაშინ თავს მოერია, მშვენიერი ჟენიას ნაცვლად ჯუდით კლიპინგერზე იქორწინა, მაგრამ 20 წლის შემდეგ, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და 1979 წელს დაქორწინდნენ.
დავითი საქართველოში 1977 წელს ჩამოვიდა, უფროს ქალიშვილ მარიამთან (მარუსია) ერთად. ამ მოგზაურობის შესახებ წერდა, რომ საქართველოში აღმოაჩინა, თუ რა ეფექტს ახდენდა ქართველებზე, როცა თავისი მწირი ქართულით საკუთარ ვინაობას დაასახელებდა; რა დიდი პატივით ეპყრობოდნენ უცხოელებისთვის არაფრისმთქმელ მის გვარს. იმის გამო კი, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი იყო, ტაქსის მძღოლმა მგზავრობის ფული არ გადაახდევინა, თუმცა მანამდე დაბალ შემოსავალზე ეწუწუნებოდა. უფასოდ ემსახურებოდნენ რესტორანში და ერთმა ქალმა ხელებიც კი დაუკოცნა (ეს უკვე მეორედ, სვეტლანას შემდეგ).
საქართველოში აღმოაჩინა ის ქართული გულუხვობა, სტუმართმოყვარეობა და წარსულისადმი მოწიწება, რაც მხოლოდ მონათხრობითა და წიგნებით იცოდა. კახეთში ჩასვლისას, ვენახებით დაფარული ველის ჩრდილოეთით გადაჭიმული თოვლიანი ქედის დანახვაზე წარმოიდგინა, რა საშიში იქნებოდა 100 წლის წინ ლეკების შემოსევა და დაუცველი ქალების მოგზაურობა გამტაცებლებთან ერთად, ამ პირქუშ მთებში.
წინანდალში, როცა სამუზეუმო ექსპონატად ქცეული დიდი წინაპრის საწერ მაგიდასთან დაჯდომის ნება მისცეს, საოცარი გრძნობა დაეუფლა. თითქოს, თვალწინ გადაეშალა მრავალი თაობის ცხოვრება ამ სახლში, რაც მამის წიგნებიდან კარგად იცოდა. კიდევ ერთი დიდი შთაბეჭდილება იყო ჭავჭავაძეთა შთამომავლების ფოტოებს შორის მამის ფოტოს და ორი წიგნის აღმოჩენა.
„იქნებ იმისთვის ვიცხოვრე, რომ ამ დღეს მოვსწრებოდი?", – წერდა დავითი.
მისი უფროსი ქალიშვილი, მარიამ (მარუსია) ჭავჭავაძე ხშირად ჩამოდის წინაპრების სამშობლოში. ის არის საქართველოს უმძიმეს ჟამს – 1994 წელს ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-მერის - კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის მიერ დაარსებული „საქართველოს მეგობართა ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, ფონდი ეხმარება ძეგვის ბავშვთა სახლს, თბილისის ფერისცვალების მონასტერთან არსებულ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს, ქუთაისის ფსიქო-ნევროლოგიურ კლინიკას, ტუბერკულოზით ავადმყოფ, გაჭირვებულ ბავშვებსა და მოხუცებს.
2014 წლის ნოემბერში დავითის გარდაცვალებას "ვაშინგტონ პოსტი" გამოეხმაურა.
(სპეციალურად საიტისთვის)