"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დააპირისპიროს საზოგადოება, და გამოიყვანოს ისე, თითქოს ორი საქართველო არსებობს"
9 აპრილს, მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ რუსთაველზე, ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის ერთობის, პროტესტის, როდესაც ხალხი არის ქუჩაში და იცავს საკუთარ ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად 4 დღის განმავლობაში სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა. დღეს აქცია გაიმართა ზუგდიდში.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, 9 აპრილის აქცია ძალიან მნიშვნელოვანია და ერთადერთი, რისიც ბიძინა ივანიშვილს და „რუსულ ოცნებას“ ეშინია, ქართველი ხალხის ერთიანობაა.
მისივე თქმით, რუსული ხელისუფლება უნდა დასრულდეს.
„მოგესალმებით ზუგდიდელებო, ჩემო მეგრელებო, ჩემო პატრიოტებო, ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით და მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ამ რუსეთუმე ხელისუფლებას გამოვტაცებთ ჩვენს საქართველოს.
ამ ხნის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილს 11 წელია სიძულვილის, საზოგადოების დახლეჩის გარდა, არაფერი გაუკეთებია. ის ცდილობს, დააპირისპიროს საზოგადოება, ის ცდილობს მუდმივად გახლიჩოს ჩვენი ხალხი და ცდილობს გამოიყვანოს ისე, რომ თითქოს არსებობს ორი საქართველო, არანაირი ორი საქართველო არ არსებობს, არსებობს ერთი საქართველო, რომელსაც ურყევად უნდა ევროკავშირში, რომელსაც უნდა პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ევროპულ პერსპექტივაში და იმაში, რომ დღეს ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, გავხდეთ ევროკავშირის წევრები.
მინდა გთხოვოთ ყველას, 9 აპრილი იქნება უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოგიწოდებთ ყველას, მთელი საქართველოდან დავიძრათ და ყველანი შევიკრიბოთ რუსთაველზე. ბიძინა ივანიშვილს ეშინია ერთადერთი რამის და ეს ხართ თქვენ. მას ეშინია ხალხის ერთობის, პროტესტის, ეშინია, როდესაც ხალხი არის ქუჩაში და იცავს საკუთარ ევროპულ მომავალს.
დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი თქვენგანი არ შეეგუებით მონობას, არ შეეგუებით ამ ქვეყნის გარუსებას და ვის თუ არ თქვენ, ყველაზე კარგად გესმით ოკუპაციის მძიმე ფასი და მძიმე ხვედრი. აქედან რამდენიმე კილომეტრში დგას ტერორისტი პუტინის ოკუპანტები, რომლებიც ავიწროებენ ჩვენს ხალხს, რომელსაც მავთულხლართები აქვს გავლებული ჩვენსა და ჩვენს ძმებს შორის. ვის თუ არა თქვენ, ყველაზე კარგად მოგეხსნებათ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელმაც უნდა მოგვიტანოს უსაფრთხოება, მშვიდობა, ერთიანობა”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
IPN