გამარჯვებული ახალგაზრდები?? რა შემთხვევაში დავდგებოდი აქციებზე და მოვითხოვდი... - კვირის პალიტრა

გამარჯვებული ახალგაზრდები?? რა შემთხვევაში დავდგებოდი აქციებზე და მოვითხოვდი...

ერთხელ (ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ), შვედი პოლიტიკოსი პერ გარტონი, საქართველოს ხელისუფლებაზე წერდა: „საქართველოს თაფლობის თვე ევროპასთან დასრულდა. სააკაშვილის პოლიტიკური თეატრის მოდელი საკმარისი არ არის, უფრო მიწიერი ქმედებებია საჭირო. ცოტა ილაპარაკოს, ბევრი აკეთოს...“

სამწუხაროდ, არაფერი შევიგნეთ. ისევ ერთი და იმავე აზროვნების ყალიბში ვცხოვრობთ... ახალგაზრდების „გააფთრებულმა“ გამოსვლებმა ჩემი მშობლების წუხილი გამახსენა - იქნებ, ოდესმე, ის თაობა მოვიდეს, ვინც შეძლებს ქვეყნის მართვის სტილი შეცვალოს, შეძლოს ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს... სულ ცოტა, აღარ მინდა ეს სურვილი თაობიდან თაობას გადაეცემოდეს.

მეგობარო, როდესაც ეკრანიდან ეკრანზე გამოდიხარ და ამბობ, რომ სწორედ ეს არის ევროპელობა, როცა ბრაზდებიან, ვიტრინებს და მაღაზიებს ამსხვრევენო, ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ სამართალდამცველის შეურაცხყოფას ევროპაში კანონით სჯიან. გასაგებია, რომ გააფთრებული ხარ იმ მომენტში, მაგრამ შემდეგ, ისევ და ისევ შეუძლებელია პოლიციელს მონა ეძახო და ამართლო მისი დაწვა, ან მისი მანქანის გადაწვა და სხვა მსგავსი, რაც პირდაპირი კრიმინალია, ხალხი კი არწმუნო იმაში, რომ ამ კრიმინალის გამო კი არ გთხოვენ პასუხს, არამედ თავისუფალი სიტყვისთვის...

ევროპელიც გააფთრებულია, როდესაც სახელმწიფო ობიექტებს აზიანებს. მეორე დღეს მან იცის, რომ პასუხი მოეთხოვება, თუნდაც ადმინისტრაციული, მაგრამ ის ამას იღებს, არ იტყუება, რომ პროტესტის გამო სჯიან...

განსაზღვრე, რა არის თავისუფალი სიტყვა. ქვეყნის პრიორიტეტების ჩამოყალიბება აუცილებელია და აი, ამის შემდეგ არის მნიშვნელოვანი, სწორ დროს სწორი რეაქცია გქონდეს.

აქციებზე მეც დავდგებოდი და მთელი ხმით მოვითხოვდი - ზუსტად ისეთივე გულისყურით ვაკეთოთ, ქართველებო, წვრილმანი საქმეები, როგორც მსხვილმანი. ვფიქრობ, წვრილმანი საქმეების მოგვარებაზე დგას მთავარი გარდატეხა. ქვეყნის სათავეში მოსვლის მსურველთა უმრავლესობა კი იწყებს, მაგალითად, აფხაზეთის დაბრუნების დაპირებით, რაღაც კანონზე „ბუნტით“, ხელისუფლების „გადადექის“ მოთხოვნით... როგორ გასწვდები ამ საქმეებს, თუ არ იცი როგორ მოექცე შენს მოქალაქეს, შენ გვერდით მყოფს?! ევროპულ ცხოვრებაში რაც თვალშისაცემია არის ის, რომ პატარა საქმეებს ისეთივე სერიოზულობით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც დიდ საქმეებს.

"გაგების პოლიტიკა" უნდა ვცადოთ, რომ ჩავანაცვლოთ კანონის უზენაესობით. მთელი რიგი ფაქტებია იმისა, როდესაც კანონმორჩილება უხერხულობას გვიქმნის და რიგ შემთხვევაში, სირცხვილად მიგვაჩნია. გამოვიდოდი აქციებზე სიამოვნებით და ვიყვირებდი - რაც გინდა მაგარი კანონები მივიღოთ, თუ ის მოქმედებაში და ყველასთვის თანაბარგავლენიანი არ იქნება, ვერ განვვითარდებით! დიახ, ხელისუფლება რომ ხარ, შენზეა ეს, შენ უნდა დაუდო დასაბამი, შენ ასწავლო მოქალაქეს, როგორ იცხოვროს კანონიერად! რა შუაშია აქ პირადი ურთიერთობების გაფუჭება?!

