"იმ დღეს ბატონმა რეზო ლაღიძემ ჩაჭრას გადამარჩინა"
"ქართულ მუსიკაზე თაობები აღზრდილა, რადგან ეს უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა, ქართული მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, ეს ჩემი ცხოვრებაა", - ამბობს ღიმილიანი, პოზიტიური ნუცა ჯანელიძე...
- მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამავე დროს, ეს არის ჩემი პროფესია, რომელიც ბავშვობიდან ავირჩიე და დღემდე მის სამსახურში ვარ.
- რა ასაკიდან მიხვდით, რომ მუსიკოსი გახდებოდით?
- ძალიან პატარა ვიყავი, თანაც, ეს ისე კი არ მომხდარა, როგორც ბევრ ოჯახში ხდება: როცა მუსიკოს დედას, ბებიას ან აკადემიკოს ბაბუას სურთ, რომ მოზარდმა ეს პროფესია აირჩიოს... ეს ჩემი გაცნობიერებული არჩევანი იყო. ბავშვობიდან ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, რომ სხვაგვარად არც შეიძლებოდა. დედაჩემს, შურა (ალექსანდრა) ჯანელიძეს კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული, ვოკალის განხრით, ხოლო ბებია ქუთაისში მღეროდა, სადაც მისი ლოტბარი ზაქარია ფალიაშვილის ერთ-ერთი ძმა ყოფილა. დედაჩემის თანაკურსელები და მეგობრები იყვნენ: რევაზ ლაღიძე, რეზო მილორავა, სულხან ცინცაძე და მე მქონდა ბედნიერება, ასეთი საოცარი ადამიანები სულ პატარას გამეცნო.
- მუსიკის ნიჭი თავიდანვე შეგატყვეს?
- დიახ, სულ პატარას შემეძლო ინსტრუმენტის გარეშე, უშეცდომოდ მემღერა. სკოლის პერიოდში, იმდროინდელ პიონერთა სასახლეში შემიყვანეს, სადაც მეუბნებოდნენ, რომ ძალიან სასიამოვნო ხმა მქონდა, რომელსაც "ნემსის ყუნწში ვაძვრენდი". ოღონდ, ცუდი ის იყო, რომ შედარებით სუსტი და ნაზი ხმა მქონდა - ამის გამო ოცნება ვერ ავისრულე.
- მაინც, რა ოცნება?
- ძალიან მინდოდა ოპერის მომღერალი ვყოფილიყავი, კლასიკაზე დღემდე ვგიჟდები. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ხმა არ მქონდა, მუსიკალური ათწლედი მაინც დავამთავრე. ჩემს ბავშვობაში მიღებული იყო, რომ ათწლედი თუ არა, ყველა ბავშვს შვიდწლედი მაინც უნდა დაემთავრებინა და მუსიკალური განათლება მეც მივიღე. რომ გითხრათ, მეცადინეობა მიყვარდა და გაკვეთილებზე ვგიჟდებოდი-მეთქი, მოგატყუებთ. პირიქით, სწავლა ძალიან მეზარებოდა. მიუხედავად ამისა, მუსიკა ყოველთვის მთელი გულით მიყვარდა და ამაში ჩემი ოჯახის გარემოცვაც მიწყობდა ხელს. როგორც გითხარით, ცნობილი კომპოზიტორი, სულხან ცინცაძე დედაჩემის მეგობარი იყო. ათწლედს რომ ვამთავრებდი, ის კონსერვატორიის რექტორი გახლდათ. შემეძლო საბუთები კონსერვატორიაში შემეტანა, მაგრამ დედაჩემის რჩევით, იმდროინდელ პუშკინის სახელობის ინსტიტუტში, მუსიკა-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ეს ფაკულტეტი ახალი შექმნილი იყო და კათედრის გამგე რევაზ ლაღიძე გახლდათ. ეს ფაკულტეტი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ორ დიპლომს იძლეოდა: პედაგოგიურ განათლებასაც იღებდი და კონსერვატორიის რანგის ცოდნასაც. კონსერვატორიაში რა საგნებსაც ასწავლიდნენ, ჩვენ ყველა საგანს სრულყოფილად გავდიოდით.
- როგორი ლექტორი იყო რევაზ ლაღიძე?
