მკვლელი „ალფა პვპ“
ნარკომანიის პრობლემა ისევ მწვავედ დგას. მართალია, ნარკოპოლიტიკა მკაცრია და ხმაურიან სპეცოპერაციებსაც ატარებენ, მაგრამ ახალგაზრდები ისევ იღუპებიან. სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა. სპეციალისტების თქმით, ნარკოტიკების ყიდვა ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია. საგანგაშო ისიც არის, რომ ბაზარზე საეჭვო შემადგენლობის, ანუ დაბინძურებული ნარკოტიკები იყიდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ბათუმში, სადაც ახლახან ზედიზედ რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა. ხშირად ნარკოტიკში გარეულია ფენტალინი, ე.წ სინთეზური ოპიოიდური ანალგეტიკი, რომელიც მოქმედებით მორფს ჰგავს, მაგრამ ასჯერ ძლიერია. იწვევს ძილიანობას, მოდუნებას, სუნთქვის უკმარისობას, გონების დაკარგვას, კომასა და სიკვდილს. იმდენად სწრაფად აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რომ თრგუნავს სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა რეგულაციის ცენტრს, წუთებში ჩერდება გული.ალბათ, ბევრ თქვენგანს შეუმჩნევია სკვერებში, სადარბაზოებთან, ტყეში, მიწას რომ ჩიჩქნიან წამლის მაძებარი ნარკომომხმარებლები. ეს სქემა რამდენიმე წელია მოქმედებს - მომხმარებელი ინტერნეტით იწერს წამალს, გამყიდველს მიაქვს დათქმულ ადგილას, შემდეგ კლიენტს "გუგლის" რუკის მეშვეობით უგდებს ლოკაციის ადგილსა და ფოტოს და ნარკომომხმარებელი წამალს იღებს. მართალია, არაერთი პირი დააკავეს, მაგრამ შედეგი მაინც არ არის. საქართველოში 50 000-ზე მეტი ნარკომომხმარებელია და მათ დასახმარებლად ბრძოლა სახელმწიფომ 2008 წელს დაიწყო - ამოქმედდა "მეტადონით" ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა, 2017 წლიდან კი მას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. 2017 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პროგრამით მომსახურება 26 995 ბენეფიციარს გაუწიეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისგან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ პერიოდში პროგრამაში 250 ქალი ჩაერთო... არასრულწლოვანების ჩართვას პროგრამა არ ითვალისწინებს. სპეციალისტების თქმით, ძალზე გაახალგაზრდავდა ნარკომომხმარებელთა ასაკი. ისინი ნარკოტიკთან ერთად ალკოჰოლსა და დამამშვიდებელ მედიკამენტებსაც იღებენ, ეს კი ხშირად ნარკოკომაში აგდებთ და ახალგაზრდები იღუპებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია "მანდალას" ხელმძღვანელი თემო ხატიაშვილი ამბობს, რომ სინთეზური ნარკოტიკი ძალზე სახიფათოა.
- სინთეზური ნარკოტიკების მოხმარება ისევ მწვავე პრობლემაა. საუბარია ნარკოტიკ "ალფა პვპ"-ზე. სხვადასხვა დასახელებით გვხვდება ამფეტამინური ჯგუფის სინთეზური ნარკოტიკი, რომელიც ტოქსიკურია და ერთი მოხმარებითაც კი ყალიბდება დამოკიდებულება, ადიქცია. ეს ნარკოტიკი ოდნავ ფორმულაშეცვლილი და სხვადასხვა დასახელებით ახალ-ახალ პარტიად შემოდის. მას მოიხმარენ ქუჩაში, სადარბაზოებში, სახლებში, განსაკუთრებით, სარდაფებში, სკვერებში. თუმცა კლუბებშიც მოიხმარება. ბოლო 5 წელია ძალიან გაადვილდა მისი ყიდვა, შემოდის რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან. ყიდვის სქემა იგივეა - ინტერნეტით, "ტელეგრამით", სხვადასხვა ვებგვერდით. ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში 10-ჯერ ძვირია, რაც, დიდი ალბათობით, მკაცრი ნარკოპოლიტიკითა და იმ მძიმე სასჯელებით არის გამოწვეული, რომლებიც დილერებს ემუქრება. თუმცა გრამის მესამედი 20-დან 40-მდე მოხმარების სამყოფი დოზაა და არც ისე ძვირი გამოდის (გრამის მესამედი 150-დან 200 ლარამდე ღირდს). რამდენჯერმე მოხმარება საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს.
