ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიამ არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი და აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"