„ჩვენ ე.წ. აგენტების კანონის მიღება სწორედ ევროპული მომავლის დასაცავად გვინდოდა“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ ე.წ. აგენტების კანონის მიღება სწორედ ევროპული მომავლის დასაცავად გვინდოდა“

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ლიდერებს ურჩევენ, შეწყვიტონ დაპირისპირება და მეტი დრო დაუთმონ 12 რეკომენდაციის შესრულებას. როგორც საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ამბობენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ჯერ კიდევ აქვს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა. საქართველოს ევროკავშირის წევრად­ ხილვა რომ სურს, ამის შესახებ განაცხადა სულ ცოტა ხნის წინ სტუმრად ჩამოსულმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმაც. "ამიტომ ვარ აქ და ამას უჭერს მხარს ჩემი მთავრობა. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როცა ვნახე თბილისის ქუჩებში ქართველი მამაკაცები და ქალები ევროკავშირის დროშებით. ეს ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას", - აღნიშნა ბერბოკმა. რა გააკეთა მმართველმა გუნდმა დეპოლარიზაციისთვის, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გასაჯანსაღებლად, რა მიზანს ისახავდა ე.წ. აგენტების­ კანონი და როგორ აპირებს ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩაქრობას, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე გვესაუბრა:

- მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა დეპოლარიზაციისთვის. მას შემდეგ,­ რაც ევროპარლამენტარებმა 12-პუნქტიანი­ რეკომენდაციები მოგვცეს, ირაკლი კობა­ხიძემ განაცხადა, რომ ყველა თემაზე შექმნიდა სამუშაო ჯგუფს, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილისგან ამაზე ცივი უარი მივიღეთ. ჩვენი დაუღალავი მუშაობის მიუხედავად, ოპოზიციონერები ხალხს ატყუებდნენ,­ ვითომ სამუშაო ჯგუფები საზოგადოების თვალის ასახვევად შევქმენით­ და დასასვენებლად წავედით. არადა, პირადად მე არსადაც არ წავსულვარ,­ მთელი­ ზაფხული ვიმუშავე. ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებული­ ერთი მომენტი მინდა გაგახსენოთ - პროცედურის შემუშავება გადავწყვიტეთ და მე და მამუკა მდინარაძემ ყველა ოპოზიციური ჯგუფიდან მოვიწვიეთ აქტორები, ვისთანაც, წესით, უნდა გვემუშავა. ხატია დეკანოიძემ და პაატა მანჯგალაძემ თანხმობა განაცხადეს, მაგრამ მუშაობის დაწყება­მდე რამდენიმე საათით ადრე ორივემ უარი განაცხადა მოსვლაზე. გიორგი ვაშაძემ საჯაროდ თქვა, პაატა მანჯგალაძემ არ იცოდა, რომ არ უნდა მისულიყოო. ამის შემდეგ ხან ხაბეიშვილმა დააანონსა ცხელი­ შემოდგომა, ხან ზურა ჯაფარიძემ, რომლის განცხადებები სწორედ პოლარიზაციისკენ მიმართული იყო. დღემდე ასე მოქმედებენ. მიუხედავად იმისა, საკმარისზე მეტი მიზეზი მაქვს, მაინც მზად ვარ ნებისმიერ ოპოზიციონერთან ერთად­ მუშაობისთვის, მაგრამ არავინ იწუხებს თავს. მხოლოდ გენდერულ საკითხზე ვიმუშავეთ ოპოზიციის წევრებთან ერთად. 24 მარტს პარლამენტმა­ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსა­თვლელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისცა ხმა ამ დოკუმენტს. ერთადერთი, რაც ოპოზიციას აინტერესებს, რადიკალიზაციაა,­ რაც საფუძველშივე გამორიცხავს დეპოლარიზაციას.

- დამეთანხმებით, რომ ყველაზე­ დიდი პოლარიზება მაინც ე.წ აგენტების კანონმა­ გამოიწვია. რა მოლოდინი გქონდათ, როდესაც ამ კანონპროექტს აინიცირებდით?

