"ჰოლივუდი, ბოლივუდი მინახავს, მაგრამ ნანა სტამბოლიშვილმა აღმაფრთოვანა - წარმომიდგენია, რომ ასეთი ჭკვიანი იყო თამარ მეფე" - კვირის პალიტრა

"ჰოლივუდი, ბოლივუდი მინახავს, მაგრამ ნანა სტამბოლიშვილმა აღმაფრთოვანა - წარმომიდგენია, რომ ასეთი ჭკვიანი იყო თამარ მეფე"

„ჰოლივუდი, ბოლივუდი მინახავს, მაგრამ ნანა სტამბოლიშვილმა ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა“ - აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა ნანას 700 კუპლეტი მიუძღვნა, ლექსებს ჯამში მილიონ-ნახევარი მოწონება აქვს

თითქმის 25 წელია, რაც გიორგი დარჩიაშვილი ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს... იგი გადაღებულია ჰოლივუდისა და ბოლივუდის, მთლიანობაში - 13 ქართულ და საერთაშორისო ფილმში. თავადაც სურს ფილმის გადაღება სტალინის შესახებ, უცნაურ ამბავზე, რომელიც შემთხვევით გაცნობილმა ლაზმა მამაკაცმა უამბო...

გიორგი დარჩიაშვილს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 3 წელი თავისი პროფესიით არ უმუშავია... შემდეგ იური მეჩითოვმა შთამბეჭდავი ფოტოები გადაუღო, რომლის დამსახურებით, ინდური ჯგუფის მიერ გადაღებულ ფილმში მთავარ როლში აღმოჩნდა. ამ როლზე რაჯ კაპურის ძმისშვილიც იყო შერჩეული, მაგრამ გიორგი დარჩიაშვილი დაამტკიცეს. იური მეჩითოვის გადაღებული ფოტოების მეშვეობით, მან 6 ფილმში ითამაშა, საბჭოთა კავშირის კინოსტუდიების მიწვევით...

ბოლივუდის გადაღებული „ზოროს“ ინდური ვერსია - „შავი უფლისწული აჯუბა“ ინდოეთში ძალიან ცნობილი ფილმი გახდა, რადგან ინდოეთის ყველაზე აღიარებული და ძვირად ღირებული მსახიობები მონაწილეობენ.

რაც შეეხება ქართველების როლებს – ერთ-ერთ ფილმში, არიადნა შენგელაია პრინცესას როლს თამაშობს, შემდეგ ქვეყნის სათავეში დგება ვეზირი, რომლის შვილის როლი გიორგი დარჩიაშვილმა შეასრულა… ფილმში მონაწილეობდნენ ასევე ზურაბ ქაფიანიძე, აბესალომ ლორია და ირაკლი ხიზანიშვილი.

გიორგი დარჩიაშვილი ასევე გადაიღეს ჰოლივუდურ ფილმში - "ღამის მოსიარულე", სადაც ციხის ზედამხედველი განასახიერა.

რაც შეეხება სტალინზე ფილმის გადაღებას, თურქეთიდან ამერიკაში რომ მიფრინავდა, რეგისტრაციის დროს ლაზი მამაკაცი გაიცნო... მან საოცარი ამბავი გაანდო გემის ძარცვაზე... ლაზის ბაბუა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ალალი კაცი, მეგობარმა, ებრაელმა მოშემ შემთხვევით წაიყვანა აზერბაიჯანში, თითქოს, თევზი უნდა გადმოეტვირთათ. მაშინ ყველას უჭირდა და დაჰპირდნენ, გემიდან დიდ თანხას გადაგიხდიანო... სტალინმა, კამომ და აზერბაიჯანელმა ჰასანამ ბაქოში გემი რომ გაძარცვეს, ეს ალალი ლაზი, თურმე, ზუსტად მაგ დროს აღმოჩნდა იმ გემზე... ებრაელი მოშე და ეს ლაზი პატარა გემით მიადგნენ ძალიან დიდი ბანკის გემს. აქ დაგველოდე, ცოტა ხანში თევზს გადმოვზიდავთ ზევიდან ბადითო და ეს ალალი კაცი იქ დაელოდა... შემდეგ სროლა ატყდა და ზევიდან გადმოხტნენ სტალინი, კამო და ჰასანა. მათ ფული წამოიღეს, ძვირფასეულობა, ოქროთი, ბრილიანტით, რომელიც ახლა 30 მილიარდის ტოლფასია... ეს საწყალი ლაზი, შემთხვევით რომ აღმოჩნდა იქ ძარცვისას, შემდეგ გაყაჩაღდა, შვილს დაეძებდა... ეს ნადავლი გემის სარდაფში რომ ჩაიტანეს, ლაზს უთხრეს, ჩადი და ამოიტანეო და ამოტანის დროს მან დაინახა, რომ მოკვლას უპირებდნენ, ჩართო გემის მოტორი და გაიქცა. გონზე რომ მოვიდა, უკვე ციხეში იყო და ფული სად გაქრა, არავინ იცის...

