"მე არ მახსენდება მინისტრი, რომლის "მკაცრი ხელის" გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ"
"22 წლის ვიყავი, როცა პირველი ლექცია ჩავატარე, ქართველ ახალგაზრდებს საკმაოდ კარგად ვიცნობ და მათი იმედი რომ არ მქონდეს, ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა", - რას ფიქრობს ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე - რისმაგ გორდეზიანი ქართველ ახალგაზრდებზე - ამის შესახებ ის "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.
- 7-8 მარტის შემდეგ, საზოგადოება გაოცებული დარჩა: ყველას ეგონა, რომ ახალგაზრდებს ჩვენი ქვეყნის ბედი ნაკლებად აინტერესებთ, მაგრამ მათ სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცეს. თქვენ თუ ელოდით ამას?
- უკვე 60 წელია, ახალგაზრდებს ვასწავლი და მთელი ჩემი ცხოვრება ლექციებთან, სტუდენტებთან, ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. არაერთგზის მინახავს, რა დიდი როლი შეასრულეს სტუდენტებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მახსოვს 1979 წელი, მახსოვს, როგორ დაიცვეს ახალგაზრდებმა მშობლიური ენა მაშინ, როცა მისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა მოეხსნათ. იმ დღეებში დაიწყო სტუდენტური გამოსვლები, რაც საოცარი ახალგაზრდული ენერგიის გამოხატულება იყო. სწორედ მაშინ, ახალგაზრდები პროპაგანდის ვეებერთელა მანქანას დაუპირისპირდნენ და აჯობეს - ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნეს, მერე იყო გამოსვლები დავით გარეჯის გამო, ხოლო 9 აპრილს, ჩვენმა გოგო-ბიჭებმა საქართველოს დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ამიტომ, მე ახლანდელი სტუდენტების აქტიურობაც არ გამკვირვებია: არ შეიძლება იმ ხალხის შვილები და შვილიშვილები საკუთარი ქვეყნის ბედის მიმართ გულგრილნი იყვნენ. ახლაც, ახალგაზრდებმა მათთვის ჩვეული გულწრფელობით თქვეს თავიანთი სათქმელი და მე ეს არ გამკვირვებია!
- სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდებს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ზოგიერთმა მათ "ათას ლარზე გაყიდული სტუდენტები" უწოდა, ამის თაობაზე რას იტყოდით?
- ეს დიდი შეცდომაა! შეცდომაა, როცა ცდილობენ, ახალგაზრდები გააკრიტიკონ, ამას ჯობია დაკვირვება და ანალიზი იმისა, თუ რატომ გამოვიდნენ სტუდენტები ქუჩაში, რამ განაპირობა მათი აღელვება. როდესაც ასეთი მღელვარება იწყება, გონიერი, დაკვირვებული ხალხის სწორი ანალიზია საჭირო, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით წავიდეს, რომ პროცესები სწორად წარიმართოს. მარტის აქციების შეფასებისას, ემოციურ ტალღაზე გაკეთებული არა ერთი განცხადება მოვისმინე და არ მომეწონა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც აქციის მონაწილეებს შორის ანგარებიანი და კორუმპირებულიც ყოფილიყო, გამონაკლისები ყველგან არიან, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების უმეტესობას გულწრფელი და ჯანსაღი მოტივები ამოძრავებდა.
- როგორ ფიქრობთ, ჩვენი საზოგადოებისთვის "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის შეთავაზება მართებული იყო?
- ჩემი აზრით, ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რაღაც კანონს იღებს, პირველ რიგში, საზოგადოების შეხედულებებს და განწყობას ითვალისწინებს. როგორც მიმდინარე მოვლენებმა გვაჩვენა, ქართველი საზოგადოება არ იყო მზად ამ კანონის მისაღებად. მე თუ მკითხავთ, ეს კანონი ბევრს ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ რადგან უარვყავით, რადგან არ მივიღეთ, აღარაა საჭირო მსჯელობა იმაზე, რა იყო კანონში ცუდი ან კარგი. მგონი, აჯობებს ვიფიქროთ, რომ ეს ფურცელი უკვე გადაიშალა და მის გამო კამათი და ნერვების აშლა არ ღირს.
- თუმცა ამბობენ, რომ კანონის შემობრუნებას აპირებენ, სახეცვლილი სახით, მაგრამ მაინც...
