"ეს იყო პროვოკაცია" - რა განცხადებას ავრცელებს "ნაცმოძრაობა" დიმიტრი ჩიქოვანის სახლში პოლიციის მისვლასთან დაკავშირებით?
ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში პოლიციის მისვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "რუსულ ოცნებას" არ შერჩა არანაირი მენტალური და მორალური რესურსი, ყოვლად ამაზრზენი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე განაგრძოს არსებობა“.
„რუსულმა ოცნებამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ აბსოლუტურად კომიკური, ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული, ღიად იაფფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსულ ოცნებას" არ შერჩა არანაირი მენტალური და მორალური რესურსი, ყოვლად ამაზრზენი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე განაგრძოს არსებობა.
ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალური და კანონისმიერი მუხრუჭი. „ოცნების“ პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის საეჭვო რეპუტაციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის გადასაფარად, ამავე პროპაგანდისტის მითითებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან სრულიად უკანონოდ შეუვარდნენ სახლებში ყველას - ყოველმიზეზგარეშე.
ხელისუფლების მდგომარეობის დამძიმება უკავშირდება მათი მხრიდან იმის გააზრებას, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, მათ ვერ გატეხეს ქართული საზოგადოება და საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს!
7-10 მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, პროტესტმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ნებაა საქართველო ევროპაში!
შევიკრიბოთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას! ვუთხრათ არა რუსული სტილის პროვოკაციებს და ძალადობას! გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში!“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
IPN