"სერიოზული კონტროლია "ქართული ოცნების" შიგნით. მათი ყველა ნაბიჯი კონტროლდება"
"ქვეყანას ანგრევთ, თქვე საცოდავებო", - ასე მიმართა "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და მათ ქვეყნის მტრები უწოდა. მთელმა საქართველომ იხილა, როგორ თავგამოდებით ცდილობდნენ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სხვებთან ერთად შებრძოლებოდნენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომლის განხილვა ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ამ დიდი პროტესტის მიუხედავად, "ქართული ოცნება" შეეცადა თავისი მაინც გაეტანა და 76 ხმით კანონპროექტი დაამტკიცა, თუმცა ამას საზოგადოების უდიდესი პროტესტი მოჰყვა და 2 დღეში ხელისუფლება იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევდა. მათ სიტყვას ხალხი არ ენდო, ამიტომ უმრავლესობას სასწრაფო წესით მოუწია სესიის გამართვამ და მეორე მოსმენაზე კანონპროექტი ჩააგდეს. დეპუტატი ხათუნა სამნიძე თვლის, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, რათა საქართველო ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრდეს.
- როგორ შეაფასებთ ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს?
- ეს "ქართული ოცნებისთვის" სერიოზული გზავნილი იყო, რომ არ უნდა გაბედონ საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მტკიცე ნების - ევროპული არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. ამ კანონპროექტის დარეგისტრირებით და მერე მისი მიღებით, "ოცნებამ" ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა. ჩვენ, ოპოზიციას არ მოგვისმინეს, არ მოუსმინეს არც საერთაშორისო საზოგადოებას და ამიტომ მიიღეს მწვავე პროტესტი. იმედი მაქვს, ამ დღეებს კარგად დაიმახსოვრებს "ქართული ოცნება" და ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ შეამოწმებენ, ხომ არ უკავშირდება მათი გადაწყვეტილება ქვეყნის კურსის ცვლას.
- პარლამენტში დიდი პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობამ მაინც არ გაითვალისწინა თქვენი აზრი და კანონპროექტი დასამტკიცებლად გაიტანეს. თქვენ, ოპოზიცია იჯექით სხდომათა დარბაზში და ბოლოს მაგიდაზე ბრახუნით აპროტესტებდით ამ ფაქტს. რა განცდა იყო, როცა მიხვდით, რომ ვერაფერს გახდით?
- პირადად მე, არც ერთ ეტაპზე არ დამიკარგავს იმედი, არ ჩამიქნევია ხელი იმ მომენტშიც კი, როდესაც კენჭი ეყარა და ტაბლოზე გამოჩნდა 76 მომხრე. ვიცოდი, ეს პროცესი ასე არ დასრულდებოდა. ორ დღეში თუ არა, მოგვიანებით მაინც მიიღებდნენ ამაზე ძალიან მწვავე პასუხს ხალხისგან. უბრალოდ, ბევრი დრო დახარჯეს, რათა ადეკვატურად შეეფასებინათ ვითარება; დააგვიანეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა კანონპროექტის უკან გაწვევა გადაწყვიტეს.
- ელოდით ასეთ სწრაფ რეაგირებას უკან გაწვევის თაობაზე?
- გულწრფელად გითხრათ, ამას არ ველოდი, რადგან არ გვქონია ასეთი პრაქტიკა. არც ერთი მომენტი, რომ "ქართულ ოცნებას" დაენახა და თვალი გაესწორებინათ სიმართლისთვის, არ მახსოვს. ყოველთვის საკუთარი ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებდნენ. არაერთხელ მინახავს მათი მხრიდან დასავლეთზე თავდასხმაც. ვფიქრობ, საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს პროცესი არ შეჩერდებოდა, უფრო მეტიც, გაღრმავდებოდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც უფრო მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა. კარგია, რომ ეს დაინახა "ქართულმა ოცნებამ". ეს გუნდი თავისი გადაწყვეტილებით ქვეყანას აშორებდა ევროპულ მომავალს და უკარგავდა ევროპულ პერსპექტივას. ეს დაინახა საზოგადოებამ. ჩვენი ხალხი რეაგირებს სწორედ ამაზე. ველოდი ქუჩაში გამოსული ხალხის დიდ რაოდენობასაც; ველოდი იმასაც, რომ პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, გაღრმავდებოდა, ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდებოდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ყველა სოციალური ქსელისა და მედიის წყალობით მოვახერხეთ, საზოგადოებისთვის მაქსიმალურად მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია. სულ იმას ვამბობდი, ხალხმა ჯერ არ იცის-მეთქი. არც ერთი ჩვენგანი არ იშურებდა ენერგიას, რომ უფრო მეტ ადამიანს გაეგო, თუ რაში იყო საქმე...