- ინიექციით მოიხმარენ თუ ისე?
- ორივენაირად. ინიექციური ნარკოტიკებიც ფართოდ მოიხმარება, ასეთია კრისტალური "მეტადონი", "სირექსი", რომელიც დაბალხარისხიანი შავი ჰეროინია და უმეტესად ფონიჭალაში იყიდება. ყველა დრაგი, კოკაინის, კრეკის და რამდენიმე ფსიქოდელიკური ნარკოტიკის გარდა, ჩვენს ბაზარზე ხელმისაწვდომია. "ალფა პვპ" მოიხმარება როგორც მოწევით, ასევე ინიექციით. 30 წლამდე ახალგაზრდებში უფრო ხშირია არაინიექციური მოხმარება, რადგან ინიექციურის დოზის განსაზღვრა რთულია, უფრო სწრაფად მოქმედებს და ზედოზირების რისკი მაღალია.
- დაბინძურებული სინთეზური ნარკოტიკები მოწმდება ბაზარზე? - სასაზღვრო პოლიციას მარტივად შეუძლია ტესტერებით გამოავლინოს ტრადიციული დრაგები. გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის გამო უფრო გახშირდა უხარისხო ნარკოტიკების მოხმარება, რადგან ბაზარი უკონტროლოა. დილერები ნარკოტიკს ხშირად ფენტალინშერეულს ყიდიან, რაც ზედოზირებით სიკვდილს იწვევს. დღე არ გავა, რამდენიმე შემთხვევა არ მოხდეს.- თუკი თავისუფლად იყიდება ყველაფერი, მკაცრი ნარკოპოლიტიკა რაში გამოიხატება?
- პოლიცია დევნის ნარკომომხმარებლებსა და ბარიგებს, მაგრამ ინტერნეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ფარულად გაყიდო და იყიდო ნარკოტიკები. ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფოს მიდგომა და სერვისები. ზოგიერთი სერვისი, ასე თუ ისე, მუშაობს. ერთ-ერთი ორგანიზაცია ჩვენ ვართ, "მანდალა", მაგრამ ჩვენი რესურსები ვერ სწვდება ამ მასშტაბის პრობლემას. ჩვენთან მოსულებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ პოლიცია აედევნება და დაიჭერს.
- როგორც ვიცი, მათ ტესტერებით ამარაგებთ?
- ის სეგმენტი, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, აქტიურად მოიხმარს ტესტერებს და ამოწმებს ნარკოტიკს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დატესტვის გარეშე მოიხმარენ. ჩვენ მხოლოდ თბილისში ვმუშაობთ, პრობლემა კი სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც მწვავედ დგას. თბილისსაც ვერ მოვიცავთ ისე, როგორც საჭიროა.
- მომხმარებელთა ასაკი გაახალგაზრდავდა?
- დიახ, გაახალგაზრდავების ტენდენცია შეინიშნება, ისევე როგორც ნარკოტიკების ხარისხის გაუარესება. მომხმარებლების ასაკი 15 წლიდან იწყება, ბევრია 16 წლის აქტიური მომხმარებელი. უფრო მეტი ბენეფიციარი 18-19 წლის არის. მათ ნარკოტიკის მოხმარების უკვე დიდი გამოცდილება აქვთ. მოზრდილებზე არაფერს ვამბობ.
- გამოქვეყნდა "მეტადონის" პროგრამაში ჩართულების რიცხვი, ვითარება რომ საგანგაშოა, აქედანაც ჩანს.
- "მეტადონის" პროგრამამ ბევრს სიცოცხლე აჩუქა, კრიმინალსა და ქუჩას მოსწყვიტა. აღარ უწევთ ფულის საშოვნელად სირბილი. ამ პროგრამის პაციენტების აუგად მოხსენიება არ შეიძლება. მათ დაავადება ჩამოუყალიბდათ და ისინი ჩვეულებრივი პაციენტები არიან.
- რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ინტერნეტით ყიდულობენ ნარკოტიკს?
- არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტით იყიდით, მეზობლისგან თუ ფონიჭალაში ჩახვალთ, გახსოვდეთ, ყველა ნარკოტიკი, მით უმეტეს, დაბინძურებული, ფენტალინშერეული, სახიფათოა სიცოცხლისთვის. ვურჩევ დატესტონ მაინც ტესტერებით, რომლებსაც ჩვენ უფასოდ ვარიგებთ. შეუძლიათ მოიტანონ მცირე რაოდენობით და იქვე დავტესტავთ. დატესტვის გარეშე მოხმარება სიკვდილთან თამაშია.
- თუ ვინმე კომაში ჩავარდა, როგორ უნდა მოიქცნენ გარშემო მყოფები?
- აუცილებლად გამოიძახონ სასწრაფო. არ შეეშინდეთ, რომ ამას სამართლებრივი დევნა მოჰყვება. ეს საკითხი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. სახელმწიფომ დახუჭა თვალი კანონდარღვევაზე, რადგან ამ დროს მეორე მხარეს არის ზედოზირებული პირი. ასეთ შემთხვევაში პოლიციას ეკრძალება დევნა როგორც ზედოზირებულის, ისე თანმხლების.
- როგორ უნდა მიხვდნენ, რომ ზედოზირებაა?
- ზედოზირება სხვადასხვა ჯგუფის ნივთიერებას სხვადასხვანაირი აქვს. ოპიოიდების დროს ადამიანი გონებას კარგავს და ნელ-ნელა სუნთქვას წყვეტს. მისი გამოფხიზლება შეჯანჯღარებით ან სხვა გზით შეუძლებელია. კონტაქტზე არ გამოდის არც ტკივილის მიყენებით, არც წყლის შესხმით. როცა ასეთი შემთხვევაა აუცილებლად უნდა გამოიძახონ სასწრაფო, წამები წყვეტს ყველაფერს. მეორე შესაძლებლობაა პრეპარატ "ნალოქსონის" ინიექცია კუნთში და ადამიანი მოსულიერდება. "ნალოქსონის" შეძენა ურეცეპტოდ შეიძლება. ესეც სამოქალაქო სექტორის მიღწევაა - ჩვენ მოვახერხეთ და სახელმწიფოს ამოვაღებინეთ რეცეპტორული სივრციდან. ვურჩევ ყველა მომხმარებელს, ეს პრეპარატი ჯიბეში ან სახლში ჰქონდეს. სხვათა შორის, ამ პრეპარატსაც ჩვენი ორგანიზაცია უფასოდ გასცემს. ამფეტამინური ჯგუფის სინთეტიკურ ნივთიერებაზე სახიფათო არაფერია. ის ფსიქიკურ აშლილობებსაც იწვევს. ამიტომ ფრთხილად იყვნენ.
მკაცრი ნარკოპოლიტიკის ბრალია, რომ სარდაფები და სკვერები სავსეა შპრიცებით. ურნამდე ვერ მიაქვთ და იქვე ყრიან, რადგან გზად თუ პოლიცია უპოვის, შეიძლება ციხეში მოხვდნენ. რაც მთავარია, სახელმწიფოს მიდგომა არ უნდა იყოს მხოლოდ დამსჯელობითი, ცოტა ფართოდ უნდა შევხედოთ ამ პრობლემას და განვიხილოთ სხვა ვარიანტებიც, თუ როგორ შეიძლება ნარკომანიას უფრო ეფექტიანად შევებრძოლოთ.