- ძალიან თბილი და ყურადღებიანი... განსაკუთრებით, როცა შენიშნავდა, სტუდენტს ნიჭი ჰქონდა. ჩვენს ინსტიტუტში საკმაოდ პოპულარული იყო ცნობილი ტრიო - "პალიტრა". ამ ტრიოსთან ერთად შევასრულეთ სიმღერა "ქუთაისო", რომელსაც ოპერის ცნობილი მომღერალი, დავით გამრეკელი მღეროდა. გვეშინოდა, რომ ბატონ რეზოს ჩვენი შესრულებული არ მოეწონებოდა. თვალებს არ ვუჯერებდი, როცა მოვიდა, მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა - ძალიან კარგად მღერითო. საოცრად თავმდაბალი, კეთილშობილი ადამიანი იყო და იცოდა, რომ ნიჭი, რომელიც ღმერთმა დაანათლა, მისი დამსახურება არ იყო. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: მესამე კურსზე გამოცდა მქონდა "მეცნიერულ კომუნიზმში" - დიახ, იყო მაშინ ასეთი საგანი, რომლის სწავლა და ჩაბარება მუსიკოსისთვისაც აუცილებელი გახლდათ. ბილეთი ავიღე და მივხვდი, რომ ამქვეყნად ყველაფერი დამავიწყდა, სათაურები თავში დამიტრიალდა და საბოლოოდ დავრწმუნდი, ეს საგანი საჩემო არ იყო. შემოვიდა ბატონი რეზო და მიმიკით მკითხა, იციო? - არა-მეთქი, ვანიშნე. ამის შემდეგ ლექტორს გვერდით მიუჯდა და ჩემი ქება დაიწყო; უთხრა, რომ ძალიან კარგად ვუკრავდი და ასევე კარგად ვსწავლობდი... იმ დღეს ბატონმა რეზომ ჩაჭრას გადამარჩინა - "მეცნიერული კომუნიზმის" ლექტორმა მისი ხათრით ოთხიანი დამიწერა. რეზო ლაღიძისგან ბევრი ასეთი სიკეთე მახსოვს.
- კიდევ ვინ შეასრულა განსაკუთრებული როლი თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
- ანზორ ერქომაიშვილმა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში. ის მეათე კლასში ყოფნისას გავიცანი. პირველ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც სრულიად ახალგაზრდა ლოტბარი - ანზორ ერქომაიშვილი მოვიდა. მაშინ ის უკვე ცნობილი ფოლკლორისტი იყო და ანსამბლ "გორდელას" ხელმძღვანელობდა (ანსამბლი - "რუსთავი" ანზორმა ამის შემდეგ ჩამოაყალიბა). ჩვენი სკოლის გუნდს ხელმძღვანელობდა. თურმე, მოსვლისთანავე იკითხა, ისეთი მოსწავლე ხომ არ გყავთ, რომელიც ფორტეპიანოზე კარგად უკრავს, რომ დამეხმაროსო? პირველად, სწორედ მისი სურვილით აღმოვჩნდი კონცერტმაისტერის როლში. ბატონი ანზორი მაღალ კლასებს ასწავლიდა. იცით, რა მიკვირდა? - ბიჭებს მისი გაკვეთილები იმდენად მოსწონდათ, არასდროს აცდენდნენ, "შატალოზეც" რომ ყოფილიყვნენ, ბრუნდებოდნენ და მის მეცადინეობებს მაინც ესწრებოდნენ. ძალიან სერიოზული გაკვეთილები ჰქონდა და სულ დაძაბული ვიყავი, ვცდილობდი არაფერი შემშლოდა. რადგან მან შემარჩია და დამტოვა, როგორც კონცერტმაისტერი, ძალიან ბედნიერი ვიყავი და სულ თვალებში ვუყურებდი. მართალია, ბავშვების თანდასწრებით გაშინაურება არ უყვარდა, მაგრამ სკოლის შემდეგ ძალიან დამიმეგობრდა. ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დავრჩით, რადგან საქმიანი კონტაქტებიც გვქონდა და თან, ცოლად ჩემი მეგობარი მოიყვანა. ამიტომ, საოცრად თბილი, ოჯახური ურთიერთობა გვქონდა. ზოგჯერ მეუღლეს დაარეკვინებდა: ნუცა მოვიდეს, ღომი და ყველი გვაქვს და სადილზე დავპატიჟოთო... იცოდა, რაც მიყვარდა და სპეციალურად მეძახდა.
