"წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი გიორგი კეკელიძის მიერ დაწესებულ მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიაზე უარს ამბობს - ამის შესახებ გოგონას და წერს
7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონი სალომე კენჭიაშვილი გიორგი კეკელიძის მიერ შეთავაზებულ სტიპენდიაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი ავრცელებს, რომელიც 2021 წელს გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. მან მაშინ "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში თქვა, რომ კეკელიძე შიშველი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.
იმ დროს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა საპასუხოდ თქვა, რომ მზად იყო თავისი საქმიანობა შეეჩერევინა ყველა სფეროში და შეხვდროდა ყველას, ვისაც ამ საქმეზე კითხვა აქვს.
სოფია კენჭიაშვილის თქმით, კეკელიძეს შეუძლია ეს თანხა იმ ადამიანს ჩაურიცხოს, ვისაც ნამდვილად სჭირდება.
ცნობისთვის, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ აქციების შემდეგ განაცხადა, რომ გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც იქნება საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის და პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, 7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო.
ამ იდეამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება მაშინვე გამოიწვია. მათი მოსაზრებით, ამ ქმედებით ქართველი გმირის სახელი კნინდება.