- მთელ ამ ამბავში რადიკალიზაციის მუხტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხმატკბილებულმა განცხადებებმა შემოიტანა, რომ ამ თემაზე დისკუსია არ უნდა დაწყებულიყო. ჩვენს მოქალაქეებს დასკვნების გაკეთებამ ბურუსში, ხელის ცეც­ებით მოუწიათ. ეს ჩვენი ბრალიც არის. პრაქტიკულად, მათ არ ვესაუბრეთ, არ დავაზღვიეთ რისკები. უნდა გაგვეთვალა, რომ ოპოზიცია უკიდურესი რადიკალიზა­ციის მომხრეა და ყველაფერი შეეძლო ეკადრა.

- პრობლემას ხედავთ ოპოზიციის რადიკალიზაციაში და არა თავად კანონში?

- დიახ. პირველ მოსმენაზე ამ კანონს მხარი დავუჭირე იმ პირობით, რომ მეორე­ მოსმენაზე სიტყვა "აგენტი" ამოღებული იქნებოდა ტექსტიდან და საბოლოოდ დოკუმენტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნებოდა. ძნელი წარმოსადგენი იყო, თუ ოპოზიცია შეძლებდა საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ კანონის პირველი მოსმენა უდრის კანონის მიღებას.

- თქვენი შეფასებით, ვისგან და რისგან გვიცავდა ეს კანონი?

- უპირველესად რუსული საფრთხეებისგან, მაგრამ კანონი გავიწვიეთ იმიტომ, რომ საკუთარ ხალხთან დაპირისპირებად არ გვიღირდა. გამჭვირვალე დაფინანსება პირველ რიგში სწორედ რუსეთს არ აძლევდა ხელს. ახლა თქვენ მითხარით, დღეს რომ ეს კანონი ოპოზიციის დიდი მეცადინეობის შედეგად ჩავარდა, ვინ ისარგებლა ამით? კანონში არსად ეწერა, რომ კონკრეტულად დასავლეთიდან წამოსული თანხები უნდა გაკონტროლებულიყო. ერთ-ერთ მაგალითად ნამახვან-ჰესის პროექტის ჩაგდებაც იყო დასახელებული. ვინ არის ეჭვმიტანილი იმაში, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა ხელს არ აძლევს? მგონი, ამას ყველა ხვდება. ვინც ჩვენს ქვეყანაში რბილი ძალის ინტერესების გატარებას ცდილობს, უპირველესად მის ინტერესებშია დამალოს, თუ ვის რა დაფინანსება აქვს. სამწუხაროდ, როდესაც ქვეყანაში მწვავე ემოციური ფონია, საღი დასკვნების გასაკეთებლად დრო აღარ რჩება. ჩვენ ამ კანონის მიღება სწორედ ევროპული მომავლის დასაცავად გვინდოდა.

- მაშინ რატომ მოგვიწოდებდნენ დასავლელი პარტნიორები ამ კანონის მიღებაზე უარის თქმას და რატომ გაღიზიანდნენ რუსი იდეოლოგები მისი ჩაგდების გამო?

- ჩვენ რუსი პოლიტიკოსების განცხადებებზე ვერ ავაგებთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს.

- ძალიან ბევრი ოპოზიციონერი პოლი­ტიკოსი ამბობს, რომ "ოცნებას" ათწლიანი მმართველობის პერიოდში ერთი რუსი ჯაშუშიც კი არ გამოუვლენიაო.

- რომელიმე სხვა ხელისუფლების დროს რომ გამოვლინდა ხუთი ან ათი აგენტი, გგონიათ, ამდენივე აგენტი გამოაკლდა რუსულ სპეცსამსახურს?! ამ საკითხზე დასმულ კითხვებს პასუხები გაეცა პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, უსაფრთხოების საკითხზე გამართული მსჯელობისას და იქვე ითქვა, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე ანალიტიკური დაკვირვება.

- ალბათ, იცით, რომ მოსკოვის ბასმან­ნაიას რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინაში მებრძოლ "ქართული ლეგიონის" ოთხ წევრს.­ მებრძოლები შიშობენ, რომ საქართველოში­ ოჯახების მოსანახულებლად ჩამოსვლისას შესაძლოა საფრთხე დაემუქროთ. შეგიძლიათ თქვათ, რომ სახელმწიფო იზრუნებს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე?

