"ახალგაზრდებზე რომ ლაპარაკობთ, გაითვალისწინეთ, მათ თქვენთვის განაჩენი გამოტანილი აქვთ"
საერთაშორისო სასამართლო როცა იქნება, შეიძლება იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდეს, რაშიც თქვენ ეჭვი გეპარებათ და უკრაინელებმა მათი, მიხეილ სააკაშვილისა და ევროკავშირის დაგეგმილი გადატრიალების დამადასტურებელი საბუთი რომ მოითხოვონ, მერე რას შვრებით?, - ამ კითხვით პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
როგორც გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ახსოვს იმ დროიდან, როდესაც თავად მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში იყო.
ასევე, მისი თქმით, ახალგაზრდებს დღევანდელი ხელისუფლებისთვის განაჩენი გამოტანილი აქვთ და „გუშინ“-ს „ხვალისთვის“ არასოდეს მოუგია“.
„ბატონო ირაკლი, მინდა ტერმინოლოგიის შესახებ რამდენიმე რჩევა მოგცეთ. რამდენიმე დღეა საუბრობთ, რომ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და უნდა იცოდეთ ამ ომის განმარტება რა არის. „მსოფლიოს“ ეძახიან ომს, რომლის შემდეგაც მთელი მსოფლიოს ბედი წყდება. ომებს მსოფლიოს არა პოლიტიკოსები, არამედ ისტორიკოსები არქმევენ და ამიტომ, დაანებეთ ამას თავი.
თქვენ თქვენი განცხადებებით ცეცხლს ეთამაშებით. ამბობთ, რომ უკრაინა, სააკაშვილი და ევროკავშირი აქ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდეს, რაშიც თქვენ ეჭვი გეპარებათ და უკრაინელებმა ამ გადატრიალების დამადასტურებელი საბუთი რომ მოითხოვონ, მერე რას შვრებით?
მე ვიცი, რომ იურისტი ხართ, შეიძლება ვცდები და არ ხართ. რომ ამბობთ, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებისთვის ჩამოვიდაო, ეს გამოიძიეთ? საქმე აღძრულია ამ მიმართულებით? თქვენს პირად მომავალზე ფიქრობთ? საერთაშორისო სასამართლო როცა იქნება, შეიძლება იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით. დაფიქრდით, როდესაც განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ არ გვაინტერესებს, ღამით რა გეზმანებათ თქვენ და ბიძინა ივანიშვილს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლება გზას აცდენილია, დასავლურ ორიენტაციაზე უარს ამბობს. ერთი ადამიანი რატომ არ გესარჩლებათ დასავლეთიდან?
არც ქართული წესია, არც კავკასიური და არც ევროპული, როგორც თქვენ მიხეილ სააკაშვილს ექცევით. აქ რომ ხართ ჩამწკრივებულები, არცერთი თქვენგანი არ მახსოვს იმ დროიდან, როდესაც მე მიშას ოპოზიციაში ვიყავი და მოსაკითხია, ვინ სად მუშაობდით.
თქვენ მაშინაც გეშინოდათ მიხეილ სააკაშვილის და ახლაც გეშინიათ. სააკაშვილის გეშინიათ კიევში, თბილისში, გეშინიათ მაშინ, როცა ჯანმრთელია, გეშინიათ ციხეში. სააკაშვილს გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის. ეს თქვენი პრობლემაა, იმ კაცის პრობლემა კი არ არის.
საერთოდ მოგიწოდებთ ყველას და განსაკუთრებით, თქვენ, ბატონო პრემიერო, მეტი თავმდაბლობა! თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია იჩემებს, რომ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები ხართ. გირჩევთ, ხანდახან „გალობანი სინანულისანი“ წაიკითხოთ და ბიძინასა წაუკითხოთ, რადგან მას კითხვა ეზარება და მოსმენა უყვარს. გირჩევთ, თქვენი სამაგიდო წიგნი გახდეს.
ამ ახალგაზრდებზე რომ ლაპარაკობთ, ერთი რამ გაითვალისწინეთ, მათ თქვენთვის განაჩენი გამოტანილი აქვთ და „გუშინ“-ს „ხვალისთვის“ არასოდეს მოუგია. ერთ რამეში დაგეთანხმებით,საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცათ, რადგან ხელისუფლება დროებითია, ხოლო ხალხი - მარადიული“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ipn