რუსმა ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენერალური შტაბის თანახმად, 22 მარტის მდგომარეობით “ოკუპანტების არმიის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა - კახოვკას დასახლებულ პუნქტში განლაგდებოდა, ქალაქი დატოვა”.
შტაბის ინფორმაციით, ამას ოკუპანტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვა უძღოდა წინ. ოკუპანტებმა სამოქალაქო მოსახლეობისგან დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკის, ძვირფასეულობების, ტანსაცმლისა და მობილური ტელეფონების “კონფისკაცია” მოახდინეს.
ასევე, გენერალური შტაბის განცხადების თანახმად, ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობლებმა პრო-უკრაინული პოზიციების მქონე მოქალაქეების ძებნა დაიწყეს. ამისთვის ისინი დონბასში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეების, სამხედრო პენსიონერების და უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირების სიებს იყენებენ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მოწინააღმდეგე ახლა თავდაცვით ქმედებებს აწარმოებს.
"ინტერპრესნიუსი"