"კოზირი თუ ჯოკერი: „მიშა მოდის“, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ გაუჭრელი იყო, გაიჭრა - ძალიან მალე, არჩევნებით უნდა დასრულდეს ის ორი ეპოქა, რომელმაც ქვეყანას უდიდესი ზარალი მოუტანა"
კოზირი თუ ჯოკერი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ გაუჭრელი იყო, რომ „მიშა მოდის“ (ახლა კი ვანო მოევლინათ მშველელად), გაიჭრა - ირაკლი აღარ იქნება პრემიერი და ამასთან შეგუება მოუწევს, თუმცა არც ვანო მერაბიშვილი იქნება, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.
უსუფაშვილის თქმით, საქართველოში სამი მიმართულება - „ივანიშვილის ოცნება, სააკაშვილის ნოსტალგია და პუტინის გეგმები, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციით ერთმანეთს აძლიერებენ და საქართველოს არასწორი მიმართულებით უბიძგებენ, მომავალ არჩევნებში უნდა დამარცხდეს“.
„ბატონი პრემიერ-მინისტრი მინდა დავამშვიდო - საქართველოში რეჟიმის ცვლილება არ იქნება რაიმე დემონსტრაციის ფონზე, მაგრამ ამავდროულად, მინდა ცოტათი ავაღელვო, რომ რეჟიმის ცვლილება აუცილებლად იქნება, ოღონდ ეს იქნება არჩევნების შემდეგ, 2024 წელს. ასე იქნება - ირაკლი აღარ იქნება პრემიერი და მას ამასთან შეგუება მოუწევს, არაუშავს. არც ვანო მერაბიშვილი არ იქნება არასდროს პრემიერი და მასაც მოუწევს ამასთან შეგუება. „ლელოს“ და ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პოლიტიკური პოზიცია ესაა და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის ხედვაც ესაა, რომ ძალიან მალე, არჩევნებით უნდა დასრულდეს ის ორი ეპოქა, როდესაც ჯერ ერთმა, შემდეგ მეორემ, შემდეგ კი ერთმანეთთან კინკლაობაში ქვეყანას უდიდესი ზიანი და ზარალი მოუტანეს. ამისი ნათელი დადასტურებაა დღევანდელი დღეც - ნაცვლად იმისა, რომ ეროვნული ინტერესების თემაზე და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გვესაუბრა, ანუ იმ თემებზე, სადაც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი, მოხდა ის, რაც აქ ხდებოდა. პრემიერ-მინისტრმა მარჯვედ გამოიყენა მისთვის მიცემულო დრო და ილაპარაკა ისევ იმაზე, რაზეც სულ ვლაპარაკობთ, რომ არის რაღაც საშინელი ძალა, რომელიც ხან აქედან, ხან იქიდან ამას და იმას შვება. ეს დასრულდება. რეჟიმი შეიცვლება, უკეთესი რეჟიმით. კოზირი თუ ჯოკერი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ გაუჭრელი იყო, რომ „მიშა მოდის“, ახლა კი ვანო მოევლინათ მშველელად, გაიჭრა. ამის დემონსტრირება ბევრ რამეშია, მათ შორის მარტის მოვლენებში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ ნარატივზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წევრების განცხადებები „მოღალატეობრივი პროპაგანდაა“.
„სააკაშვილმა თუ ვინმეს რამე ავნო, თურმე ევროპის დავალებით ავნო, ანუ ვინ არის ცუდი? - ევროპა; ქვეყნის გარეთ არიან ქვეყნის მტრები, რომლებსაც უნდათ, საქართველოს ომში ჩართვა, ოღონდ აქ რუსეთზე არაა საუბარი, იმ მტრებზეა საუბარი, რომლებიც ჩვენი და რუსეთის პროვოცირებას ცდილობენ, რომ ომში დაგვაჯახონ ერთმანეთს, ვინაა ეს - სამოა და ნაურუ? არა - ევროპა და აშშ. ეს მდარე, ქართული ინტერესების მოღალატეობრივი პროპაგანდაა, რომელიც ამ ტრიბუნიდანაც გადმოედინებოდა და ყველა იმ ტრიბუნიდან გადმოედინება, რომელიც ხელისუფლების ხელშია. ეს არა სახელმწიფოებრიობაა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, უსუფაშვილმა პრემიერს მიმართა და განაცხადა, რომ არც პრემიერს, არც ივანიშვილს და არც მიხეილ სააკაშვილს ევროპული მომავლისთვის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც დათო ტურაშვილს, გიორგი კეკელიძეს და სხვებს.
„ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, ვის გაუკეთებია ჩვენზე მეტი ევროპული მომავლისთვისო. ირაკლი, მოგმართავ - არც შენ, არც მე, არც ბიძინას, არც მიშას და არც არავის არ გაუკეთებია ევროპული მომავლისთვის იმდენი, რამდენიც გააკეთა დათო ტურაშვილმა, გიორგი კეკელიძემ, ვანო ჩხიკვაძემ, ლევან ცუცქირიძემ, უამრავმა ადამიანმა. კონკრეტული მოქალაქეების შექმნილია ეს ქვეყანა და ამ მოქალაქეებზე უნდა გაიაროს ქვეყანამ. ნურც ნურაფერს ვამადლით, თუ რამე გავაკეთებთ და ნურც ნურაფერს ვიბრალებთ, რომ ჩვენია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ipn