"სცენაზე ხელი რომ ვთხოვე, ძალიან შოკირებული იყო" - ვინ არის გინესის რეკორდსმენი მოცეკვავე, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს - კვირის პალიტრა

"სცენაზე ხელი რომ ვთხოვე, ძალიან შოკირებული იყო" - ვინ არის გინესის რეკორდსმენი მოცეკვავე, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს

ცოტა ხნის წინ ქართველი მოცეკვავე - გიორგი კვანჭიანი იტალიაში გაემგზავრა ქართული ცეკვის ილეთით რეკორდის დასამყარებლად. მართალია, გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე პირობები შეუცვალეს და საქმე გაურთულეს, მაგრამ გიორგიმ მაინც შეძლო მიზნის მიღწევა, რეკორდი დაამყარა, შემდეგ კი იქვე მდგომ ბედნიერ საცოლეს მუხლზე დაუდგა და ხელი სთხოვა...

"კვირის პალიტრამ" გიორგისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

- დავიბადე ქალაქ რუსთავში. 5 წლისამ დავიწყე ცეკვასა და კარატეზე სიარული. რაღაც პერიოდის შემდეგ ცეკვას თავი დავანებე, რადგან ძალიან მკაცრი მასწავლებელი მყავდა, რომელმაც ეს საქმე ლამის შემაძულა... მერე ჩემმა ძმამ სხვა ცეკვის მასწავლებელთან - სოსო ტვილდიანთან დაიწყო სიარული. ერთხელ დედამ მთხოვა: წადი, ნახე, არ გაინტერესებს, შენი ძმა როგორ ცეკვავსო? მართლაც, წავყევი. იმ დღეს სოსომ მითხრა: მოდი, ეს ერთი ილეთი გამიკეთე, ვნახო, რა შეგიძლიაო. როცა დავალება შევასრულე (კარატე ძალიან მეხმარებოდა ქართული ცეკვის ილეთების შესრულებაში), პედაგოგმა დამაჯერებლად თქვა: შენ ცეკვაზე უნდა იარო, ძალიან დიდი ტალანტი გაქვსო! იმ დღის მერე მე ისევ დავიწყე ცეკვა, მაგრამ ჩემმა ძმა მიატოვა (იღიმის)...

16 წლისა არჩევანის წინაშე დავდექი: ბიძაჩემი - ნოდარ კვანჭიანი საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტია და მან კატეგორიულად მომთხოვა: ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ, უნდა აირჩიო ან კარატე, ან - ცეკვაო. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ კარატეს ავირჩევდი, მაგრამ არც დავფიქრებულვარ, ვუთხარი, - ცეკვა-მეთქი. განა კარატე არ მომწონდა, უბრალოდ მივხვდი, ცეკვა ჩემს სულში იყო. თითოეული ილეთის შესრულებისას დიდ სიამოვნებას ვიღებდი...

შემდეგ სამუშაოდ ანტალიაში გავემგზავრე და ცოტა ხანში ანსამბლში - "ანატოლიის ცეცხლი" მიმიღეს, ამ გუნდთან ერთად ლამის მთელი მსოფლიო მოვიარე.

იხილეთ ვიდეო:

- რამდენი წლის იყავით, როცა ანტალიაში გაემგზავრეთ? საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

- 17 წლის ვიყავი, როცა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასვლა გადავწყვიტე. ჩვენს მოცეკვავეებს საქართველოში იმდენად დაბალი ხელფასი აქვთ, ოჯახს რომ ვერაფრით დაეხმარები და ეს იყო მიზეზი. თუმცა, აქვე დავძენ: ანსამბლ "თეთნულდში" (ხელმძღვანელები: სოსო ტვილდიანი და ვანო გელაშვილი) გავატარე საუკეთესო წლები და მადლობა მათ ამისთვის. ცეკვის პარალელურად, ქორეოგრაფიულზეც ვსწავლობდი, ამ საქმეში წარმატების მიღწევაზე ვოცნებობდი, მაგრამ... წასვლის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მივხვდი, თუ მინდოდა, ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა, სხვა გზა უნდა მეძებნა. თავიდან ანტალიაში ერთ-ერთმა პატარა კომპანიამ დამასაქმა. მათი მადლიერი ვარ, რადგან სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობის პერიოდში ვისწავლე სირთულეების დაძლევა, პრობლემებთან გამკლავება...

- ამ კომპანიაში რისი კეთება გევალებოდათ?

- იქაც ვცეკვავდი. სასტუმროებში შოუებს დგამდნენ და სხვებთან ერთად, იქ გამოვდიოდი. მიხაროდა, რომ უცხო ქვეყანაშიც ქართულს ვცეკვავდი და ჯერ კიდევ ბავშვს ხელფასი 400 დოლარი მქონდა, ეს კი მაშინ კარგი ფული იყო, მეც მყოფნიდა და გარკვეულ თანხას ოჯახსაც ვუგზავნიდი.

- რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი უცნაური რეკორდის დამყარება, საამისოდ რა გზა გაიარეთ?

- "ტიკ-ტოკზე" გასართობად დავრეგისტრირდი. გამოვაქვეყნე ჩემი ცეკვის ვიდეო და ლამის აფეთქდა გვერდი, 4 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა...

შედეგით გაოცებულმა სხვა ცეკვაც ავტვირთე და ამ ვიდეომაც მილიონობით ნახვა მოაგროვა.

ამის შემდეგ მიკავშირდებოდნენ დიდი ოფიციალური გვერდები. "ინსტაგრამზე" ჩემი ვიდეოს გამოქვეყნება სურდათ და დავთანხმდი. იქაც 16 მილიონამდე ნახვა "აკრიბა". მოკლედ, ეს ვიდეოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. მერე გინესის რეკორდების წარმომადგენლებიც დამიკავშირდნენ ჯერ "ინსტაგრამზე", შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მომწერეს. თავიდან მეგონა, ვიღაც მეხუმრებოდა და ყურადღება არ მივაქციე.

იმ პერიოდში ბევრ წერილს ვიღებდი და ყველას არ ვნახულობდი, მაგრამ ერთხელაც, გაუხსნელი წერილების ნახვა გადავწყვიტე და აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს რეკორდების წარმომადგენელი მწერდა, გვინდა თქვენი "ტრიუკით" მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს შოუშიო.

შემოთავაზება ასეთი გახლდათ: 20 წამის განმავლობაში შემესრულებინა კონკრეტული ილეთი და პირველი ქართველი მოცეკვავე გავმხდარიყავი, ვინც გინესის რეკორდს დაამყარებდა ქართული ცეკვის ილეთით...

რა თქმა უნდა, შემოთავაზებას დავთანხმდი, მით უმეტეს, რომ ყველა ხარჯს მიფინანსებდნენ. როცა რეკორდის დამყარების დღე მოახლოვდა, 20 წამი 30-მდე გაზარდეს, გამოსვლა გამირთულეს. ამიტომაც, დილა იყო თუ საღამო, სულ ვვარჯიშობდი, საკუთარ თავზე ვმუშაობდი, რომ მიზნისთვის მიმეღწია.

bichiii-1679772351.jpg

- მოახერხეთ მიზნის მიღწევა. ამის შემდეგ როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება თქვენს კარიერაში?

- მქონდა მოლოდინი, რომ ჩემს ამ წარმატებას ყველა გაიგებდა საქართველოშიც, ჩემ შესახებ ისაუბრებდნენ, მაგრამ არ მეგონა, თუ ასეთი პოპულარული გავხდებოდი - თითქმის ყველა დიდი ტელევიზიიდან დამიკავშირდნენ, ძალიან ბევრ გადაცემაში მიმიწვიეს, მაგრამ არ ვიმყოფები საქართველოში და მათთან სტუმრობა ჯერჯერობით ვერ მოვახერხე... რაც შეეხება საქმიან შემოთავაზებას, ჯერჯერობით ასეთი წინადადება არ მიმიღია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გადამიღეს მუსიკალურ კლიპში, რომლის პრემიერა 1 თვეში შედგება.

- რა კლიპზეა საუბარი?

- ერთ-ერთი პოლონელი ცნობილი მომღერალი ბათუმში ჩაფრინდა, საქართველოზე გადაიღეს მუსიკალური კლიპი, რომელშიც ქართულ სამოსში გამოწყობილი ვცეკვავ...

- სცენაზე საყვარელ ადამიანს ხელი სთხოვეთ. რომანტიკული რომ ხართ, ფაქტია. იმ დღეს რაიმე მიზეზით რეკორდის დამყარება რომ ვერ მოგეხერხებინათ, ამას მაინც გააკეთებდით თუ სხვა დღისთვის გადადებდით?

- აი, ამაზე ხშირად ვფიქრობდი და ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ რეკორდის დასამყარებლად ისეთ ფორმაში მივედი, გამოვრიცხე ჩაფლავება. თუმცა, რეკორდამდე 3 საათით ადრე გამოსვლა კიდევ უფრო გამირთულეს. მითხრეს, რომ ილეთის შესრულება მომიწევდა ასფალტზე, რომელსაც სწორი ზედაპირი არ ჰქონდა, ერთ ადგილას ამაღლებულიც იყო. მანამდე ცეკვა "ყაზბეგურიც" უნდა შემესრულებინა ჩემს გუნდთან ერთად. ამ ყველაფერმა ძალიან დამძაბა. დავფიქრდი, იქნებ ძალა არ მეყოს-მეთქი, მაგრამ უკვე ჩემმა მეუღლემ - მაიამ შემაგულიანა, შენ ამას შეძლებ, ძალიან ძლიერი ხარo. ორჯერ ცეკვის შემდეგაც მოახერხებ რეკორდის დამყარებას. არ დანებდე, ყველაფერი კარგად იქნებაო. მისმა სიტყვებმა გამაძლიერა, დიდი მოტივაცია მომცა.

wyvili-1679772382.jpg

- ჩემს გუნდთან ერთად უნდა მეცეკვაო, - ახსენე. ანსამბლის წევრები გახლდნენ?

- მილანში ანსამბლ "ფარის" (ხელმძღვანელი ნონა თედიაშვილი) 3 მოცეკვავე და მაია წავიყვანე. რეკორდის დამყარებამდე სწორედ მათთან ერთად შევასრულე "ყაზბეგური". მინდა აღვნიშნო, რომ სცენაზე მეც "ფარის" კოსტიუმებით გამოვედი, რომელიც პაატა თედიაშვილის ესკიზების მიხედვით გახლავთ შეკერილი.

- ამ ანსამბლის მოცეკვავეები რატომ შეარჩიეთ?

- ქალბატონ ნონას დიდი ხანია, ვიცნობ და ვაკვირდებოდი მის მუშაობას. მისი ანსამბლი ახლახან მაროკოში იყო, საიდანაც კარგი შედეგებით დაბრუნდნენ. მინდოდა ამ გუნდის ბავშვებისთვის გარკვეული შანსი მიმეცა, რათა დიდი გამოცდილება მიეღოთ და მათგან შევარჩიე სამი მოცეკვავე: ლევანი, ნინო და ვასო, რომლებმაც ჩემი იმედი გაამართლეს.

- გვიამბეთ თქვენს სიყვარულზე. სად გაიცანით ერთმანეთი და რას საქმიანობს თქვენი რჩეული?

- მაია პროფესიით ბალერინაა. დამთავრებული აქვს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი. პირველად ერთმანეთს 4 წლის წინ, საუდის არაბეთში შევხდით, ელენე გამხუაშვილის გასტროლზე. მას საქართველოს ყველა კუთხიდან 100 ქართველი მოცეკვავე ჰყავდა ჩაყვანილი საუდის დედაქალაქში, ძალიან დიდ კარნავალზე. ამ მოცეკვავეებს შორის ვიყავით მე და მაიაც. თავიდან კარგი მეგობრები გავხდით, ერთმანეთს ვუზიარებდით ყველაფერს, მათ შორის, სასიყვარულო საკითხებშიც ვაძლევდით რჩევას... თუმცა, 3 წლის შემდეგ არჩევანი ერთმანეთზე შევაჩერეთ. ხუმრობა ხუმრობაში ერთმანეთი შეგვიყვარდა...

- ის ალბათ იმ კარნავალიდან საქართველოში დაბრუნდა. ინტერნეტით გქონდათ კომუნიკაცია?

- კი, ონლაინ ვურთიერთობდით. შემდეგ ერთად წავედით დუბაის გასტროლზე და იქ უფრო დავახლოვდით.

likas-masala-1679773287.jpg

- სცენაზე ხელი რომ სთხოვეთ, ეს ალბათ, მისთვის სიურპრიზი იყო...

- რა თქმა უნდა, არ იცოდა და ძალიან შოკირებული იყო (იცინის). ვეღარ მიხვდა, რა ექნა. გამარჯვების მოლოცვას აპირებდა და მე დავუჩოქე... უბედნიერესი გახლდათ.

- როგორც ვხვდები, უკვე დაქორწინებაც მოასწარით...

- ხელი მოვაწერეთ, ქორწილს კი მოგვიანებით გადავიხდით...

- ბედნიერებას და კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია

(სპეციალურად საიტისთვის)