"სპეცოპერაციებს დგამენ, თითქოს მე გატაცებული ვიყო..." - რას წერს თათია სამხარაძე შალვა რამიშვილზე?
თათია სამხარაძე, რომელიც შალვა რამიშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა და საქმეზე სასამართლო დავა ორჯერ მოიგო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ ტყუილია დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დიმიტრი ჩიქოვანმა გაიტაცა, რის შემდეგაც მის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა.
სამხარაძე საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, ამის ნაცვლად დაინტერესდნენ იმ სექსუალური ძალადობის ფაქტებით, რასაც შალვა რამიშვილი სჩადის.
"ვინც Formula • ფორმულას ანონსი ნახეთ, ყველამ იცით, რომ დღეს საღამოს, ექსკლუზიურად მოპოვებულ სექსუალური შევიწროვების ჩანაწერს გამოაქვეყნებენ, რომელიც ყოჩაღმა Anania Gachechiladzeმ ჩაწერა, რათა კიდევ ერთხელ ეჩვენებინა შალვა რამიშვილის მოძალადე სახე! მადლობა, ანანიას ასეთი გამბედაობისთვის. ფართო საზოგადოება კიდევ ერთ მტკიცებულებას მოისმენს დღეს, რომ შალვა რამიშვილი ნამდვილად არის სექსუალურად მოძალადე, სასამართლოში ორჯერ გამტყუნებული მანიაკი. მის ”კასტინგებზე” ასობით ქალი მაინც არის ნამყოფი, რომელმაც სხვადასხვა ინტენსივობის სექსუალური ძალადობა განიცადა.
ვიცი, რომ ბევრი სოციო-პოლიტიკური მიზეზით ისინი ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ. ჩემი სტატუსის მიზანი, რომლითაც მე ახალგაზრდებს მივმართე, სწორედ სხვა ქალების დაცვა და გაფრთხილება იყო, რომ შალვა რამიშვილს სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ თქვენ და თქვენი შვილები.
სამწუხაროდ, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ ამ სერიული დანაშაულებებით, რომელსაც წლებია ჩადის შალვა რამიშვილი ქალების წინააღმდეგ, პოსტივისთან ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, Dimitri Chikovaniს.
აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს. მივმართავ ქართული ოცნება / Georgian Dreamს, თქვენ სახეს დღეს წარმოადგენს შანტაჟისტი სექსუალური მანიაკი. ხოლო თქვენი უსაფრთხოების სამსახურები უნისონში მოქმედებენ პოსტივის ჟურნალიატებთან ერთად, რათა შეაშინონ და გააჩუმონ მსხვერპლი ქალები.
სიმართლე მარტივია: პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით, პოსტივი ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ქალთა ხმები საკუთარი უფლებების დასაცავად ორკესტრირებული და დაფინანსებული იყოს დავით კეზერაშვილის მიერ. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა მე არ ვყოფილვარ ქალების უფლებებით და ტრავმებით მოვაჭრე. ჩემი ასეთი ბინძური მეთოდებით დისკრედიტაცია არის ცილისწამების უმახინჯესი პრაქტიკა.
მსურს დავიცვა ჩემი პატივი და ღირსება, თუმცა არ ვენდობი ქართული ოცნების სამართალაღსრულების არც ერთ შტოს, რომელიც სიამის ტყუპივით არის შეზრდილი რუსული ხელისუფლების მანკიერ ინტერესებთან — დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა. განვითარებული მოვლენების გაანალიზების შედეგად ვგრძნობ და ვშიშობ, რომ ჩემი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა საქართველოში საფრთხეშია.
პ.ს. ძვირფასო მედიებო, ამ ეტაპზე გავდივარ კონსულტაციებს ჩემს ადვოკატებთან შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. სანამ ყველა დეტალს არ გავივლი, მანამდე ვერანაირ კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ. დამატებით დეტალებს აუცილებლად გაგაგებინეთ უახლოეს დღეებში. მანამდე ყველას გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ქალ მსხვერპლებს და მოუყევით ყველას ვისაც იცნობთ, თუ რა ჯოჯოხეთის გავლა უწევთ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ქალ მსხვერპლებსა თუ აქტივისტებს" - წერს სამხარაძე.