- ეს დიდი სისულელე იქნება. თუ მსგავს კანონს მთელი მსოფლიო მიიღებს, მარტო საქართველო დარჩება და გვთხოვენ, ოღონდ, ეს კანონი მიიღეთ და თქვენგან მეტი არაფერი გვინდაო, მაშინ სულ სხვა საქმეა. თუ ყველა ქვეყანა მიიღებს, მაშინ ჩვენც მივიღებთ, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა გვეუბნებოდა, არ მიიღოთ ეს კანონი, არ არის საჭიროო. მეც, ვისაც ანგარიშს ვუწევ, ყველა გვირჩევდა, რომ თავი შეგვეკავებინა, მაგრამ არავის დავუჯერეთ. კიდევ კარგი, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვა და ახლა აღარ არის საჭირო ვიფიქროთ, რა მოხდა, სად იყო სიმართლე და სად - სიყალბე.
- რას ფიქრობთ განათლების მინისტრის შეცვლაზე? ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიხეილ ჩხენკელის სკამი მარტის აქციებს შეეწირა და ახალი მინისტრი "მკაცრი ხელის" პოლიტიკას გაატარებს, რათა ურჩი სტუდენტები გააჩუმოს...
- მე არ მახსოვს არც ერთი მინისტრი, რომლის "მკაცრი ხელის" გამო სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ. რაც შეეხება განათლების მინისტრს, მან იმ სფეროში გადაინაცვლა, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იყო, როგორც მენტალურად, ასევე - პროფესიულად. ეს არის უმაღლესი განათლება: ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადავიდა. ეს ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა და დარწმუნებული ვარ, განათლების მინისტრი იქ თავის "სტიქიაში" იქნება. ჯერჯერობით, არ ვიცით, რა იქნება და უმჯობესია, დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება... მთელ მსოფლიოში ასეა: მინისტრები იცვლებიან, მოდიან და მიდიან, მაგრამ იმაზე მსჯელობა, მომავალში რა შეიძლება მოხდეს, მხოლოდ თეორიულ მსჯელობად მიმაჩნია. მე არ ვიცი, რას ნიშნავს "მკაცრი ხელი", მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: სტუდენტებს მათზე მზრუნველი და გულწრფელი ადამიანების სჯერათ, ისინი ვერ იტანენ, როცა ვინმე მათ გულწრფელობას სიყალბეს დაუპირისპირებს.
- ბატონო რისმაგ, რას ფიქრობთ ახალგაზრდებზე, რომლებიც უცხოეთში სასწავლებლად მიდიან და საქართველოში აღარ ბრუნდებიან?
- თუ განათლებას მიიღებენ, დაბრუნდებიან და თავის სამშობლოს გამოადგებიან, ამას, ცხადია, ყველა მივესალმებით, მაგრამ ცუდია, როცა უცხო ქვეყანაში ჩაიკარგებიან და საქართველოში აღარ ბრუნდებიან. ეს უარყოფითი მოვლენაა, მით უმეტეს, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
- და ბოლოს, გაქვთ თუ არა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედი?
- ჩვენი ახალგაზრდების და უკეთესი მომავლის იმედი რომ არ მქონდეს, მაშინ ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა. ყველაზე მეტად ჩემი სამშობლო და ახალგაზრდები მიყვარს, რადგან სწორედ ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი და მომავალი. უნდა ვეცადოთ, როგორმე უნდა მივაღწიოთ, რომ ახალგაზრდობა უცხოეთში წასვლაზე და იქ დარჩენაზე არ ფიქრობდეს. უცხოეთი მათთვის იდეალად არ უნდა გადაიქცეს. მე განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე, არაერთხელ ვყოფილვარ მიწვეული სხვადასხვა ქალაქის უნივერსიტეტებში, ლექციებიც წამიკითხავს, მაგრამ არსად მიგრძნია, რომ ჩემმა უნივერსიტეტმა რაღაც დამაკლო, რომ მეორეხარისხოვანი პიროვნება ვარ. ვყოფილვარ გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, იქაური ცხოვრებით მიცხოვრია, მაგრამ ამან საქართველოს მიმართ სკეპტიციზმი ვერ გამიჩინა. უკლებლივ ყველა უნდა ვცდილობდეთ, რომ აქ იყოს ყველაფერი კარგად, რომ ჩვენს ახალგაზრდებს გული ისევ სამშობლოსკენ მოუწევდეთ და აქ - საქართველოში სურდეთ მთელი ცხოვრების გატარება.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)