გიორგი დარჩიაშვილმა ამის შესახებ 200-გვერდიანი სცენარი დაწერა... ჰოლივუდის წარმომადგენლებმა უთხრეს, სცენარი მიეყიდათ, მაგრამ მათ მიერ შეთავაზებული ცვლილებები არ მიიღო. ლაზის, მთავარი როლის განსახიერება თავად სურდა. სტალინის ქურდობაზე ჯერჯერობით არაფერია გადაღებული, თავად სრულიად დარწმუნებულია ლაზის ნაამბობის სიმართლეში და გადაღება ამიტომაც მოუნდა...

გიორგი დარჩიაშვილი უკვე წლებია, ლექსებს წერს, რამდენიმე კრებული გამოცემული აქვს და ამჯერად ნანა სტამბოლიშვილისადმი მიძღვნილ პოემაზე გვიამბობს:

- უკვე დიდი ხანია, სოციალურ ქსელში ნანა სტამბოლიშვილის შესახებ მიძღვნილ ლექსებს ვაქვეყნებ და ველოდებოდი, რომ ამის შესახებ კითხვას დამისვამდნენ... როდესაც ვხედავ, ასეთი კარგი ახალგაზრდაა, მინდა, ისეთი რამ გავაკეთო, იმაზე მეტად რომ წარმოჩინდეს, ვიდრე ახლაა. მასზე მიძღვნილი ლექსები ჩემს კრებულში - „წუთისოფელი“ შევიტანე. ნანა მაშინ მსახიობი არ იყო, მოცეკვავე იყო. მისი კადრები სოციალურ ქსელ "ტიკტოკზე" ვნახე, სადაც ჩანს, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალია. მე თუ მკითხავთ, მას პროფესიული სასწავლებლები საერთოდაც არ სჭირდება, ბუნებით არის უმდიდრესი.

მომეწონა მისი ფოტოსურათი, სადაც ხევსურული ჩაცმულობითაა და 12-სტროფიანი ლექსი მივუძღვენი, შემდეგ კი ზედ ავაგე ჩემი 400-სტროფიანი პოემა... სულ რამდენიმე პოემა მივუძღვენი - 400, 200, 100-სტროფიანები. მის სახეზე შეიძლება მშვენიერი ფილმი გადაიღონ - ბრწყინვალე ფილმი ფშავ გოგონაზე. თუ ოდესმე მოვახერხე, მსურს, ამ ფილმის რეჟისორი თავად ვიყო... როგორც მოგახსენეთ, მე იგი მანამდე აღმოვაჩინე, ჯერ რომ არსად არ იყო მიწვეული.

ჩემს ლექსებს, რომელიც ნანას მივუძღვენი სოციალურ ქსელში მილიონ-ნახევარზე მეტი მოწონება აქვს... თავად ნანას წიგნი რომ გავუგზავნე, მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო და მომწერა, ამას არაფრით მოველოდი, ეს რამხელა სიხარულიაო.

- ნანაზე კიდევ რას იტყვით?

- პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რასაც ვხედავ, მეტი რაღა გაცნობა უნდა?! ჰოლივუდში, ბოლივუდში, სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ნანამ ქცევით, საუბრით, მანერებით, სიწმინდით, ოჯახისშვილობით იმდენად მომხიბლა, წარმომიდგენია, რომ ასეთი ჭკვიანი იყო თამარ მეფე... ღმერთმა ისე მოუწყოს ხელი, თამარ მეფის როლი შეესრულებინოს, მაგის სახელით საქართველო აყვავებულიყოს.

მე სამი შვილი მყავს და ნანუკას, როგორც საამაყო, კინემატოგრაფიის შვილს, ისე ვუყურებ... ძალიან მიხარია, რომ ნანუკას მშობლები ჩემს ლექსებს იწონებენ სოციალურ ქსელში. ასეთ ახალგაზრდა მსახიობებს ძალიან უნდა შევუწყოთ ხელი, უფრო მეტად რომ გაიხარონ! მე თვითონ კაპიტალისტურ ქვეყნებში რომ მომიწია გადაღებამ, პასპორტი ჩამომართვეს და იქით არ გამახედეს, ამიტომ ვიცი, რას ნიშნავს როცა ბარიერებს გიქმნიან. ახლა ეს ყველაფერი აღარ არის და დიდებულია, ასპარეზი რომ ყველგანაა.

- ელოდით, რომ ლექსებს ამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა?..

- ალბათ არა და ძალიან გახარებული ვარ! ბრაზილიელ ფილოლოგს ვიცნობ, რომელმაც ნებართვა მთხოვა, ნანას შესახებ კრებულის მთლიანად გადათარგმნა მინდა და თუ შეიძლებაო. რასაკვირველია, სიხარულით დავთანხმდი.

(სპეციალურად საიტისთვის)