- როცა ქვეყანა სტატუსის მოლოდინშია, როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდებოდათ ამ კანონპროექტის მიღება, მით უმეტეს, როცა ყველა უცხოელი პარტნიორი ცალსახად წინააღმდეგი იყო ამ კანონის?
- "ქართული ოცნების" ლოგიკის გაგება ძალიან რთულია. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ისინი იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც გვაშორებს ევროპულ არჩევანს. როგორც ჩანს, ეშინიათ ევროპისკენ სწრაფად სვლის, რადგან ეს ნიშნავს რეფორმებს, დემოკრატიულ განვითარებას და ეს საფრთხეს უქმნის მათ ჩრდილოვან მმართველობას. ახლა რომ ყველაფერს აკონტროლებენ, ეს შეუძლებელი გახდება მას მერე, რაც ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით. ამიტომ ცდილობენ გააჭიანურონ პროცესი.
- ამბობენ, რომ თქვენ, ოპოზიციამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეთ; იმასაც ამბობენ, - გავაგრძელებთ ამ საკითხზე ხალხთან საუბარს და მათ დარწმუნებას იმაში, რომ ეს კანონპროექტი საჭირო რამააო.
- ამას ამბობენ გასაჭირის გამო. აბა, იმას ხომ ვერ იტყვიან, შეცდომა დავუშვითო? კი ბატონო, გააგრძელონ ხალხთან მუშაობა, მაინც არაფერი გამოუვათ. საქართველოს მოქალაქეები არავის მისცემენ უფლებას, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანონ. ამის თქმა არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, იმ ახალგაზრდების, რომლებიც ქუჩაში იდგნენ. ყველამ იცის კითხვა, წერა და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ყველამ იცის, რას ნიშნავს დასავლელი პარტნიორების მწვავე განცხადებები.
- უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ოპოზიციაში მყოფმა ქალმა დეპუტატებმა დიდი შრომა გასწიეთ.
- დიდი მადლობა, რომ საზოგადოებამ ჩვენი როლი მართლა დაინახა. კაცი დეპუტატები განსაკუთრებულად იბრძოდნენ პარლამენტში, მაგრამ ისინი გახდნენ პირველი სამიზნე, მათში უფრო ხედავდნენ საშიშროებას. მათ ყველა მოსმენაზე ანეიტრალებდნენ, გაჰყავდათ მოსმენებიდან. ფიქრობდნენ, რომ ქალი დეპუტატები მათ დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ, მაგრამ აქაც შეცდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. ამ ხალმა დაინახა, როცა საქმე ეხება ჩვენს მომავალს, ჩვენს დღევანდელობას, ჩვენი შვილების მომავალს, ამ პროცესში ქალების ბრძოლა უკომპრომისოა.
- ცნობილია კადრები, სადაც ფიზიკურადაც იბრძვით. ჩხუბობდით ფოიეშიც და შემდეგ დარბაზშიც...
- დიდხანს ვერ ვუყურებდი ამ კადრებს, რადგან ეს ჩემს ცხოვრებაში იყო პირველი შემთხვევა, როცა ასე გამოვედი ჩვეულებრივი ამპლუიდან, ზედმეტად ემოციებში ვიყავი. მაგრამ არის მომენტები, როდესაც სხვანაირად შეუძლებელია. მართალია, დიდხანს არ ვნახულობდი ამ კადრებს, მაგრამ მერე ვნახე და ეს ყველაფერი რომ გავაანალიზე, მივხვდი, სხვანაირად გამიჭირდებოდა, რადგან ეს იყო სრულიად გულწრფელი ემოცია, თითოეული ჩემი სიტყვა იყო გულახდილი.
