რუსეთის დაზვერვის მორიგი მარცხი ევროპაში: ჩვენთან კი რა ხდება? - კვირის პალიტრა

რუსეთის დაზვერვის მორიგი მარცხი ევროპაში: ჩვენთან კი რა ხდება?

თვე არ გავა, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებისა და აგენტების გამოვლენის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს. გერმანია, შვედეთი, პოლონეთი და საბერძნეთი - ის ქვეყნებია, სადაც 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის დაზვერვის ფარული მოქმედებების მხილება მოხდა. შეშფოთება გიპყრობს, როცა ეცნობი საბჭოთა სპეცსამსახურების საარქივო მასალებს, ისტორიულ დოკუმენტებსა და კა-გე-ბეს ვეტერანების მემუარებს. თანდათანობით ბურუსით მოცული ყველაზე საიდუმლო ინფორმაცია ნათელი ხდება და ირკვევა, რომ საბჭოთა იმპერიის არსებობის მანძილზე მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა, სადაც საბჭოთა სადაზვერვო ქსელს "ფესვები" არ გაედგა და კონტროლის ქვეშ არ მოექცია ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, სამხედრო და სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, ხელოვნებისა და მეცნიერების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები.

თავმომწონე ბერძენთა (ისევე, როგორც იტალიელთა, ინდოელთა, ფინელთა და ა.შ.) უდიდესმა ნაწილმა შეიძლება არც იცოდეს, რომ მათი ლამაზი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი ათწლეულების მანძილზე მოსკოვში იგეგმებოდა. 1945-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა სპეცსამსახურები საბერძნეთში იმდენად თავისუფლად გრძნობდნენ თავს, რომ ეს ქვეყანა სპეცოპერაციების დაგეგმვის და განხორციელების ერთგვარ ცენტრად იყო ქცეული. საიდანაც იმართებოდა სპეცოპერაციები დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. თვითონ საბერძნეთში საბჭოთა სპეცსამსახურებს დიდი არჩევანი ჰქონდათ აგენტ-ინფორმატორების, გავლენის აგენტებისა თუ "უბრალოდ”, სანდო პირების მრავალრიცხოვან "არმიას” შორის. მათგან მოსკოვს უმთავრესად "გავლენის აგენტები” აინტერესებდა, რადგანაც, სწორედ, მათ ხელში იყო ან მოკლე პერიოდში აღმოჩნდებოდა, საბერძნეთის პოლიტიკური სისტემის მართვის სადავეები.

საბჭოთა, შემდგომ რუსეთის დაზვერვისთვის საბერძნეთი ყოველთვის "გემრიელი ლუკმა” იყო. განსაკუთრებით არალეგალური დაზვერვის პოზიციებიდან იყო ხელსაყრელი საბერძნეთის მოქალაქის პასპორტი: ბერძნული დიასპორა მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული და საკმაოდ შეძლებულიცაა. ეს კი სადაზვერვო მუშაობისთვის დიდ პოტენციალს ქმნის. ამიტომ საბჭოთა/რუსეთის დაზვერვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მზვერავის ლეგალიზებისთვის ხშირად იყენებდა/იყენებს საბერძნეთის მოქალაქის პასპორტს.

ამ რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთის სპეცსამსახურებმა გაავრცელს ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის არალეგალური აგენტის გამოვლენის შესახებ, რომელიც ამ ქვეყანაში 2018 წლიდან მოქმედებდა. ირკვევა, რომ 35 წლის ირინა სმირეევა (ჩემი აზრით, არც ეს იქნება რუსი აგენტის ნამდვილი გვარი) პერუს მოქალაქის ყალბი დოკუმენტებით ადრე მოქმედებდა მექსიკასა და მონტენეგროში. საბერძნეთში კი მან იყიდა (სიმართლე გითხრათ მეეჭვება, რომ "ცენტრმა" სათანადო დოკუმენტებით თავად არ უზრუნველყო აგენტი) დოკუმენტები ათენში დაბრუნებული ბერძენი ემიგრანტების ქალიშვილის, 32 წლის "მარია ცალას" (რომელიც სინამდვილეში 1991 წლის დეკემბერში, რამდენიმე დღისა გარდაცვლილა) სახელზე და მისი მშობლების მონაცემებით მიიღო 2018 წელს საბერძნეთის მოქლაქეობა. "ცენტრმა" რუს ჯაშუშს არალეგალური მზვერავისთვის საუკეთესო პირობები შეუქმნა: ფოტოგრაფიით გატაცება "მარია ცალას" საშუალებას აძლევდა მთელს მსოფლიოში თავისუფლად ემოგზაურა, ხოლო ათენში მისთვის გახსნილი ხელნაკეთი და ნაქსოვი ნივთების ბუტიკი "გალაციო" შესანიშნავი ადგილი იყო ფარული შეხვედრებისთვის.

b11-1679645596.jpg
ირინა სმირეევა – „მარია ცალა“ და მისი ბუტიკი

თუმცა არაფერია მუდმივი და ირინა სმირეევა - "მარია ცალაც" გაიშიფრა: საბერძნეთის სპეცსამსახურების განცხადებით მათი დაეჭვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ "მარია ცალა" გარდაცვლილ საბერძნეთის მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში შეღწევას ცდილობდაო. თუმცა როდის იყო სპეცსამსახური სიმართლეს ამბობდა! სრულიად შესაძლებელია რუსი ჯაშუში მისმა კოლეგა ჯაშუშმა "ჩაუშვა", რომელმაც რუსეთის იმპერიის კრახისგან დისტანცირების თადარიგი დღესვე დაიჭირა და სარფიანად გაყიდა საიდუმლო ინფორმაცია.

b2-1679645639.jpg
ირინა სმირეევა – „მარია ცალა“ და მისი ფოტოაპარატი: შესანიშნავი შენიღბვა ჯაშუშისთვის.