ხშირად ვფიქრობ, რაში იმალებოდა მისი, როგორც პედაგოგის საიდუმლო: ანზორმა შექებაც იცოდა და შენიშვნის მიცემაც, ამავდროულად რაღაც მომნუსხველი ძალა ჰქონდა, რომლითაც მოწაფეებს ქართულ სიმღერას აყვარებდა. ალბათ ამიტომ, მეათეკლასელ ბიჭებს ტვინში ჰქონდათ ჩაბეჭდილი, რომ მის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყვნენ. ეს არის მასწავლებლის ნიჭი, რომელიც ყველას როდი აქვს. ძალიან ბევრი ბრწყინვალე მუსიკოსი ვიცი, რომელსაც მასწავლებლობა არ შეუძლია და თავისი ცოდნის ბავშვებისთვის გადაცემა უჭირს. თუ გინდა, პედაგოგი იყო, ეს ნიჭი უნდა გქონდეს.
- მომღერლებს შორის ვის გამოყოფთ?
- ალბათ ცინუკი (ნინო) დადიანი უნდა ვახსენო, რომელიც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პოპულარული იყო. მეამაყება, რომ მისი კონცერტმაისტერი მე ვიყავი. ის ქალაქურ სიმღერებს და რომანსებს მღეროდა თავისი ლამაზი, საოცარი ტემბრის ხმით. სწორედ ცინუკი დადიანმა შეასრულა პირველად "მაგნოლია", რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია, მაგრამ ცინუკის შესრულებული ვფიქრობ, შეუცვლელია. ხომ არსებობს სიმღერები, რომლებსაც არ უნდა შეეხო და ჩემი აზრით, ერთ-ერთი მათგანი არის "მაგნოლია". ასეთი სიმღერები არავინ უნდა იმღეროს მისი პირველი შემსრულებლის შემდეგ, რადგან ამ დროს ძირითადად, კოპირებას აკეთებენ. არ მინდა ვინმე გავანაწყენო, მაგრამ მე ასე მიმაჩნია.
- ამჟამად სად მუშაობთ?
- საბავშვო ბაღში ვმუშაობ და ეს საქმე ძალიან მიყვარს! განუმეორებელი განცდაა, ბავშვები გაფართოებული თვალებით რომ გიყურებენ და ცდილობენ, თავი მოგაწონონ... ეს ჩემთვის დიდი სიხარული და ბედნიერებაა. ჩემთან ბავშვები რომ მოჰყავთ, ყველა დედას ვეუბნები: ქალბატონო, მე ჯერ ქართულ სიმღერას ვასწავლი და ამის შემდეგ შემიძლია ვასწავლო ინგლისური, ფრანგული თუ სხვა უცხოური მუსიკა-მეთქი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვებს ქართული მულტფილმების ყურება დავაწყებინე - ადრე სულ ინგლისურს უყურებდნენ. მე არ მესმის, რატომ უნდა უყუროს პატარა ბავშვმა ცალთვალა გმირს ან ისეთ მულტფილმებს, სადაც დიდი აგრესიაა და ვინ ვის სცემს, არავინ იცის. ამიტომ გადავწყვიტე, ის სიმღერები შევასწავლო, რომელსაც ქართულ მულტფილმებში მღერიან. ასეთივე წარმატებით შევასწავლე მუსიკა ამერიკული ფილმიდან, რომელსაც "მუსიკის ჰანგები" ჰქვია, თანაც, ამ ფილმის ნახვა დავავალე, რაც დიდი სიამოვნებით შეასრულეს. გამოგიტყდებით: ამას ჩემთვის დიდი სიხარული მოაქვს, რადგან მუსიკა და პატარებთან ურთიერთობა ჩემთვის ერთნაირად ძვირფასია.
- თქვენ თუ დაგიწერიათ მუსიკა?
- სიმღერები კი დამიწერია, მაგრამ არ გამომიქვეყნებია. ვერასდროს გავბედე მათი გამომზეურება და ვინმესთვის თქმა, ეს ჩემი სიმღერაა და იქნებ, შეასრულო-მეთქი...
- დაბოლოს, რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ოჯახს, ახლობლებს?
- ჩემი ოჯახი ჩემი ძმისშვილები არიან. ხშირად ვფიქრობ და ვერ ვხვდები, როდის გადავიქეცი მათთვის საჭირო მამიდად - არ ვიცი, ეს როგორ და როდის მოხდა. სამი ძმისშვილი მყავს, სამივე ჩემს ხელში გაიზარდა. ალბათ ამიტომ, სიმარტოვე არ მაწუხებს. შეიძლება ითქვას, რომ შვილები ჩემს ცხოვრებაში ძმისშვილებმა ჩაანაცვლეს. ყველაფერში მონაწილეობა მაქვს მიღებული, მათი დაბადებიდან დღემდე და ახლა უკვე მათ შვილებს ვჭირდები. მთლიანად მათზე და ჩემს აღსაზრდელებზე ვარ გადართული, ამიტომ, მშვიდად ვარ და ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი.
ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი "გზა"