- ცოტა ხნის წინ შავ დღეში გვაგდებდნენ, საქართველოს ხელისუფლება უკრაინას ისე არ უჭერს მხარს, როგორც საჭიროაო. ახლა ზოგიერთი თავს იწონებს იმით, რომ ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ ოთხასამდე დოკუმენტი წარადგინა, მაშინ როდესაც ბევრმა სხვა ქვეყანამ ეს ვერ გაბედა. ერთი უკრაინელი დიპლომატი რომ გვამუნათებდა, ჯაყვა რა არის, ისიც კი არ გადმოუცია საქართველოსო, ახლა თქვას, ჯაყვა უფრო მნიშვნელოვანია თუ ის ოთხასი დოკუმენტი? სულ გვედავებოდნენ, ანტისაოკუპაციო პოლიტიკას არ ატარებთო. არადა, თეა წულუკიანმა უდიდესი შრომა გასწია, რომ სტრასბურგს 2021 წლის 21 იანვარს ის გადაწყვეტილება გამოეტანა, რაც გამოიტანა.

- ბატონო მიხეილ, რუსეთის მიერ დევნილ ქართველ მებრძოლებზე გეკითხებით.

- საქართველოში არის ის სიტუაცია, რომ უკლებლივ ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული. არ მინდა ვიღაცებს ჩემი სიტყვების ინტერპრეტირების საშუალება მიეცეს, ამიტომ ვამბობ ასე ზოგადად.

- იზიარებთ თუ არა თქვენი გუნდის­ ზოგიერთი წევრის პოზიციას, რომლებიც ამბობენ, რომ თუ ევროკავშირი სტატუსს არ მოგვცემს, თავისთვის დაიტოვოს, ან ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპაო?

- ერთი ევროპარლამენტარი ჩვენ გვახსენებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს პრიორიტეტია. არადა, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დაწერილია­ ეგ მუხლი. კითხვაზე, რა არის ჩვენი კურსი, პასუხი მარტივია - ევროინტეგრაცია. ეს არის ისტორიული კანონზომიერება და ის უფრო ღირებულია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის გადაწყვეტილება, მათ შორის ევროპარლამენტის. როდესაც ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ სურთ, გულისხმობენ, რომ არ სურთ ისეთი ევროპა, რომელიც საბჭოთა კავშირივით მონურ მორჩილებას ითხოვს. აი, ამაში ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები. ევროპა იმიტომ გვინდა, რომ მონური მორჩილება არავინ მოგვთხოვოს.

- რაში გამოიხატება მონური მორჩილების მოთხოვნა?

- ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ევროპამ ცალ ფეხზე დგომაც რომ მოგვთხოვოს, უნდა დავდგეთ, რათა სტატუსი მივიღოთ. ახლა ოპოზიციამ და მათმა გულშემატკივარმა ევროპარლამენტარმა ცალ-ცალკე გაყვეს საკითხი - ხალხს კი ეკუთვნის, მაგრამ ხელისუფლებას არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსიო. სინამდვილეში ქვეყანა ან იმსახურებს, ან არ იმსახურებს სტატუსს. ეს თქვა ანალენა ბერბოკმა, ვერ მოხერხდება ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა, ორივე ერთად ან არ იმსახურებს, ან იმსახურებს სტატუსსო.

ზოგიერთი ევროპარლამენტარი სააკაშვილს გულშემატკივრობს და ამისთვის იყენებს ევროკავშირის კანდიდატის მოცემა-არმოცემის საკითხს. ეს არ არის ევროპული ქცევა. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რეალური შედეგის მისაღებად, მაგრამ არიან პირები, რომლებიც სააკაშვილზე ამბობენ, დემოკრატიის შუქურააო. არადა, ძალიან კარგად იციან, თუ რა ცოდვის ტრიალი იყო ქართულ ციხეებში. ასეთ ადამიანებთან როგორ ვიმუშაოთ? თუმცა არიან ისეთები, რომლებთანაც ვმუშაობთ, და მათ სჯერათ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ხათუნა ბახტურიძე