"ჩემი სამშობლოს სიყვარულისათვის უნდათ ჩვენი დასჯა" - რას ამბობს "ქართული ლეგიონის" წევრი, რომელსაც მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ოთხ წარმომადგენელს. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა „მედიაზონამ“ რუსეთის საქალაქო სასამართლოს კარტოთეკაში აღმოაჩინა. მათ (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით) "დაქირავებულობაში" ადანაშაულებენ. პირები, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს, არიან ლაშა რუხაია, ალიბეგაშვილი, ამირანაშვილი და აფრესოვი. მათ ედავებიან ომში დაქირავებულის სტატუსით ჩართვას. შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა. როგორც ლეგიონის წარმომადგენლები ამბობენ, მათთვის რუსული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ცნობისთვის, „ქართული ლეგიონი“ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამხარ 2014 წლიდან დღემდე იბრძვის. ლეგიონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება და 1300 სამხედროს აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი, ძირითადად, ყოფილი ქართველი სამხედროებისგან შედგება, რომლებსაც შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. ოთხი ლეგიონერიდან ერთ-ერთი, ლაშა რუხაია დღეს საქართველოშია და „კვირის პალიტრას“ ქართველი მებრძოლების წინაშე არსებულ საფრთხეებზე ესაუბრება:
- ჩემი სამშობლოს სიყვარულისათვის, უკრაინელი ძმების გვერდით დგომისთვის უნდათ ჩვენი დასჯა, მაგრამ არა მგონია, რამე გამოუვიდეთ. სიმართლე, რომ გითხრათ, რუსული სასამართლოს შიში არ გვაქვს. რუსულმა ტყვიამ ვერ შემაშინა ვერც 2008 წელს, ვერც ახლა და რუსულმა სასამართლომ როგორ უნდა შემაცვლევინოს ჩემი დამოკიდებულება ამ ომის მიმართ?!
- „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, განაცხადა, რომ მისი მებრძოლები, რომლებიც საქართველოში ოჯახების სანახავად ჩამოდიან, შესაძლოა, რუსების ხელში აღმოჩნდნენ. თქვენ ახლა საქართველოში ხართ. რა საფრთხეს ხედავთ?
- თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას და პოზიციას ამ ომის მიმართ, გამორიცხული არაფერია. ძალიან მარტივად არის შესაძლებელი დამაპატიმრონ და აქვე დამსაჯონ, თუ, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ დამავლებენ ხელს და არ გამიტაცებენ.
- საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებას ყველგან დაიცავს.
- ერთია, რას ამბობენ ხმამაღლა და მეორეა, რას აკეთებენ სინამდვილეში. ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში საკუთარი მკერდით იცავდნენ სამშობლოს, ახლა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ დევნილობაში. თვეები და წლებია, ოჯახები არ ჰყავთ ნანახი. არა ერთი ფაქტი არსებობს, რომ აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი სპეცრაზმელები უკვალოდ გაქრნენ, დაიღუპნენ და ა.შ. ამ ფონზე ვერავინ დამაჯერებს, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე ლაშა რუხაიას დაიცავს. ეს ფუჭი სიტყვებია. პირიქით, მათგან საფრთხეს უფრო ველოდები. მე ჩემი ხალხის და მეგობრების იმედი უფრო მაქვს. ათი წელია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ერთი რუსი აგენტი არ ჰყავს დაპატიმრებული. მე რასაც ვუყურებ და რასაც ვუსმენ, მრჩება განცდა, რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე