5 მიმართულებით მოწინააღმდეგის 79-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბის ახალი ანგარიში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მოწინააღმდეგის 79-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს და დაარტყეს ტერიტორიებს, სადაც რუსების ცოცხალი ძალა და ტექნიკა იყო კონცენტრირებული, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერი ძირითად ძალისხმევას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე მიმართავს. პროფესიული და კარგად კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, ჩვენმა დამცველებმა მტრის 79-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, რუსულ ძალებს ბახმუტზე შტურმი არ შეუწყვეტიათ. ბახმუტის მიმართულებით, ბოლო დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი საბრძოლო შეტაკება სწორედ ქალაქ ბახმუტის მიდამოებში მოხდა.
უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 37 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის კრამატორსკზე და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 82-ჯერ გახსნეს.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინულმა ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს. დამცველებმა ასევე ჩამოაგდეს ორი X-59 ტიპის მართვადი რაკეტა და 4 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.
ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის თავმოყრის ტერიტორიას, საზენიტო სარაკეტო სისტემასა და საწვავის და საპოხი მასალების 2 საწყობს დაარტყეს.
IPN