- თქვენს ახლობლებს რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე?
- ნერვიულობდნენ. ნერვიულობდნენ, რადგან მიხვდნენ, ეს იყო ურთულესი, მძიმე საკითხი. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემგან უკიდურესი რეაქცია გახლდათ და ე.ი. რაღაცა ძალიან, ძალიან განვიცდიდი. ვინც არ მიცნობს, მათთვის სიურპრიზი იქნებოდა.
- ცალსახაა, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლაც მნიშვნელოვანი იყო და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკიდან პირდაპირ ამბობდა, რომ კანონს ვეტოს დაადებდა.
- რა თქმა უნდა, პარტნიორების როლიც სერიოზული იყო და პრეზიდენტის როლსაც გავუსვამ ხაზს. მისი განცხადებები და მხარდაჭერა, კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებაზე საუბარი, რომ ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებდა, აქციის მონაწილეებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ყოველი ასეთი განცხადება აძლიერებდა თითოეულ ადამიანს, ვინც თავის როლს ხედავდა ამ ბრძოლაში. და ეს ნამდვილად იყო თითოეული ინდივიდის ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ!
- შთამბეჭდავია ფოტო, რომელიც კანონპროექტის მეორედ მოსმენის დღეს არის გადაღებული. ერთად შეკრებილი ოპოზიცია გაბადრული სახით უყურებს უმრავლესობას. ამ დღეს როგორ გაიხსენებთ?
- ეს სერიოზული დღე იყო იმიტომ, რომ ჩვენ სამართლებრივად უნდა მიგვეყვანა პროცესი ბოლომდე. პირადად მე, არაფრის თქმას არ ვაპირებდი, რადგან მოწინააღმდეგე მხარემ სწორად შეაფასა ვითარება და უკან დაიხია. მქონდა მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" ამას განიხილავდა ძალიან სწრაფად, მათ გაუჭირდებოდათ განცხადებების მოსმენა კიდევ ერთხელ და იმის აღიარება, რომ ამ პროცესში დამარცხდნენ. მართლაც, წამებში ჩაატარეს კენჭისყრა და "ჩააგდეს".
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ახალგაზრდებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად იდგა პარლამენტთან და არ დაუკარგავს იმედი, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდით. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. შეიძლება რაღაც მომენტში დამარცხდე, მაგრამ არასდროს უნდა ჩაიქნიო ხელი. ჩვენ ზურგს გვიმაგრებდა ყველა ის ადამიანი, ვინც ქუჩაში იდგა.
- პარლამენტის კულუარებში რა ხდებოდა? უმრავლესობის დეპუტატები ხომ არ ნანობენ თავიანთ გადაწყვეტილებას?
- ისინი ცდილობდნენ არ შეემჩნიათ ეს დამარცხება. ბუნებრივი რეაქცია ჰქონდათ. ჩემი აზრით, უმრავლესობის წევრები ხვდებოდნენ, რომ არასწორ გადაწყვეტილებას იღებდნენ, როცა ამ კანონს უჭერდნენ მხარს. შიგნითაც იყო აზრთა სხვადასხვაობა... სხვათა შორის, სერიოზული კონტროლია პარტიის შიგნით. მათი ყველა ნაბიჯი კონტროლდება.
- ახლო მომავალში რას გეგმები გაქვთ?
- ახლა საჭიროა ბრძოლა გაგრძელდეს და შარლ მიშელის 12 პუნქტის შესრულება დაიწყოს. ძალიან სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, ევროპისკენ. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საზოგადოება ამ საკითხში ერთიანია.
- მართალია, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც საუბრობენ დაშავებულ პოლიციელებზე და ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავეების დასაკავებლად, შემდეგ კი პოლიციელებზე თავდამსხმელები მიეცემიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ამაზე რას იტყვით?
- ველოდები რომ ამ უკან დახევის მერე "ქართული ოცნება" დაიწყებს რეპრესიებს, მათი მხრიდან შურისძიება გაგრძელდება. სწორედ ამ საკითხის გამოც, ჩვენთვის მთავარია გზა ევროპისკენ და ეს გზა აუცილებლად, სწრაფად უნდა გავიაროთ.
თეა ხურცილავა