მეორე "ჯაშუშური სკანდალიც" ასევე ნატოს წევრ ქვეყანაში - პოლონეთში მოხდა: 15 მარტს პოლონეთის ხელისუფლებამ რუსული ჯაშუშების ქსელის გამოვლენის შესახებ განაცხადა. პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს (ABW - კონტრდაზვერვის სამსახურის) თანამშრომლებმა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ცხრა პირი დააკავეს. ისინი ეროვნებით ბელარუსები და უკრაინელები არიან, რომლებიც პოლონეთში ცხოვრობდნენ. მათ ბრალად ედებათ პოლონეთის რკინიგზის ხაზის იმ მონაკვეთზე, საიდანაც გადააქვთ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკა და სხვადასხვა დახმარება, 50 - ზე მეტი კამერის დაამონტაჟება, მატარებლების მოძრაობაზე ინფორმაციის შეკრება და დივერსიების მომზადება. ფარული კამერები მატარებლების მოძრაობას აფიქსირებდნენ და მონაცემებს ინტერნეტში გადასცემდნენ. ისინი დაამონტაჟეს რკინიგზის ხაზებზე ჟეშუვ-იასენკას აეროპორტის მიდამოებში.

ცნობილია, რომ ეს აეროდრომი აქტიურად გამოიყენება უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდებისთვის და უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადაცემის მთავარ სატრანზიტო ჰაბს წარმოადგენს. ეს აეროპორტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ მის დასაცავად "პეტრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები განათავსა. სწორედ ამ აეროპორტში ჩაფრინდა თებერვალის ბოლოს, ყველასთვის მოულოდნელად აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც შემდეგ კიევში გაემგზავრა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.

ირკვევა, რომ პოლონეთის სპეცსამსახურები რამდენიმე თვე აკვირდებოდნენ ამ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მოქმედებებს. ამ ჯგუფის მთავარი მიზანი იყო უკრაინისთვის სამხედრო-ეკონომიკური დახმარების და სამხედრო ტექნიკის გადაცემის დაბლოკვა და სარკინიგზო ხაზებზე დივერსიების მოწყობა.

b3-1679645700.jpg
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები: მარია მედვედევა, ნიკოლაი მოსკალენკო და ვლადისლავ პოსმიტიუხა

პოლონეთის პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობაში წაუყენა, რაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან უკონტროლოდ ათასობით ადამიანი შემოვიდა ჩვენთან. მათ შორის რამდენი დარჩება მუდმივად საქართველოში და მათგან რამდენია "არალეგალური ჯაშუში", არავინ იცის. საფრთხე კი ძალზე რეალურია. ყველა ქვეყანაში რუსეთის დაზვერვის "არალეგალების” მთავარი ამოცანა იყო და არის : აგენტების გადაბირება, საიდუმლო დოკუმენტაციის ხელში ჩაგდება, აგენტებს შორის ოპერატიული კავშირის უზრუნველყოფა, პოლიტიკური მკვლელობების და დივერსიების მომზადება და ჩატარება და ა.შ.

დღევანდელი მდგომარეობა ძალზე ხელსაყრელია რუსეთის სპეცსამსახურებისთვის: მათ შუძლიათ მესამე ქვეყნების (პირველ რიგში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების) წინააღმდეგ ოპერაციებისთვის თბილისი საკუთარ "სადაზვერვო ჰაბად" აქციონ. სამწუხაროდ ამ მხრივ ძალზე დიდი პერსპექტივები აქვთ. რას ვუპირისპირებთ რუსეთის "ჰიბრიდულ აგრესიას"? - ეს პირველი კითხვა.

მეორე კითხვა კი ისაა, თუ რამდენი რუსეთის აგენტი მოქმედებს დღეს საქართველოში პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ა.შ. გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში? ან თუნდაც ჩვენ სპეცსამსახურებში? სამწუხაროდ სამი ათეული წელი არასტაბილურობისა და შიდა დაპირისპირების წრეში ტრიალი უკვე პასუხია: საქართველოში სხვადასხვა დონისა და " დაშიფრვის" ასეულობით რუსეთის ჯაშუში მოქმედებს. ზოგი შეგნებულად, ზოგი კი "სასარგებლო იდიოტის" რანგში.

პ.ს. არ მინდა "პუტინის ფანებმა" დიდხანს ინერვიულონ და მათ "დასამშვიდებლად" ვიტყვი: რუსმა ჯაშუშმა ქალბატონმა "ირინა-მარიამ" ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში მოახერხა ათენიდან გაქცევა და ახლა ალბათ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის რომელიმე დახურულ სანატორიუმში "იშუშებს ჭრილობებს". შემდეგ კი ისევ მოგვევლინება, შესაძლოა თბილისშიც გახსნას პატარა პიცერია და მიამიტ ქართველებს თავი შეგვაცოდოს, ახლა უკვე "პუტინის რეჟიმთან" ან "ბატკას დიქტატურასთან" მებრძოლი დისიდენტის ან თუნდაც უკრაინიდან ლტოლვილის მოპარული ბიოგრაფიით. ჩვენ კი ვენდობით. ჩვენ ხომ ყველა "დაჩაგრული" გვიყვარს!