არაერთი რამ ხდება ქვეყნის საზიანოდ და როცა ხელისუფლება გვესაუბრება გამჭვირვალობაზე, შეგახსენებთ: წლებია, ხელისუფლებები პირადი ურთიერთობების დაშლასა და გამჭვირვალობის შექმნას ყველა სტრუქტურაში საფრთხედ აღიქვამენ და ეშინიათ, ეზარებათ ძველი სისტემის დანგრევა. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ვიღაცამ ადვილად მოახდინოს პოლიტიკური გავლენა ჩვენზე... ეს არის საბჭოთა სისტემა, როცა გადაწყვეტილებები ხდება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებებით და არა - დანერგილი პრინციპებით, კანონებით. ეს ერთობ საშიშია ქვეყნისთვის და ეს პროცესი გრძელდება დაუსრულებლად, სანამ მართვის წესს არ შევცვლით!

ევროპული მიდგომები სწორედ პირიქითაა: ურჩევნიათ გამჭვირვალე სისტემა ყველა სტრუქტურაში, სადაც ნაკლები საშიშროებაა გარე ძალების ზემოქმედებისა, კორუფციული ზემოქმედებისა, მიწოდების უსაფრთხოების გაკონტროლებისა, არასწორი მომსახურებისა და ასე შემდეგ.

ევროპულ ქვეყნებში გადაწყვეტილებები მიიღება არა ვიწრო ჯგუფის მყისიერი ინტერესების გათვალისწინებით, არამედ, ქვეყნის სტრატეგიული მომავლის გათვალისწინებით. დღეს მოქმედ ხელისუფლებას ერთობ უჭირს პიარში, განსაკუთრებით, საერთაშორისო მასშტაბით და ახალგაზრდებიც ნუ შეუწყობთ ხელს საზღვარგარეთ ტყუილის ტირაჟირებას იმის გამო, რომ თქვენთვის სასურველს არა აქვს ძალაუფლება.

სიამოვნებით შემოგიერთდებოდით აქციებზე და ვიყვირებდი, გაჭირვებული ადამიანი ყველას სთხოვს დახმარებას, სახელმწიფოს გარდა, ხელისუფლება კი მანამ არ წუხდება, ვიდრე ტელევიზიით არ გაშუქდება ესა თუ ის პრობლემა.

ევროპაში, ადამიანები, საერთოდ არ ეძებენ გზას ტელევიზიისკენ, რომ მათი პრობლემა ვინმემ ოდესმე გაიგოს და ყურადღება მიაქციოს. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, საბჭოთა მენტალიტეტი დარჩა - ბიძაშვილს ენდობი, მაგრამ ხელისუფლებას არა! შევცვალოოოთ!

საბჭოთა მიდგომაა: სისტემა იმსახურებდეს, აბუჩად იგდებდეს და "საკუთარ თავზე ივლებდეს" მომხმარებელს, პაციენტს, მყიდველს და მოქალაქე, როგორც ინდივიდი, არაფრად ღირდეს!

ევროპული მიდგომაა: სისტემა თავად ემსახურებოდეს მომხმარებელს, უქმნიდეს მაქსიმალურ პირობებს და მოქალაქე, როგორც ინდივიდი, ყველაფრად ღირდეს!

მთავარი არის ის, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არავინ გაპატიებთ. მეზობელი, მეგობარი თუ ნათესავი თავის ადგილზეა და არაფერ შუაშია მათთან ხათრი იმ დროს, როცა კანონი სხვა რამეს გეუბნება.

გამოვიდოდი და ვიყვირებდი, რა გაკეთდა, მაგალითად, სადურგლო საქმეში? საბჭოთა დროინდელი დაზგებია ყველგან. რა შევცვალოთ იმისთვის, რომ ნაკლები მუშა იღუპებოდეს? ნაკლებს შეეძლოს მოპარვა, ბევრმა ვისწავლოთ პასუხისმგებლობები... მაშინ ჩავთვლიდი, რომ გამარჯვებული ახალგაზრდები არიან!

საბჭოთა მიდგომები უნდა მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ განვითარებული ქვეყნების სიაში მოვხვდეთ და არა, მხოლოდ იაფად ვიფრინოთ ევროპაში!

ნიკოლაი ბერდიაევი წერდა:

„ბოროტების წინააღმდეგ შემართული ამბოხი, უმალვე მონურ ბოროტებად გარდაისახება და მალავს სწორ გზას. ეს არის მონური მორჩილება ბუნებრივი ბოროტებისადმი. ეს უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, კრიტიკაზე და ისტორიულ განვითარებაზე. როდესაც იწყება კრიტიკა კრიტიკისთვის და ხედავ, არანაირი არსებითი ცვლილება არ არსებობს, არ იწყებ კონკრეტულ საქმეზე ლაპარაკს, მაშინ მოქალაქეებში ყოველგვარი ორგანული იდეის კვდომა იწყება, მაშინ ხდება უმყოფობის დასადგურება და სიცარიელის უძირობა...“